"ყავა ტვინს კი არ კვებავს, ის დაღლილობის სიგნალს ბლოკავს დროოებით... მხნეობას მალევე მოჰყვება ჩამოშლა" - ქართველი პროფესორი ყავის სწორად მიღებას გასწავლით - მშობლები

"ყავა ტვინს კი არ კვებავს, ის დაღლილობის სიგნალს ბლოკავს დროოებით... მხნეობას მალევე მოჰყვება ჩამოშლა" - ქართველი პროფესორი ყავის სწორად მიღებას გასწავლით

2026-09-26 09:44:05+04:00

ყავა ბევრისთვის დილის განუყოფელი ნაწილია — ზოგი მას გამოფხიზლებისა და ენერგიის წყაროდ მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ორგანიზმისთვის საზიანოა. ხშირად გვესმის ისიც, რომ ყავა თავის ტვინის სტიმულაციას იწვევს და ყოველი ფინჯნის შემდეგ აუცილებლად ბევრი წყალი უნდა დავლიოთ. რა ხდება სინამდვილეში ორგანიზმში კოფეინის მიღებისას, როდის ჯობს ყავის დალევა და როგორ უნდა მივიღოთ ის სწორად?

ამის შესახებ ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პროფესორი კახა ნურალიძე საუბრობს:

რას აკეთებს კოფეინი თავის ტვინში

„ამბობენ, რომ ყავა იწვევს თავის ტვინის სტიმულაციას. ასევე ამბობენ, რომ ყავის შემდეგ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით წყალი. ასევე ზოგს ჰგონია, რომ ყავა არის ძალიან კარგი ორგანიზმისთვის, ზოგს, პირიქით, რომ ის არის ძალიან ცუდი.

კოფეინი ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს. ადენოზინი გახლავთ დაღლილობის მოლეკულა, რომელიც გროვდება ორგანიზმში მანამ, სანამ თქვენ ღვიძავთ და ეუბნება ტვინს: დროა დაიძინო.

კოფეინი იკავებს ადენოზინის ადგილს და ბლოკავს ამ ეგრეთ წოდებულ დაღლილობის სიგნალს. შესაბამისად, ის ტვინს კი არ კვებავს, ყავა ტვინს კი არ კვებავს, პირიქით, ის ბლოკავს ამ სიგნალს, რის შედეგადაც ადამიანი თავს გრძნობს უფრო მხნედ, ადამიანი არის უფრო აქტიური, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.

ყავა, შესაბამისად, იძლევა პიკს, მხნეობის პიკს, რომელსაც მალევე მოჰყვება ჩამოშლა და დაღლილობის კიდევ უფრო გაძლიერება. და ამას მოჰყვება მეორე ფინჯანი ყავა, ასევე რაღაც ტკბილი, ვითომ ენერგიის მოსამატებლად და, შესაბამისად, ჩვენ ვდგებით ძალიან არასახარბიელო სურათის წინაშე.

მე თქვენ არ მოგიწოდებთ, რომ უარი თქვათ ყავაზე. პირიქით, ის სწორად უნდა მიიღოთ. მე თქვენ გაწვდით ალგორითმებს და იმ წესებს, რაც აუცილებლად გამოგადგებათ და თქვენს ცხოვრებას ბევრად კომფორტულს გახდის.

პირველი წესი — არ დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე

პირველი წესი: არ დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე. დილით კორტიზოლის, ეგრეთ წოდებული სტრესის ჰორმონის, კონცენტრაცია ისედაც მაღალია და კორტიზოლი თქვენ გაძლევთ ენერგიას, ხოლო ყავა ბლოკავს და ამცირებს კორტიზოლისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას.

თქვენ უნდა მიირთვათ ყავა გაღვიძებიდან ერთი-ერთნახევარი საათის შემდეგ.

მეორე წესი — მარცვლოვანი, ახლად მოხარშული ყავა

მეორე წესი: უნდა მიირთვათ მხოლოდ მარცვლოვანი, ახლად მოხარშული ყავა.

ხსნადი ყავა საერთოდ ყავა არ არის, ის შეიცავს მხოლოდ კოფეინს, მასში არაფერი სასარგებლო არ გვაქვს, იქ არის ქიმია, იქ არის არომატიზატორები, რაც ძალიან მავნე ზემოქმედებას იწვევს თქვენს ორგანიზმზე.

მესამე წესი — შაქრისა და რძის გარეშე

მესამე წესი: სვამთ ყავას შაქრისა და რძის გარეშე.

ყავაში ჩასმული რძე — ეს გახლავთ კაზეინი და ინსულინური პასუხი ორგანიზმის მხრიდან.

გინდათ, რომ ყავამ სინამდვილეში ჩართოს თქვენი თავის ტვინი და გახდეთ ბევრად უფრო პროდუქტიული? მაშინ მასში რძის ნაცვლად დაამატეთ ისეთი კარაქი, რომელიც შეიცავს ეგრეთ წოდებულ სასარგებლო ცხიმებს, ანუ საშუალო სიგრძის ჯაჭვების მქონე ტრიგლიცერიდებს.

ის მიდის პირდაპირ ღვიძლში და იქ გარდაიქმნება კეტონებად, ხოლო კეტონები ეს გახლავთ პირდაპირი საწვავი ნეირონებისთვის, თავის ტვინი იწყებს ბევრად უკეთ ფუნქციონირებას, ჩქარდება მეტაბოლიზმი, ხდებით გაცილებით ენერგიული და უკვე სხვა ადამიანი ხართ.

უნდა დავაყოლოთ თუ არა ყავას წყალი?

და ბოლოს, უნდა დავაყოლოთ ყავას წყალი თუ არა?

ყავა გახლავთ რბილი დიურეზული საშუალება. ერთ-ორ ფინჯანს ორგანიზმი თვითონვე ერევა, მაგრამ თითოეული შემდეგი ფინჯანი მოითხოვს მინიმუმ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებას.

და ასევე, თუ თქვენ დილით ვერ იღვიძებთ კოფეინის გარეშე, მაშინ მე თქვენთვის არ მაქვს კარგი ინფორმაცია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია გამოსაკვლევია და აუცილებელია, რომ ის იყოს ნორმაში მოყვანილი“, — ამბობს პროფესორი კახა ნურალიძე.

არ დაასხათ ადუღებული წყალი - როგორ უნდა დალიოთ ხსნადი ყავა