მომღერალი ირმა სოხაძე ცხოვრების წესსა და იმ ჩვევებზე საუბრობს, რომლებიც წლების წინ შეცვალა. როგორც ის ამბობს, საკუთარ ძველ ფოტოებს დღეს განსხვავებული თვალით უყურებს და მიაჩნია, რომ მის გარეგნობასა და თვითშეგრძნებაზე ცხოვრების წესმაც მოახდინა გავლენა. ამის შესახებ მომღერალმა სოფო ჯაფარიძის პოდკასტში „მედგიდი“ ისაუბრა:
„არ ვიყავი ყველა ასაკში ლამაზი. ახლა რომ რაღაც ჩემს ძველ სურათებს ვნახულობ, არ მომწონს ჩემი თავი. ნუ ახლა, არც ეს ძველმოდური ჩაცმულობა რომ არ მომწონს და ვარცხნილობა, ეს სხვა თემაა, მაგრამ აი, გამომეტყველება, თვალები ჩაშავებული...
ჯერ ერთი, ვეწეოდი სიგარეტს, 30 წელი, ასე გამოვიდა. და 18 წლის წინ დავანებე სიგარეტს, ტკბილს, ცომს და წითელ ხორცს. ხანდახან ცომეული და წითელი ხორცი შეიძლება, ძალიან თუ მინდა... უცებ ხაჭაპური შევჭამო ან სადილი ძროხის, ერთი-ორი ლუკმა, ოღონდ ცოტა ძალიან. ისიც ძალიან იშვიათად.
ძირითადად, ბოსტნეული მიყვარს, ქათამი, თეთრი ხორცი და ის, რაც დიეტურია. რაც წავიკითხე, რომ კარგია, შემიყვარდა. რომ წავიკითხე, რომ შაქარი ცუდია, საერთოდ შაქარი ამოვიღე ყველანაირი რაციონიდან. ტკბილი ძალიან მიყვარდა.
მაგალითად, ღამე მონტაჟზე, ახალ წლებზე, შემეძლო, ოთხი „სნიკერსი“ მიმერთვა და ეს იყო მთელი ჩემი ღამის რაციონი. ეს ნორმალური არ არის. ძალიან დიდი სტრესია ორგანიზმისთვის და ცუდ სამსახურს უწევ შენს თავს“, — ამბობს ირმა სოხაძე.