აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2027 წელი წითელი ცეცხლოვანი თხის (ასევე, ცხვრის) წელიწადია. მიიჩნევა, რომ ამ წლის ენერგეტიკა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც სამყაროს ოპტიმიზმით უყურებს და სირთულეებს არ უშინდება.
აღმოსავლური კალენდარი მზისა და მთვარის ციკლებს ეფუძნება და ორ ძირითად სისტემას აერთიანებს. პირველი 10-წლიან ციკლს მოიცავს, რომელშიც თითოეულ წელს ხუთი სტიქიიდან ერთ-ერთი - ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი ან წყალი - და ინისა თუ იანის ენერგია შეესაბამება.
მეორე ციკლი 12 წელს მოიცავს. ამ პერიოდში თითოეულ წელს კონკრეტული მფარველი ცხოველის ნიშანი ენიჭება. ცხოველის, სტიქიისა და ენერგიის ეს კომბინაცია სრულად 60 წელიწადში ერთხელ მეორდება.
ამ სისტემაში მნიშვნელოვან როლს იუპიტერი და მზის გარშემო მისი მოძრაობა ასრულებს. პლანეტას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად, დაახლოებით, დედამიწის 12 წელი სჭირდება. იუპიტერის 12 პოზიციიდან თითოეული კონკრეტულ ცხოველს შეესაბამება.

ამ კანონზომიერების მიხედვით, 2027 წელი თხის ნიშნით ჩაივლის, მისი მმართველი სტიქია კი ცეცხლი იქნება.
ჩინურ ენაში ერთი და იგივე იეროგლიფი როგორც თხას, ისე ცხვარს აღნიშნავს, რის გამოც ზოგიერთ წყაროში 2027 წელი ცხვრის წელიწადადაც მოიხსენიება. წითელი ცეცხლოვანი თხის წელიწადი ბოლოს 1907 და 1967 წლებში იყო.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, წლის დასაწყისი და დასასრული გრიგორიანული კალენდრის თარიღებს არ ემთხვევა. ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით, ზამთრის მზებუდობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობაზე იწყება. შესაბამისად, ცეცხლოვანი თხის წელი 2027 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 2028 წლის 25 იანვარს დასრულდება.
აღმოსავლურ კულტურაში ამ კალენდარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მიიჩნევა, რომ ადამიანის დაბადების წლის მფარველი ცხოველი მის ხასიათსა და ცხოვრებისეულ გზაზეც ახდენს გავლენას.

აღმოსავლურ ტრადიციაში თხა მშვიდობის, ჰარმონიის, თანაგრძნობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ასტროლოგთა შეფასებით, 2027 წელი შედარებით მშვიდად ჩაივლის. ვინაიდან თხას მკვეთრი ცვლილებები არ უყვარს, სპეციალისტები საცხოვრებლის შეცვლისა და სამსახურის დატოვებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. ამის ნაცვლად, უმჯობესია, ყურადღება შემოქმედებით საქმიანობასა და შინაგანი ჰარმონიის მიღწევაზე გადავიტანოთ.
ამავდროულად, ცეცხლის სტიქია თხას დამატებით ენერგიას სძენს. თუმცა, 2026 წლის - ცეცხლოვანი ცხენის - დინამიკური და ცვლილებებით დატვირთული ენერგიისგან განსხვავებით, ცეცხლთან შერწყმული თხა უფრო აქტიური, ვნებიანი და ამბიციური ხდება, თუმცა შინაგან სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებს.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის აქტიური ენერგიის წლები ფინანსურ აქტივობას აძლიერებს და ერთგვარ საგაზაფხულო გამოფხიზლებას ჰგავს: ადამიანები ამ პერიოდში ბევრ გეგმას ადგენენ, ახალი ეტაპისთვის ემზადებიან და ძლიერ ემოციებს განიცდიან.
თხის თვედ ივლისი მიიჩნევა. დასავლურ ასტროლოგიაში ეს კირჩხიბის ზოდიაქოს პერიოდია, რომელიც ოჯახზე ზრუნვით, სენტიმენტალურობითა და სიმშვიდისკენ სწრაფვით გამოირჩევა. მსგავსი თვისებები თხასაც ახასიათებს. იგი გარემოს სტაბილიზაციას უწყობს ხელს, მშვიდობისკენ ისწრაფვის და ადრე მიღწეული შედეგების განმტკიცებას ცდილობს.
აღმოსავლურ ტრადიციაში წითელი ფერი წარმატებისა და აყვავების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ მიიჩნევა, რომ წელი სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ძალასა და რბილ ხასიათს შორის ბალანსი შევინარჩუნოთ. ასტროლოგები გვირჩევენ, ახლობლები არ დავივიწყოთ, რადგან თხა, პირველ რიგში, ოჯახურ სიმყუდროვესა და ჰარმონიასთან ასოცირდება.

ასტროლოგთა პროგნოზით, მომავალი წელი სერიოზული რყევების გარეშე ჩაივლის. 2027 წელი ხელსაყრელი პერიოდია პიროვნული განვითარებისთვის, ახალი ინტერესების აღმოსაჩენად და შინაგანი წონასწორობის მოსაპოვებლად.
2027 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახურ გარემოზე ზრუნვა. ეს პერიოდი ხელსაყრელია ქორწინებისა და ოჯახის დაგეგმვისთვის. თხა თავისი რბილი ბუნებით ნათესაური კავშირებისა და ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. კაპიტალური რემონტის მსგავსი მასშტაბური ცვლილებების განხორციელება უმჯობესია გადადოთ და სახლს მსუბუქი, განახლებული იერი მიანიჭოთ. ასტროლოგები გვირჩევენ, ახალი წლის დადგომამდე საცხოვრებელი არასაჭირო ნივთებისგან გავათავისუფლოთ, რათა სივრცეში სიახლისა და სიმსუბუქის განცდა შევიტანოთ.
ენერგეტიკული თვალსაზრისით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში მოსალოდნელია კონსტრუქციული ძვრები, შეთანხმებების მიღწევა და მოლაპარაკებების მშვიდობიან კალაპოტში წარმართვა.
ამასთან, თხის ნიშანი მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწის სტიქიასთან, რის გამოც ასეთ წლებში სტიქიური მოვლენების ალბათობაზეც საუბრობენ. სპეციალისტების ვარაუდით, 2027 წელს მიწის სტიქია შედარებით მშვიდი იქნება.
თხის ნიშნის ქვეშ დაბადებულებად მიიჩნევიან ისინი, ვინც 1907, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003 და 2015 წლებში დაიბადა. ისინი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ემოციურობით გამოირჩევიან. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს დახვეწილი გემოვნება აქვთ, ისწრაფვიან სილამაზისა და შემოქმედებისკენ და ცდილობენ, გარემო ესთეტიკური ნივთებითა და დეტალებით გაალამაზონ. რბილი ხასიათისა და გულწრფელი კეთილშობილების წყალობით, ისინი ხშირად კონფლიქტების განმმუხტველის როლში გვევლინებიან.
წითელი ცეცხლოვანი თხა ნაზ, მაგრამ თბილ ცეცხლთან ასოცირდება, რომელიც გარშემომყოფებს სითბოსა და სიმშვიდეს ანიჭებს. იგი მკვეთრ ლიდერულ ამბიციებს არ ავლენს და გავლენას უფრო ნდობის მოპოვებით, მიზანდასახულობითა და გარშემომყოფთა საჭიროებებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით აღწევს.
ურთიერთობებში თხის ნიშნით დაბადებულები საუკეთესო თვისებებს ავლენენ. ისინი ყურადღებით უსმენენ თანამოსაუბრეს, უფრთხილდებიან სხვათა გრძნობებს და ყოველთვის მზად არიან თანაგრძნობისთვის. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაშიც კი, საკუთარ პოზიციას მშვიდად და რბილად გამოხატავენ. ამასთან, სამართლიანობის ძლიერი განცდა აქვთ და საკუთარი საზღვრების დაცვაც კარგად შეუძლიათ.
ასტროლოგები მათ „რბილი ძალის“ ოსტატებს უწოდებენ - ადამიანებს, რომლებსაც ღრმა ემპათია და მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ. ამ ნიშნის მთავარ თვისებებად საიმედოობა, სითბო და საჭირო დროს დუმილისა და დაკვირვების უნარი მიიჩნევა.
მათი სუსტი მხარეებია ჭარბი შინაგანი ეჭვები და სხვათა განწყობებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა. უარყოფით თვისებებს შორის ასევე სახელდება შფოთვა, ჩაკეტილობა და წყენის გულში ჩატოვების ჩვევა. ასტროლოგები ასეთ ადამიანებს ურჩევენ, საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა ისწავლონ.
თხის სიყვარული ხელოვნებისადმი მხოლოდ ჰობიში არ ვლინდება და ხშირად პროფესიულ არჩევანზეც აისახება - მათთვის საინტერესო შეიძლება, იყოს ხელოვნება, განათლება, ფსიქოლოგია და სხვა შემოქმედებითი თუ ადამიანებთან ურთიერთობაზე დაფუძნებული სფეროები. ცეცხლის სტიქიის გავლენით, წითელი თხის წელში დაბადებულებს თანდაყოლილი არტისტიზმიც ახასიათებთ.

ამ ნიშნით დაბადებულები შესაძლოა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ საკუთარი ინტელექტი, პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი ნიჭი. წლის ენერგეტიკა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც აღიარებისა და პროფესიული წინსვლისკენ ისწრაფვის.
თხის ნიშნის წარმომადგენლები გამოავლენენ ლიდერულ თვისებებსა და რთული სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარების უნარს. მარტოხელა წარმომადგენლებს კი 2027 წელს პირადი ურთიერთობების დაწყებისა და განვითარების კარგი შესაძლებლობა ექნებათ.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია უარყოფით ემოციებთან გამკლავების სწავლა. შესაძლოა, გარკვეულმა იურიდიულმა საკითხებმა სტრესი გამოიწვიოს. ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს, სწორად დავგეგმოთ დასვენება და ოპტიმისტური განწყობა შევინარჩუნოთ.
გაითვალისწინეთ: აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, წელი თებერვალში იწყება. შესაბამისად, იანვარში დაბადებულები თხის კი არა, წინა წლის - ცხენის ნიშანს მიეკუთვნებიან.

აღმოსავლურ ასტროლოგიაში დაბადების წლის გარდა, თვესაც შესაბამისი მფარველი ცხოველი უკავშირდება:
იღბალი და ფინანსები: წლის ფავორიტებად ვეფხვი, ცხენი, მაიმუნი და დრაკონი სახელდებიან. ვეფხვის ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოულოდნელი სასიამოვნო სიახლეები და შესაძლებლობები ელით. კარგი ფინანსური პერსპექტივები აქვთ მათ, ვინც ვეფხვის, მაიმუნის, კურდღლის, ცხენის, გველისა და განსაკუთრებით დრაკონის წელს ან თვეში დაიბადა.
ასტროლოგები გვირჩევენ, წინასწარ შევადგინოთ ფინანსური გეგმა, მკაფიო მიზნები დავისახოთ და აქტიურად ვიმოქმედოთ - მათი შეფასებით, რაც მეტ ენერგიას ჩავდებთ, მით მეტი უკუგების მიღების შესაძლებლობა გვექნება.
აღიარება და ურთიერთობები: ცეცხლოვანი თხის წელმა შესაძლოა პოპულარობა მოუტანოს მამლის, ვირთხის, დრაკონის, კურდღლისა და განსაკუთრებით ღორის წელში ან თვეში დაბადებულებს.
ვირთხისა და მაიმუნის ნიშნით დაბადებულებს რომანტიკული ნაცნობობა და განსაკუთრებული მომხიბვლელობა ელით. ვეფხვი, ცხენი, ძაღლი და ხარი მფარველებისა და მეგობრებისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებენ, რაც შესაძლოა ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
დრაკონისა და გველის ნიშნით დაბადებულებისთვის მოგზაურობა და აქტიური გადაადგილება შესაძლოა ფინანსური წარმატების წყაროდ იქცეს. მამლისთვის კი ეს სწავლის, გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხელსაყრელი წელია.

სამოსი და აქსესუარები: საახალწლო ჩაცმულობაში შეგიძლიათ, ცეცხლოვანი თხის ფერები - წითელი, ლალისფერი და ალისფერი გამოიყენოთ. აქსესუარებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ქვებსა და თილისმებს, მაგალითად, მალაქიტსა და შევარდნის თვალს.
გააზრება და სურვილები: წლის პირველი დღეები აქტიური მოქმედების ენერგიასთან ასოცირდება, ამიტომ ეს კარგი პერიოდია სამომავლო სურვილების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების დასასახად.
საახალწლო სუფრა: კერძებში შეგიძლიათ, გამოიყენოთ მუსკატის კაკალი და ბეგქონდარა, ასევე მოამზადოთ ბეგქონდარას ჩაი. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, საახალწლო სუფრაზე სასურველია იყოს რამდენიმე სიმბოლური კერძი და პროდუქტი: ატრია ან ფუნჩოზა - დღეგრძელობის სიმბოლოდ, თევზი - ბარაქის ნიშნად, ასევე კაკალი და ჩირი - ბედნიერი მომენტების სიმბოლოდ.