დეპრესიის ნიშნები ბავშვებში - ის მხოლოდ უფროსების და მოზარდების პრობლემა არაა - მშობლები

დეპრესიის ნიშნები ბავშვებში - ის მხოლოდ უფროსების და მოზარდების პრობლემა არაა

2026-09-28 09:04:25+04:00

დეპრესია მხოლოდ ზრდასრულები ან მოზარდების პრობლემა არ არის. დეპრესიული აშლილობა შეიძლება ბავშვობაშიც განვითარდეს, თუმცა მისი ამოცნობა ყოველთვის ადვილი არ არის. ბავშვი შეიძლება საერთოდ არ ამბობდეს, რომ მოწყენილია ან თავს ცუდად გრძნობს. ზოგჯერ პრობლემა სრულიად სხვაგვარად ვლინდება — გაღიზიანებით, სწავლის გაუარესებით, მუდმივი დაღლილობით, მეგობრებისგან ჩამოშორებით, მადის ცვლილებით ან ხშირი ფიზიკური ჩივილებით.

ერთი ასეთი ნიშანი თავისთავად დეპრესიას არ ნიშნავს. ბავშვები იზრდებიან, იცვლებიან, პერიოდულად განიცდიან სტრესს, იღლებიან, ეცვლებათ ინტერესები და განწყობა. ყურადღება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც ცვლილებები მკვეთრია, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება, ერთდროულად რამდენიმე სფეროს ეხება და ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე - სწავლაზე, ურთიერთობებზე, ძილსა თუ ჩვეულ საქმიანობაზე - აისახება.

1. მოულოდნელად გაუარესდა სწავლა

დეპრესიის დროს შეიძლება გაუარესდეს ყურადღების კონცენტრაციის უნარი. ბავშვს უჭირს მასწავლებლის მოსმენა, წაკითხულის გააზრება, დავალების შესრულება და ინფორმაციის დამახსოვრება.

თუ ბავშვი, რომელსაც მანამდე სწავლა არ უჭირდა, მოულოდნელად გაცილებით დაბალ შეფასებებს იღებს, ამის მიზეზით დაინტერესება ღირს.

ამასთან, ბავშვი შეიძლება საერთოდ არ უჩიოდეს ცუდ განწყობას. ზოგჯერ თვითონაც ვერ ხვდება, რა ემართება და მხოლოდ იმას გრძნობს, რომ „თავი აღარ მუშაობს“, ვეღარ აზროვნებს ისე სწრაფად და ვეღარ აკეთებს იმას, რასაც ადრე ადვილად უმკლავდებოდა.

2. საკმარისად სძინავს, მაგრამ მაინც მუდმივად დაღლილია

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ძილის რეჟიმში ცვლილებებს. დეპრესიის დროს ზოგიერთ ბავშვს ძილიანობა ემატება და დღისითაც იწყებს ძილს, სხვას კი პირიქით — ერღვევა ძილი, შუაღამისას ან ძალიან ადრე იღვიძებს და ხელახლა დაძინება უჭირს.

შესაძლებელია ბავშვმა თითქოს საკმარისი საათიც დაიძინოს, მაგრამ დილით მაინც გამოუძინებელი და გამოფიტული გაიღვიძოს. მუდმივი დაღლილობა კი თავის მხრივ სწავლაზე, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ აქტივობაზე მოქმედებს.

3. ხშირად ამბობს, რომ არავის სჭირდება

განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ბავშვი ხშირად იმეორებს:

„არავის ვუყვარვარ“;

„არაფერი გამომდის“;

„არაფერს წარმოვადგენ“;

„ყველაფერი უაზრობაა“;

„ჩემგან არაფერი გამოვა“.

ასეთი ფრაზები უბრალოდ „ცუდ ხასიათად“ არ უნდა მივიჩნიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ხშირად მეორდება. საკუთარი თავის მუდმივი გაუფასურება და უიმედობის განცდა დეპრესიის ერთ-ერთი შესაძლო ნიშანია.

4. მეგობრებს ჩამოშორდა

დეპრესიის დროს ადამიანს ხშირად უჩნდება განმარტოების სურვილი. ბავშვმა შეიძლება შეწყვიტოს მეგობრებთან შეხვედრა, აღარ უპასუხოს შეტყობინებებს, აღარ მოუნდეს სტუმრად წასვლა ან იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებთანაც ადრე სიამოვნებით ატარებდა დროს.

ზოგჯერ პროცესი ორმხრივიც ხდება: როდესაც ბავშვი მუდმივად თავს არიდებს ურთიერთობას, თანატოლებიც თანდათან ნაკლებად ცდილობენ მასთან დაკავშირებას.

5. აღარ უნდა გეგმების შედგენა და აღარ ელოდება სასიამოვნო მოვლენებს

დეპრესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმ საქმიანობისადმი ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა, რომელიც ადრე ბავშვს ახარებდა.

ბავშვები ზოგჯერ ბუნებრივად იღლებიან სკოლით, მეგობრებით, წრეებითა თუ ყოველდღიური რუტინით. ეს თავისთავად საგანგაშო არ არის.

უფრო საყურადღებოა მდგომარეობა, როდესაც ბავშვს აღარ ახარებს ისიც, რაც ადრე სტრესის მოხსნაში ეხმარებოდა. აღარ აინტერესებს, სად წახვალთ არდადეგებზე, აღარ უხარია კინოში, სასეირნოდ ან გასართობად წასვლის პერსპექტივა, აღარ გეგმავს მომავალს და აღარ ელოდება ადრე საყვარელ მოვლენებს.

ზოგჯერ ბავშვს თვითონაც აწუხებს ეს ცვლილება — მას სურს, ისევ ისე გაუხარდეს რაღაცები, როგორც ადრე, მაგრამ ამას ვეღარ ახერხებს.

6. მასთან საუბარი ძალიან გართულდა

ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესია ყოველთვის სევდიანი სახითა და ჩუმად ყოფნით არ ვლინდება. ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება იყოს გაღიზიანება, ბრაზი და განწყობის ხშირი ცვლილება.

თუ ბავშვთან მშვიდი საუბარი თითქმის შეუძლებელი გახდა, უმნიშვნელო საკითხებზეც ფეთქდება, მუდმივად გაღიზიანებულია და ასეთი ქცევა მისთვის უჩვეულოა, ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ ახლავს ამას სხვა ცვლილებებიც — ძილის დარღვევა, დაღლილობა, განმარტოება ან ინტერესების დაკარგვა.

7. კარგი მოგონებებიც აღარ ახარებს

დროებითი მოწყენილობა და დეპრესია ერთი და იგივე არ არის.

მოწყენილ ბავშვს ხშირად შეუძლია სასიამოვნო მოგონებამ განწყობა ოდნავ მაინც გამოუკეთოს. შეიძლება გაახსენოთ მოგზაურობა, დაბადების დღე, მეგობრებთან გატარებული კარგი დღე და მას ამაზე საუბარი გაუხარდეს.

დეპრესიის დროს კი ადამიანს ზოგჯერ უჭირს როგორც წარსულში განცდილი სიხარულის ემოციურად გახსენება, ისე იმის წარმოდგენა, რომ მომავალში კვლავ კარგად იგრძნობს თავს.

8. ჩვეულებრივზე ხშირად ტირის

ტირილი ემოციების გამოხატვის სრულიად ბუნებრივი ფორმაა. ამიტომ ბავშვის ტირილი თავისთავად პრობლემაზე არ მიუთითებს.

თუმცა თუ ბავშვი, რომელიც ადრე იშვიათად ტიროდა, ბოლო პერიოდში ხშირად და თითქოს უმნიშვნელო მიზეზით ტირის, ყურადღება მიაქციეთ სხვა ნიშნებსაც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლავს თუ არა ამას ინტერესის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობა, განმარტოების სურვილი, ძილის ან მადის ცვლილება.

9. არ სურს, რომ დაამშვიდონ

როდესაც ადამიანი მოწყენილია ან რაღაცამ ატკინა გული, ჩვეულებრივ ახლობლის თანადგომა გარკვეულ შვებას მაინც აძლევს.

დეპრესიის დროს ბავშვმა შეიძლება მშობლის მხარდაჭერაც კი უარყოს — არ მოუნდეს ჩახუტება, საუბარი ან დამშვიდება. ზოგჯერ ამის მიზეზი ის არის, რომ თვითონაც გრძნობს: ჩვეულებრივი ნუგეში მის მდგომარეობას ვერ ცვლის.

10. ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდა

ინტერესის დაკარგვა მხოლოდ სკოლას არ ეხება.

ბავშვს შეიძლება აღარ აინტერესებდეს სპორტი, მუსიკა, თამაშები, მეგობრები, ფილმები, სოციალური აქტივობები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა არა ერთი კონკრეტული ჰობის მიტოვება, ინტერესების შეცვლა ასაკთან ერთად ბუნებრივია, არამედ თითქმის ყველაფრისადმი ერთდროული გულგრილობა.

11. მკვეთრად შეეცვალა მადა

დეპრესიას ზოგჯერ მადის ცვლილებაც ახლავს. ერთ ბავშვს შეიძლება მადა მნიშვნელოვნად დაუქვეითდეს, მეორემ კი პირიქით — ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ჭამა დაიწყოს.

საყურადღებოა მკვეთრი და ხანგრძლივი ცვლილება, განსაკუთრებით თუ მას სხვა ნიშნებიც ახლავს — ძილის დარღვევა, დაღლილობა, გაღიზიანება, განმარტოება ან ინტერესის დაკარგვა.

12. ხშირად უჩივის სხვადასხვა ტკივილს

„მუცელი მტკივა“, „თავი მტკივა“, „ცუდად ვარ“ — ბავშვებში ემოციური პრობლემები ზოგჯერ ფიზიკური ჩივილებითაც ვლინდება.

რა თქმა უნდა, განმეორებადი ტკივილი პირველ რიგში სამედიცინო მიზეზების გამორიცხვას საჭიროებს და ავტომატურად დეპრესიას არ უნდა მივაწეროთ. მაგრამ თუ გამოკვლევებით აშკარა ფიზიკური მიზეზი არ ჩანს და ამავე დროს ბავშვის ქცევა და ემოციური მდგომარეობაც შეიცვალა, ფსიქოლოგიური ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

13. ოჯახში დეპრესიის შემთხვევები ყოფილა

დეპრესიის განვითარების რისკზე გენეტიკური ფაქტორებიც მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის ისტორიაც.

შესაძლოა ოჯახის წევრს ოფიციალური დიაგნოზი არასოდეს ჰქონოდა, მაგრამ წარსულში ხანგრძლივად აღენიშნებოდა დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასეთი ოჯახური ისტორია არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად განუვითარდება დეპრესია, თუმცა რისკის შეფასებისას ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

ერთი ან ორი ცალკეული ცვლილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ბავშვს დეპრესია აქვს. განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში განწყობის, ძილის, ურთიერთობებისა და ინტერესების გარკვეული ცვლილებები ბუნებრივიცაა.

მაგრამ თუ ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, ნიშნები არ ქრება, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ან ხელს უშლის სწავლაში, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ბავშვი საუბრობს სიკვდილზე, ამბობს, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს, სურს გაქრობა, საკუთარ თავს ზიანს აყენებს ან თვითდაზიანებაზე/თვითმკვლელობაზე საუბრობს. ასეთ შემთხვევაში დახმარებ არ უნდა გადადოთ.

მთავარია, ბავშვის ქცევა მხოლოდ „სიზარმაცედ“, „რთულ ასაკად“ ან „ხასიათის ცვლილებად“ არ მივიჩნიოთ. ზოგჯერ სწორედ ქცევის ცვლილებაა ის გზა, რომლითაც ბავშვი გვაჩვენებს, რომ დახმარება სჭირდება.

არ მინდა, არ გავაკეთებ... - როგორ მივხვდეთ, ბავშვს ასაკობრივი კრიზისი აქვს თუ უბრალოდ, მშობლების თავის ჭკუაზე ტარებას ცდილობს?