როგორ მივხვდეთ, რომ გულის პრობლემა გვაქვს, როცა სიმპტომებს ვერ ვგრძნობთ - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

როგორ მივხვდეთ, რომ გულის პრობლემა გვაქვს, როცა სიმპტომებს ვერ ვგრძნობთ - სპეციალისტი საუბრობს

2026-09-29 11:39:56+04:00

როგორ მივხვდეთ, რომ გულის პრობლემა გვაქვს, რამდენად საყურადღებოა ის ფაქტი, როდესაც ადამიანი მაღალ წნევას ვერ გრძნობს და რა იწვევს პულსის აჩქარებას - აქტუალურ თემაზე კარდიოლოგი ნინო ბაზღაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- გულის დაავადება ყოველთვის ისეთი მკაფიო სიმპტომით არ ვლინდება, რის გამოც პაციენტი გადაუდებლად ექიმს ან ვიწრო სპეციალობის პროფესიონალს - კარდიოლოგს მიმართავს. ადრეულ ასაკში კარდიოვასკულური გართულებებით გამოწვეული ლეტალობის 80%-ის თავიდან არიდება დროული პრევენციითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია გულის ათეროსკლეროზული დაავადებაა, რომლის საფუძველსაც სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე, ანუ დისლიპიდემია წარმოადგენს. ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის მიერ დისლიპიდემიის გამოსავლენად უნივერსალური სკრინინგი უკვე 9-11 წლის ასაკშია მოწოდებული, ხოლო შემდგომ - ყოველ 4-6 წელიწადში ერთხელ, იმის მიხედვით, თუ რისკ-ფაქტორების მატარებელია კონკრეტული ინდივიდი. 20 წლის ასაკიდან კი ჯანმრთელი მოსახლეობის სკრინინგი დისლიპიდემიის გამოვლენის მიზნითაა რეკომენდებული.

ასევე, მოწოდებულია არტერიული წნევის კონტროლი, რადგან ხშირად გვგონია, რომ მაღალი არტერიული წნევა გარკვეულ კონკრეტულ სიმპტომებთან, მაგალითად, თავის ტკივილთან, თავბრუსხვევასა თუ წონასწორობის დარღვევასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არტერიული წნევის მატება სიმპტომურად ყოველთვის გამოხატული არ არის. ამიტომ, წნევა უნდა გავიზომოთ და უშუალოდ მონაცემის გაგების შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება - ვართ თუ არა ინფორმირებული იმის შესახებ, ამ მიმართულებით ყურადღება გვაქვს გასამახვილებელი თუ არა.

- წნევის რა მაჩვენებელი ითვლება ნორმად?

- უნივერსალური ნორმა მაინც არსებობს. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ დაწესებული უნივერსალური ნორმა 120/70-ზე გახლავთ. თუმცა, აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი, მაგალითად, ახალგაზრდა ასაკში მაინც ინდივიდუალურია. ახალგაზრდა, ასთენიურ ადამიანში წნევა შეიძლება 120/70-ზე სულაც არ იყოს და ბევრად ნაკლებს შეადგენდეს. ასევე, მაჩვენებელი შეიძლება, ხანდაზმულ ასაკში თანმხლები დაავადებების, მაგალითად, თირკმლის უკმარისობისა თუ შაქრიანი დიაბეტის მიხედვით იცვლებოდეს - შედარებით ოდნავ მაღალი ნიშნულიც ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება. თუმცა, ინდივიდუალური რისკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, პაციენტს ამ ინფორმაციას უშუალოდ კარდიოლოგი აწვდის.

- ხშირად ადამიანებს მაღალი წნევა ჰქონიათ, თუმცა ამას საერთოდ ვერ გრძნობენ. რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა?

- ეს ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა. ჩემი პრაქტიკიდან მაგალითს გაგიზიარებთ: შეიძლება ადამიანს რუტინულ ამბულატორიულ ვიზიტზე, როდესაც ის სიმპტომებს ვერ გრძნობს და ერთი შეხედვითაც ვერაფერს შეამჩნევთ, წნევა 200/120-ზე დაუფიქსირდეს. ეს ადამიანი კი ამბობს, რომ ეს მისთვის ნორმალურია და თავს კარგად გრძნობს. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთი მონაცემები ნორმას არც ერთი თანმხლები დაავადების პირობებში არავისთვის წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასიმპტომურია, ანუ ჩივილები არ აქვს, მდგომარეობას შესაბამისი კორექცია აუცილებლად სჭირდება, ხოლო ინდივიდუალურ ნორმებს ყველა თანმხლები დეტალის გათვალისწინებით უშუალოდ კარდიოლოგი ადგენს.

- გენეტიკა რამდენად დიდ როლს ასრულებს? თუ წარსულში, მაგალითად, ბაბუას, დედას ან ვინმე ახლობელს ინფარქტი ან ინსულტი ჰქონდა, რამდენად შეიძლება, რომ საფრთხის ქვეშ ჩვენც ვიყოთ?

- როდესაც პაციენტის სამედიცინო ისტორიას ვწერთ, ერთ-ერთი პუნქტი ზუსტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ გენეტიკური დატვირთვა გახლავთ. პირველი რიგის ნათესავებში (იგულისხმება დედა, მამა, და, ძმა) ვითვალისწინებთ, გვქონდა თუ არა ისეთი გულ-სისხლძარღვთა გართულებები, როგორიც ინფარქტი ან ინსულტია. ამ დაავადებების მიმართ პირდაპირი გენეტიკური ბმა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა გარკვეული წინასწარგანწყობა აღინიშნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გარემო ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ არსებითია, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს ადამიანი. შესაძლოა, ინდივიდს საკმაოდ დატვირთული გენეტიკური წინასწარგანწყობა ჰქონდეს, თუმცა თავისი ყოველდღიურობა და რისკ-ფაქტორები ისე მართოს, რომ ცხოვრება ყოველგვარი კარდიოვასკულური გართულების გარეშე განვლოს.

- სტრესი, უძილობა და გადაღლილობა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს...

- ამ საკითხზე საუბარს ცოტა დრო დავუთმოთ. როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფენ. პირველ რიგში, ეს კვება გახლავთ. თუმცა, დეტალურად ამას ენდოკრინოლოგები და ნუტრიციოლოგები განიხილავენ, გარკვეულ რეკომენდაციებს კარდიოლოგებიც გავცემთ. მაგალითად, ქოლესტერინით მდიდარი გარკვეული ცხიმოვანი პროდუქტები უნდა შეიზღუდოს. სანაცვლოდ, პაციენტებს ჯანსაღი ცხიმების მიღებას ვურჩევთ, როგორიც თევზეული, ზღვის პროდუქტები, ავოკადო, თხილეული, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთია. ანუ არჩევანი ყოველთვის გვაქვს, უბრალოდ სწორად ინფორმირებული უნდა ვიყოთ. ესენი ჯანსაღი ცხიმებია, ხოლო არაჯანსაღ ცხიმებს უნდა მოვერიდოთ.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც დღესდღეობით კვების ყველაზე ჯანსაღ სტილად ითვლება, ზუსტად ზღვის პროდუქტებს, ციტრუსს, ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთს მოიცავს. რაც უფრო ნაკლები რაფინირებული შაქარი იქნება და არ მივიღებთ ზედმეტ ნახშირწყალს, მით უკეთესია. ამის საპირწონედ რეგულარული ფიზიკური აქტივობა გვაქვს, რასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მოდი, პატარა მითიც დავარღვიოთ: რატომღაც 10 000 ნაბიჯის გადადგმაა პოპულარული, თუმცა გაიდლაინში ეს მითითებული არ არის. გაიდლაინით განსაზღვრული პროგრამა-მინიმუმი ერთი კვირის განმავლობაში 150-წუთიან საშუალო აერობულ აქტივობას მოიცავს, როგორიც ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა და ცურვა გახლავთ. თუ ამას 7 დღიდან მინიმუმ 5 დღეზე გადავანაწილებთ, დღეში სადღაც 30-წუთიანი საშუალო ფიზიკური დატვირთვა გამოვა, რათა ფიზიკურად აქტიურ ადამიანად ჩავითვალოთ. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხოლო უძილობა და ქრონიკული სტრესი ის რისკ-ფაქტორებია, რომლებიც საფუძვლად მომავალში ქრონიკული ანთების განვითარებას უდევს. ქრონიკული ანთება კი ბევრი ქრონიკული დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

- ვისაუბრეთ იმაზე, რომ გულის დაავადებები შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც გულის არეში, მაგალითად, მოჭერის შეგრძნება გვაქვს?

- გულმკერდის არეში ტკივილი უშუალოდ გულის მიზეზით გამოწვეული კარდიოლოგიური ნოზოლოგია ყოველთვის არ გახლავთ. ამიტომ აღვნიშნავთ, რომ თუ ტკივილი მწვავედ წარმოიქმნა, თქვენი ყურადღება მიიპყრო, წარსულში მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა, დროში მინიმუმ 15-20 წუთი გახანგრძლივდა და სტანდარტული ქმედებებით მისი კუპირება, ანუ ალაგება ვერ მოხერხდა, კარდიოლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ. არსებობს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების რიგი, რის საფუძველზეც უშუალოდ სპეციალისტი გადაწყვეტს - ეს ისეთი მომენტია, რომელიც გულს უნდა დავუკავშიროთ და საბოლოო დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევები ჩავატაროთ, თუ პაციენტი სხვა დარგის სპეციალისტთან გადამისამართებას საჭიროებს.

- ამ შემთხვევაში ქალი მამაკაცისგან განსხვავდება თუ არა? კაცებსა და ქალებს ერთნაირი სიმპტომები გვაქვს თუ მათ შორის რაიმე სხვაობა მაინც არსებობს?

- ძალიან საინტერესო კითხვაა და ამ საკითხს ცალკე ადგილი დაეთმო. ქალებში თუნდაც იგივე სტენოკარდიული ჩივილები ბევრად ატიპიურია, ვიდრე მამაკაცებში. თუ მამაკაცებში ეს კლასიკური ტკივილი და მოჭერაა, ქალში შეიძლება ადვილად დაღლა, ცოტა ქოშინი ან გარკვეული არასპეციფიკური დისკომფორტი იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალები, მით უმეტეს, თუ ისეთი თანმხლები დაავადებები გვხვდება, როგორიც შაქრიანი დიაბეტია, რაც ტკივილის ინტენსივობის მასკირებას ახდენს და ის შეიძლება, რეალობაზე ბევრად ნაკლები ხარისხის ჩანდეს.

- გაგვიგია, რომ მხრის ტკივილიც შეიძლება გულის ტკივილს უკავშირდებოდეს. ეს შესაძლებელია?

- ყოველთვის გვგონია, რომ გული გულმკერდის მარცხენა ნახევარში მდებარეობს. თუმცა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე კლასიკურად და ტიპურად ტკივილი გულმკერდის ცენტრში აღმოცენდება, რასაც გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მარცხენა ბეჭის ძვლის არეში, ზურგსა და ქვედა ყბაში გადაცემა, ანუ ირადიაცია ახასიათებს. ხშირად ეს შეიძლება მოხრჩობის შეგრძნება, მკვეთრი დაღლილობა, უჰაერობა და ქოშინი იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: მსგავსი ჩივილებისას სპეციალისტს მიმართეთ, რათა მან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, სწორი დიაგნოზი დასვას და პროცესი მართოს.

- რა იწვევს გულის აჩქარებას?

- ყოველთვის, როდესაც გულის აჩქარების შეგრძნება გვაქვს, გირჩევთ, პულსი დაითვალოთ. დღევანდელი ნორმა (1 წუთის განმავლობაში, რამდენ დარტყმას იგრძნობთ) 50-დან იწყება და 90-მდეა. ეს ინდივიდუალური ნორმაა. ყველაზე ძლიერი პულსაცია საძილე არტერიაზეა, თუ პერიფერიაზე მოძებნა რთულია. იმ მომენტში, როცა გგონიათ, რომ გული აჩქარებული გაქვთ, შეიძლება, პულსი დაითვალოთ და ნახოთ, რომ 90-ზე მეტი არ არის. ანუ, რეალურად ნორმაშია და ეს სუბიექტური შეგრძნებაა. გულისცემის აჩქარება ყოველთვის პათოლოგია არ არის. ეს შეიძლება, გარკვეული კომპენსატორული რეაქცია იყოს. მაგალითად, ანემიების დროს, ემოციური სტრესის ფონზე, შფოთვის დროს, ცოტა მეტი კოფეინის გამოყენების შემთხვევაში… ესეც სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.