2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამუშაო ვერსიაში, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებში, განათლების, მეცნიერებისა და პროფესიული მომზადების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ახალი ღონისძიებაა გათვალისწინებული. გეგმები მოიცავს სკოლამდელ და ზოგად განათლებას, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, ინკლუზიურ განათლებას, მეცნიერებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას.
დოკუმენტში საუბარია როგორც 2027 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე, ისე მომდევნო წლების მასშტაბურ მიზნებზე. შესაბამისად, ყველა ჩამოთვლილი პროექტი აუცილებლად მხოლოდ 2027 წელს არ ითვალისწინებს - რიგ შემთხვევაში, დოკუმენტი მრავალწლიან გეგმებს განსაზღვრავს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუბარია ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ვერსიაზე და არა საბოლოოდ დამტკიცებულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, განხილვისა და დაზუსტების პროცესში ცალკეული მიმართულებები, თანხები და კონკრეტული ჩანაწერები შესაძლოა, შეიცვალოს.
სკოლამდელი განათლება 2027 წლის გეგმებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. კერძოდ, მომდევნო წლებში ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
გარდა ინფრასტრუქტურისა, იგეგმება საბავშვო ბაღების ავტორიზაცია. პროექტის მიხედვით, ამ პროცესმა უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის, დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
არაქართულენოვან სახელმწიფო ბაღებში უნდა დაინერგოს ბილინგვური სწავლება, რომლის მიზნადაც სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობაა განსაზღვრული.
ასევე, გაძლიერდება ბაღსა და სკოლას შორის კავშირი - სკოლამდელი პროგრამის გაძლიერება იგეგმება როგორც ბაღებში, ისე სკოლებში, რათა ბავშვის სკოლაში გადასვლა უფრო თანმიმდევრული გახდეს. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი დოკუმენტი დივერსიფიცირებული მოდელების პირველად დანერგვას ითვალისწინებს.
ცალკე მიმართულებად არის განსაზღვრული სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სისტემის განვითარება, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვის მექანიზმების შექმნა და დასაქმებულთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პლატფორმის ჩამოყალიბება.
ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტი სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას ითვალისწინებს. მიზანი სკოლების ფინანსური და ადმინისტრაციული ავტონომიის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებაა.
ამასთან, დაგეგმილია ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაცია. დოკუმენტის მიხედვით, ავტორიზაციის პროცესმა სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნასა და სასკოლო საზოგადოებაში თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მომდევნო წლებში ყველა საჯარო სკოლის სრულ ინფრასტრუქტურულ გამართვას ისახავენ მიზნად. დოკუმენტში ასევე საუბარია 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე.
პროექტის მიხედვით, სრულად უნდა განახლდეს ყველა საგნობრივი პროგრამა და სასკოლო სახელმძღვანელო. გრიფირებული სახელმძღვანელოების სრული ნაკრები საჯარო სკოლების ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს უსასყიდლოდ უნდა მიეწოდოს.
გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესიც, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სკოლებს არჩევითი საგნების დანერგვაში მხარდაჭერა გაეწევათ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ რესურსებსაც. იგეგმება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - LMS-ის დანერგვა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება.
გაგრძელდება პორტატული კომპიუტერების გადაცემა საჯარო სკოლების პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ასევე პირველკლასელთა დამრიგებლების უზრუნველყოფას.
წარჩინებული მოსწავლეები კვლავ მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებსა და შესაბამის სერტიფიკატებს.
საჯარო სკოლებში ასევე იგეგმება კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული რესურსებისა და ვირტუალური ლაბორატორიების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სკოლები შესაბამისი ტექნიკით - მათ შორის ნოუთბუკებით, პროექტორებითა და პრინტერებით უნდა აღიჭურვოს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების განახლებას და STEAM განათლების გაძლიერებას.
გაგრძელდება იმ საჯარო სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება, რომლებსაც სკოლამდე მისვლა მანძილის, რთული კლიმატური ან გეოგრაფიული პირობების ან განსაკუთრებული საჭიროებების გამო უჭირთ.
სკოლის მოსწავლეების გარკვეული კატეგორიებისთვის გათვალისწინებულია სასკოლო ფორმებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფაც. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი და შესაბამისი სოციალური სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების წევრები, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოსწავლეები და უკრაინაში ომის გამო საქართველოში გადმოსული ის ბავშვები, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში არიან ჩარიცხული.
სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა კი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. შესაბამისი კატეგორიების ფარგლებში სახელმძღვანელოებს მიიღებენ კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებიც და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებიც.
დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ეროვნული შეფასებების ჩატარებას ეხება. დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ეროვნული შეფასებები უნდა გამოიყენონ სისტემის პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად.
შეფასებები შესაძლებელს გახდის მონაცემების მიღებას ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა და სკოლის დონეზე, მათ შორის საგნობრივ ჭრილში, რის საფუძველზეც დაგეგმილი იქნება შესაბამისი ინტერვენციები.
ამასთან, პროექტში პირველადაა გაწერილი სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლეს განათლებაზე გადასვლისას. პარალელურად გაგრძელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებებიც. თუმცა, ამასთან დაკავშირებით დეტალები არ გამოქვეყნებულა.
"პირველად საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთანავე, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები," - ვკითხულობთ პროექტში.
საშუალო საფეხურზე, XI-XII კლასებში, მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები.
არაქართულენოვან სკოლებში კი ბილინგვური განათლების გაძლიერებაა გათვალისწინებული, რაც სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულების გაძლიერებას ემსახურება.
"უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს ყველა მოსწავლისთვის ფსიქოსოციალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობის განვითარებას.
გაიზრდება იმ საჯარო სკოლების რაოდენობა, რომლებშიც სოციალური მუშაობის კომპონენტი იქნება გათვალისწინებული. ასევე იგეგმება აღდგენითი მიდგომების, მათ შორის სასკოლო მედიაციის, დანერგვა.
გაძლიერდება ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუშაობაც, მათ შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.
ყველა საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უნდა განახლდეს სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გაიზარდოს მისი ჩართულობა სასკოლო პროცესში.
გარდა ამისა, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა.
ასევე უნდა შეიქმნას მასწავლებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალფეროვანი მექანიზმები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება განათლების სისტემაში დასაქმებულთა, მათ შორის სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება.
2027 წლის გეგმაში პროფესიული განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე კეთდება.
დოკუმენტის მიხედვით, განახლდება არსებული კვალიფიკაციები და შეიქმნება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი, შედეგებზე დაფუძნებული მოდელი.
გაგრძელდება პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვა. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად იგეგმება დისტანციური სწავლების კომპონენტის დანერგვაც.
თბილისსა და რეგიონებში მომდევნო წლებში უნდა განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი "ექსელენსცენტრები" და ჰაბები, ხოლო პროფესიული განათლება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
გაიზრდება საჯარო-კერძო პარტნიორობის როლიც, რათა პროფესიულ სტუდენტებს პრაქტიკული უნარებისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ზრდას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას.
პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების მიწოდების გაძლიერება სკოლების ბაზაზე.
გაფართოვდება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, მათ შორის საჯარო სკოლებში მათი დანერგვის გზით.
მოსწავლეებისთვის განვითარდება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვის სერვისები. ასევე, გაგრძელდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა.
ცალკე მიმართულებადაა გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების უფრო მოქნილი და მხარდამჭერი სერვისების განვითარება.
უმაღლესი განათლების მიმართულებით პროექტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი დაფინანსების სისტემის ცვლილებას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტზე დაფუძნებულ მოდელს ცვლის და სრულ სახელმწიფო დაფინანსებაზე, შედეგებზე ორიენტირებულ და ინოვაციებზე დაფუძნებულ მიდგომას ამყარებს.
ეს მიმართულება უკვე დაწყებულ ცვლილებებს უკავშირდება. 2026-2027 სასწავლო წლიდან მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების სწავლის სახელმწიფო დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებაა გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებისა და პირობების მიხედვით.
2027 წლის პროექტში ასევე საუბარია სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფციის შექმნაზე და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე.
მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების მასშტაბური კომპლექსების აშენებასა და მოწყობასაც.
ასევე, გაგრძელდება რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერა, მათი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია.
დოკუმენტის მიხედვით, გაიზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა დაფინანსება.
გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის უმაღლესი განათლების მიღების მხარდამჭერი პროგრამებიც. ასევე, განვითარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უმაღლეს განათლებაში ჩართვის მხარდამჭერი სერვისები.
ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების მხარდაჭერაც გაგრძელდება.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება საზღვარგარეთ სწავლის მიმართულებას უკავშირდება. პროექტში წერია, რომ სამჯერ გაიზრდება საზღვარგარეთ სწავლის მიზნით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა.
დაფინანსება განკუთვნილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და შესაბამისი ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებისთვის, როგორც აკადემიურ პროგრამებზე სწავლის, ისე კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მიმართულებით.
მეცნიერების მიმართულებით პროექტი ითვალისწინებს დაფინანსების ეტაპობრივ ზრდას და კვლევითი ინფრასტრუქტურის განახლებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო, ზუსტ, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ, ანუ STEM, მიმართულებებს, ასევე ჰუმანიტარულ და ქართველოლოგიურ კვლევებს.
გაიზრდება სამეცნიერო გრანტების მასშტაბი და გაგრძელდება ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერა.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობას. იგეგმება კვლევის შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელის შექმნა.
ასევე, უნდა გაძლიერდეს ქართველი მკვლევრების მონაწილეობა საერთაშორისო ჩარჩოპროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში.
2027 წლის პროექტში ინკლუზიური განათლება ცალკე მიმართულებადაა წარმოდგენილი.
იგეგმება სსსმ და შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათზე მორგებული სასწავლო პროცესის განვითარება და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესება განათლების ყველა საფეხურზე.
გაძლიერდება სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების პროფესიული განვითარება.
ასევე, გათვალისწინებულია ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაძლიერება.
რესურსსკოლებში სენსორული, ინტელექტუალური, მრავლობითი და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის გაგრძელდება სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურების მიწოდება.
ცალკე მიმართულებადაა განსაზღვრული განათლების მიღმა დარჩენილი და სწავლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების ფორმალურ განათლებაში დაბრუნების ხელშეწყობაც.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღწერილი გეგმები ეფუძნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამუშაო ვერსიას, რომელიც ოფიციალურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდზეა გამოქვეყნებული. ეს ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული ბიუჯეტი არ არის და საპარლამენტო განხილვისა და დაზუსტების პროცესში როგორც პროგრამების შინაარსი, ისე მათი დაფინანსება და სხვა კონკრეტული მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს. საბოლოო სურათი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ იქნება ცნობილი.
თამარ იაკობაშვილი