88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მწერალი მარინა ვლადი გარდაიცვალა. ის ევროპული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო, რომლის შემოქმედებითი ცხოვრება თითქმის მთელი ეპოქის განმავლობაში გაგრძელდა.
მარინა ვლადი 1938 წელს საფრანგეთში, რუსი ემიგრანტი ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კატრინ მარინა დე პოლიაკოფ-ბაიდაროვი იყო. მამა საოპერო მომღერალი გახლდათ, დედა — ბალერინა. ოთხივე და ხელოვნების სამყაროს დაუკავშირდა.
მარინამ კინოში თამაში ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ის მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ ჟან-ლუკ გოდარი, ორსონ უელსი, მარკო ფერერი და ბერტრან ტავერნიე. 1963 წელს კი მარკო ფერერის ფილმში „Le Lit conjugal“ შესრულებული როლისთვის კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.

ვლადი მხოლოდ მსახიობი არ ყოფილა — ის მღეროდა, წერდა წიგნებს და ათწლეულების განმავლობაში თეატრის სცენაზეც თამაშობდა.
მისი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი უკავშირდება პოეტსა და მომღერალ ვლადიმირ ვისოცკის, რომელიც მისი მესამე ქმარი გახლდათ. მათი ურთიერთობა 1970 წელს ქორწინებით დასრულდა და ვისოცკის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე გაგრძელდა. მოგვიანებით ვლადიმ ამ ურთიერთობას წიგნი „ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა“ მიუძღვნა.
მარინა ვლადი 2026 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ის საკუთარ სახლში, ახლობლებისა და საყვარელი ცხოველების გარემოცვაში იმყოფებოდა.
მარინა ვლადი სამჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული.
მისი პირველი ქმარი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი გახლდათ. მათ ორი ვაჟი შეეძინათ — იგორი და პიერი.

მეორე ქმარი ფრანგი ავიატორი და მეწარმე ჟან-კლოდ ბრუიე იყო. ამ ქორწინებიდან ვლადის მესამე ვაჟი — ვლადიმირი შეეძინა.

მესამედ კი ცნობილ პოეტზე, მსახიობსა და მომღერალზე ვლადიმირ ვისოცკიზე დაქორწინდა 1970 წელს და 10 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ ვისოცკის გარდაცვალებამდე. საერთო შვილი არ ჰყოლიათ.

ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ მარინა ვლადის ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფრანგ ექიმთან, ონკოლოგ ლეონ შვარცენბერგთან. ისინი დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში იყვნენ ერთად, თუმცა ოფიციალურად არ დაქორწინებულან.
მისი ცხოვრების, სიყვარულისა და შემოქმედების შესახებ ბევრი რამ თავად ვლადის სიტყვებში დარჩა. გავიხსენოთ მისი რამდენიმე ყველაზე გამორჩეული გამონათქვამი.

წლების შემდეგ მსახიობი ამბობდა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრება ჰქონდა:
„ვწერ. თეატრში ვთამაშობ. პარიზიდან ერთი საათის სავალზე ვცხოვრობ, მარტო. იშვიათად გავდივარ. ძალიან შინაგანი ცხოვრება მაქვს. თავიდან ვკითხულობ რუსულ კლასიკას — პირველ რიგში, ჩემს საყვარელ ჩეხოვს. კინოს თითქმის აღარ ვუყურებ, ახლა მუსიკა უფრო მიზიდავს. ზოგჯერ კონცერტებზე დავდივარ. ბაღი მაქვს და მას თითქმის მთლიანად თავად ვუვლი, მებაღის დახმარების გარეშე.“
ვლადი ამბობდა, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულ საიდუმლოებებს არ ეძებდა და ფიზიკურ აქტივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
„უპირველეს ყოვლისა, მოწევას დავანებე თავი — ძალიან დიდი ხნის წინ. მოწევა კანისთვის საზიანოა. დღემდე ვვარჯიშობ. ახლა მხოლოდ ველოსიპედით დავდივარ, მაგრამ ყოველდღე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ადამიანმა ფეხით მაინც უნდა იაროს.“
პლასტიკურ ქირურგიაზე კი საკმაოდ კატეგორიული შეხედულება ჰქონდა:
„პლასტიკურ ოპერაციებს არ ვაღიარებ. მათი შემდეგ ადამიანის ყურება შეუძლებელია.“
მსახიობის პროფესიის შესახებ კი ამბობდა:
„სცენაზე გარდასახვა მსახიობისთვის შესანიშნავი ვარჯიშია.“

მიუხედავად კინოში ხანგრძლივი და წარმატებული კარიერისა, ვლადისთვის თეატრს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
მსახიობი იხსენებდა, რომ მამას ვაჟი სურდა და მისმა აღზრდამ მის ხასიათზეც იმოქმედა:

ვლადის სამი ვაჟი ჰყავდა და მათზე საუბრისას ამბობდა:
ვლადის ცხოვრება წარმატებასთან ერთად არაერთ მძიმე პერიოდსაც მოიცავდა. თავად საკუთარ გზას ასე აღწერდა:

„მთელი ცხოვრება შრომაა. არის მძიმე მომენტებიც და კარგიც. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაქვს: ჯანმრთელობა, სამუშაო — ყველაფერი რიგზეა. ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ აქვთ. მართალია, ჩემს ცხოვრებაში ბედნიერებასა და ტრაგედიას შორის უზარმაზარი ამპლიტუდაა. ვფიქრობ, თუ ცხოვრება თანაბარი და მშვიდია, მოსაწყენია. ამიტომ ჩემს ამპლიტუდას ვირჩევ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ის საშინელ მდგომარეობაშიც მაგდებს.“