"კანადელი ცეროდენა" - სწორედ ასე შეარქვეს კენადი ჟურდენ-ბრომლის, რომელიც იშვიათი პათოლოგიით დაიბადა. იგი 23 წლის ასაკში სულ რაღაც 10 კილოგრამს იწონის.
ნიდერლანდელი რეჟისორის, ელენ სმიტის ფილმ "Eep"-ის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სურათის მთავარი გმირის - ფრთებიანი პატარა გოგონას როლის შემსრულებლის ძებნა ბევრმა დაიწყო. 21-ე საუკუნეში კინოგმირების უჩვეულო გარეგნობა აღარავის აკვირვებს. თუმცა, კენადი ჟურდენ-ბრომლის შემთხვევაში საქმე პროფესიონალურ სპეცეფექტებს სულაც არ ეხებოდა. ეს იყო თანდაყოლილი პათოლოგია - პრიმორდიალური ჯუჯობა, რომელიც ჯერ კიდევ ჩასახვისას წარმოიშვა.
სწორედ ამ გენეტიკური დაავადების გამო იწონის სრულწლოვანი გოგონა სულ რაღაც 10 კილოგრამს. ამასთანავე, იგი ზღაპრულ არსებას - ელფს ან ფერიას ჰგავს.
"კანადელი ცეროდენა" 2003 წლის 13 თებერვალს დაიბადა. მისმა მშობლებმა, ბრიან ჟურდენმა და კორტ ბრომლიმ, ორსულობის უჩვეულო ხასიათი მალევე იგრძნეს, რადგან მომავალ დედას მუცელი მეცხრე თვეშიც კი არ ეტყობოდა.
გამოკვლევისას ექიმები ვერაფერს ამბობდნენ: ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო. თუმცა, იგივე სპეციალისტები უზომოდ გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც 9 თვის შემდეგ ეს პაციენტი - გარეგნულად სრულიად არაორსული სამშობიაროში გამოცხადდა და ბავშვი ყოველგვარი სირთულის გარეშე გააჩინა.
თავად პატარაც მსუბუქი აღმოჩნდა, თუმცა - სრულიად არაორდინალური. იმდენად პატარა იყო, რომ ექიმები მის გადარჩენას არ ელოდნენ.მისი წონა ერთ კილოგრამზე ნაკლები იყო, ხოლო სიმაღლე - სულ რაღაც 27 სანტიმეტრი. მედიკოსებმა "ცეროდენა" მაშინვე სპეციალურ ბოქსში მოათავსეს და მშობლები გააფრთხილეს, რომ ჩვილი, სავარაუდოდ, ვერ გადარჩებოდა.

თუმცა, პატარა კენადიმ კოლოსალური გამძლეობა და ნებისყოფა გამოავლინა. დღითიდღე ძალას იკრებდა და, ექიმების გასაოცრად, მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. თუმცა - კვლავინდებურად ძალიან პატარა დარჩა.
დღეს კენადი ადგილობრივი ვარსკვლავია. თანაქალაქელები მას "პატარა ანგელოზს" ეძახიან. მსგავსი როლი ფილმ "Eep"-შიც შეასრულა. ფრთებიანი პატარა გოგონა ადამიანებს ეხმარება და მათ სასწაულების რწმენას უბრუნებს.
"მას ადამიანთა გულების გახსნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მასთან ურთიერთობის შემდეგ თავს ისე გრძნობთ, თითქოს ღმერთს შეეხეთ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონას დედამ, ბრიანმა.
კენადი გადასაღებ მოედანზე დიდი სიამოვნებითა და პროფესიონალიზმით მუშაობდა. თავისი ზომის მიუხედავად, შრომისმოყვარეობითა და გამძლეობით სხვა წევრებს არ ჩამოუვარდებოდა. ისწავლა, სკოლა დაამთავრა და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავისი ცხოვრება კინემატოგრაფს დაუკავშირა - თუმცა, კადრს მიღმა.
სხვათა შორის, სკოლაში "ცეროდენას" არანაირი პრობლემა არ შექმნია. იგი ჩვეულებრივ სასწავლებელში დადიოდა. მშობლების თქმით, თანაკლასელები კენადის ძალიან თბილად და მეგობრულად ეპყრობოდნენ. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი გოგონას პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა - ახლა მას ქუჩაში ცნობენ და ავტოგრაფებსაც კი სთხოვენ.