ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ასახელებს იმ 5 ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე 3 თვით ადრე უნდა გაითვალისწინოს:
ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ სამი თვით ადრე, წყვილმა უარი უნდა თქვას თამბაქოს, მარიხუანის (ან სხვა მოსაწევი საშუალებების) და ალკოჰოლის მოხმარებაზე, რათა ორგანიზმი გაჯანსაღდეს. ვინაიდან სპერმის სრულ განახლებას სამი თვე სჭირდება, მავნე ჩვევების გამორიცხვა სწორედ ამ პერიოდიდანაა საჭირო.
ამავე პერიოდში ქალბატონებმა დღეში 400-500 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღონ. ფოლიუმის მჟავა ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ამცირებს.
აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება და მინიმუმ 8-საათიანი სრულფასოვანი ძილი. ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. ჭარბი წონისა თუ მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) არსებობისას, წონის დაკლება და კორექტირებაა საჭირო. ხოლო წონის დეფიციტის დროს, წონის მომატებაა რეკომენდებული. ამ საკითხზე ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მკურნალ ექიმს მიმართოთ.
ქალებმა სრული გინეკოლოგიური სკრინინგი უნდა ჩაიტარონ. ამისთვის შეგიძლიათ, ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს მიმართოთ.
მამაკაცებმა სპერმის ანალიზი უნდა ჩაიტარონ.