"მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომ მოსწავლე გამოარჩიოს. როგორც არ უნდა სწავლობდეს, როგორი ქცევაც არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა გამოარჩიოს, ან გარიყოს" - ცნობილი პედაგოგი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

"მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომ მოსწავლე გამოარჩიოს. როგორც არ უნდა სწავლობდეს, როგორი ქცევაც არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა გამოარჩიოს, ან გარიყოს" - ცნობილი პედაგოგი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

2026-09-27 15:06:00+04:00

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პედაგოგი ციალა რუსია, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვების განათლებასა და აღზრდას მიუძღვნა. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში იგი ათწლეულების განმავლობაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და სასწავლო ნაწილის გამგეც იყო.

ციალა რუსიასთვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ ყოფილა. წლების წინ ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ „ამქვეყნად ასჯერ რომ მოვიდეს, ასჯერვე პედაგოგობას აირჩევდა“. მასწავლებლის მთავარ ძალად კი ბავშვების გულწრფელ და უანგარო სიყვარულს მიიჩნევდა.

„სიყვარული, სიყვარული, სიყვარული... ყველა მასწავლებელს ვთხოვ, გულით შეიყვარეთ ბავშვები. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომ მოსწავლე გამოარჩიოს. როგორც არ უნდა სწავლობდეს, როგორი ქცევაც არ უნდა ჰქონდეს, მასწავლებელმა არ უნდა გამოარჩიოს, ან გარიყოს. ბავშვი არის ბავშვი... ცოტა ხნის წინ ჩემი კოლექტივის წევრებმა პატივი დამდეს და დაბადების დღე რესტორანში გადამიხადეს. იქ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლეც იყო. მკითხეს, რაშია ჩემი დღეგრძელობის საიდუმლო. ჩემმა მოსწავლემ კი ჩემს ნაცვლად უთხრა: "ორიანს არასოდეს წერდაო". ორიანის წერა არ მიყვარდა... მოსწავლეობის დროს ვხედავდი, ჩემი მეგობრები ამაზე როგორ ნერვიულობდნენ. მაშინ პატარა ვიყავი და ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ თუ პედაგოგი გავხდებოდი, ბავშვებს ორიანით არ გავამწარებდი. ეს პირობა შევასრულე...“, — ამბობდა ციალა რუსია.

მისი ყოფილი მოსწავლეები დღეს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ მასწავლებელს, რომლის გაკვეთილებიც, მათი თქმით, მხოლოდ ინგლისური ენის სწავლა არ ყოფილა.

"დამწყვიტე გული, ჩემო და ჩვენო ანგელოზო ადამიანო, ვეებერთელა პედაგოგო და უკეთილშობილესო, უსაყვარლესო, უთბილესო და უსათნოესო ციალა მასწავლებელო, ჩვენო ლეგენდარულო „მისის ციალა“, მისის ციალა რუსია.ადამიანმა, რომელმაც ეპოქა შექმნა ჩვენს უსაყვარლეს სოხუმის შ. რუსთაველის საუკეთესო სკოლაში და დაუტოვა თაობებს არა მარტო ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნა, არამედ კაცთმოყვარეობის, ჰუმანურობის, სიყვარულისა და მაღალი ზნეობის უდიდესი მაგალითი. პირადად მე და, დარწმუნებული ვარ, კიდევ ათასობით მისი აღზრდილი ჩამოყალიბდა და განვითარდა მისი წყალობით სულიერად და ინტელექტუალურად უმაღლეს დონეზე.გასულ წელს, რომ მოგილოცეთ 90 წლის იუბილე მე და ჩემმა საყვარელმა მეგობარმა თანაკლასელებმა, განსაკუთრებით გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ შენთან ჩატარებული გაკვეთილი, შეხვედრა, საუბარი და ა.შ. ენით აუწერელი ზეიმი იყო-თქო და როგორ გიხაროდა.წიგნი დაიწერება შენს ადამიანობაზე, მოღვაწეობასა და ღვაწლზე, ჩვენო უსაყვარლესო ციალა მასწ., ჩემო და ჩვენო იგივე მშობელო დედა.გატანთ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას იმიერში ჩემს საყვარელ მეგობარ თანაკლასელებთან, სკოლელებთან, პედაგოგებთან, ყველა სოხუმელთან, შენს ბრწყინვალედ აღზრდილ მთელი თაობების უზარმაზარ არმიასთან და გაანათლოს უფალმა შენი ულამაზესი, უკეთილშობილესი და უსპეტაკესი სული." - წერს მისი მოსწავლე მალხაზ აჯიაშვილი.

თუ მოსწავლეს მასწავლებლის ეშინია, ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს... ვიცოდი, თუ მასწავლებელი გავხდებოდი, ბავშვებს ორიანით არ გავამწარებდი