იცოდით, რომ თვალის ჯანმრთელობა დიაბეტის კონტროლთან პირდაპირ არის დაკავშირებული? - მშობლები

იცოდით, რომ თვალის ჯანმრთელობა დიაბეტის კონტროლთან პირდაპირ არის დაკავშირებული?

2026-09-30 13:00:17+04:00

დიაბეტი მხოლოდ სისხლში შაქრის დონის ცვლილებას არ უკავშირდება. ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებამ შესაძლოა სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე მოახდინოს გავლენა. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გართულება თვალის ბადურის დაზიანებაა, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. მისი განსაკუთრებული სირთულე ის არის, რომ დაავადება გარკვეულ ეტაპამდე შესაძლოა პაციენტისთვის სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს და მხედველობის მნიშვნელოვანი დარღვევა მხოლოდ მაშინ გამოვლინდეს, როდესაც ბადურაში უკვე სერიოზული ცვლილებებია განვითარებული.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რამდენად მნიშვნელოვანია თვალის ფსკერის რეგულარული გამოკვლევა, რა როლი აქვს დიაბეტის ხანგრძლივობასა და სისხლში შაქრის კონტროლს და რა შემთხვევაში ხდება მედიკამენტური, ლაზერული ან ქირურგიული ჩარევა - ამ და სხვა საკითხებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი გიორგი ნანობაშვილი გვესაუბრება.

- რა არის დიაბეტური რეტინოპათია და რატომ წარმოადგენს ის დიაბეტის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო გართულებას?

- დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა და მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავემდე მიგვიყვანოს.

სისხლში მაღალი შაქრის შემცველობის შემთხვევაში ზიანდება სისხლძარღვების კედლები, მათ შორის - ბადურის სისხლძარღვებიც. დაზიანებული სისხლძარღვების კედლებიდან, პატარა მიკროანევრიზმებიდან, ხდება სითხის ჟონვა, რის შედეგადაც ვითარდება ბადურის შეშუპება.

ასევე შეიძლება განვითარდეს ნეიროპათია, ანუ ნერვული სისტემის დაზიანება და რეტინოპათია - თვალის ბადურა გარსის დაზიანება.

- რა ნიშნები მიუთითებს დიაბეტურ რეტინოპათიაზე? შესაძლებელია თუ არა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს?

- მხედველობის დაბინდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. პაციენტებს, როგორც წესი, აღენიშნებათ მხედველობის დაბინდვა, რომელიც შეიძლება იყოს დროგამოშვებითი ან სისტემატური ხასიათის. მათ ასევე შეიძლება შეამჩნიონ შავი ლაქები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ფიქსირებულია, ზოგ შემთხვევაში კი - მოძრავი.

ფიქსირებული შავი ლაქები, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბადურის ქსოვილში სისხლია ჩაქცეული. ხოლო თუ პაციენტი მოძრავ ლაქებს ხედავს, ეს, როგორც წესი, მინისებრ სხეულში სისხლის ჩაქცევებზე მიუთითებს.

რასაკვირველია, დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. მაგალითად, მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ლორწოვანი გარსის ანთების გამო მოვიდა ჩემთან და ანამნეზში აღმოაჩნდა დიაბეტი. თუმცა მხედველობის დაბინდვას საერთოდ არ უჩიოდა. დავათვალიერე თვალის ფსკერი და აღმოჩნდა, რომ მკვეთრად გამოხატული დიაბეტური ცვლილებები ჰქონდა და სასწრაფოდ საჭიროებდა მკურნალობას როგორც ინექციებით, ასევე ლაზერით.

ზოგადად, დიაბეტური რეტინოპათია იწვევს ბადურის ქსოვილის დაზიანებას, მაგრამ ამ პაციენტს უმართლებდა, რომ იმ მიდამოში არ ჰქონდა დაზიანება, რომელიც ცენტრალურ მხედველობას განაპირობებს. ჰქონდა ერთეული პატარა მიკროანევრიზმა, რომელიც ამ ეტაპისთვის, მხედველობის დაბინდვას არ იწვევდა, მაგრამ ბადურის პერიფერიებზე ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დიაბეტური ცვლილებები და სისხლჩაქცევისა და ბადურის ჩამოცლის ზღვარზე იყო.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები რეგულარულად მიდიოდნენ ოფთამოლოგთან კონსულტაციაზე.

- რამდენად ხშირად უნდა ჩაიტარონ დიაბეტის მქონე ადამიანებმა თვალის გამოკვლევა და რომელი კვლევებია მნიშვნელოვანი დაავადების ადრეული გამოვლენისთვის?

- დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

მნიშვნელოვანია თვალის ფსკერის დათვალიერება, მედიკამენტოზური მიდრიაზი, ანუ გუგების გაფართოება, ოფთალმოსკოპია და თვალის ფსკერის შეფასება, დიაბეტური ცვლილებების დადგენა და მათი სტადიის განსაზღვრა. ამის მიხედვით უნდა ჩატარდეს მკურნალობა. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდება თვალში ინექციები და ლაზერკოაგულაცია. უფრო რთულ შემთხვევებში კი შეიძლება ისეთი მდგომარეობა იყოს ბადურაზე, რომ პირდაპირ ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

- რა ფაქტორები ზრდის დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების ან პროგრესირების რისკს?

- შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული რისკთან. რაც უფრო დიდი ხანია აქვს პაციენტს შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მაღალია დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკი.

მეორე რისკფაქტორია, როდესაც გლუკოზის დონე სისხლში არაკორეგირებული ანუ თუ შაქრის ციფრები არ არის დარეგულირებული.

ასევე, მაღალი წნევა იწვევს უკვე ისედაც დაზიანებული სისხლძარღვების უფრო მეტად დაზიანებას.

- როგორ მკურნალობენ დიაბეტურ რეტინოპათიას დღეს და რამდენად შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით მხედველობის შენარჩუნება?

- დიაბეტური რეტინოპათიის დროს მკურნალობის მეთოდი პაციენტის მდგომარეობიდან და ბადურაზე არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ თვალის ფსკერის დინამიკაში დაკვირვებაა საჭირო. ხანდახან პაციენტს სჭირდება თვალში ინექციები და ლაზერკოაგულაცია. უფრო რთულ შემთხვევებში კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

R