დღეს ბევრი ადამიანი ჭარბი წონის შესამცირებლად ე.წ. ინიექციურ საშუალებებს მოიხმარს. რამდენად რეკომენდებულია ასეთი ინიექციების ექიმის გარეშე გამოყენება, რა შედეგი აქვს და რა გვერდითი მოვლენებია გასათვალისწინებელი - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა, საუბრობს:
- მოკლედ რომ ვთქვათ, ექიმის გარეშე ამის გაკეთება რეკომენდებული არ არის. შესაძლოა, უშუალოდ ინექციის პროცესში არა, მაგრამ მოგვიანებით სავალალო შედეგები დადგეს და სხვადასხვა კლინიცისტთან წლების განმავლობაში თერაპია გახდეს საჭირო.
- მესამე თაობის პრეპარატი უფრო 2027 წლიდან გახდება აქტუალური, ვინაიდან იგი ჯერ კიდევ გადის კლინიკურ დაკვირვებას და პროცესშია. მეცნიერები მას ჯერ კიდევ სიღრმისეულად შეისწავლიან.ახალი პრეპარატია. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს უკვე მესამე თაობის აგონისტია. ამ პრეპარატების მოქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ნაწლავებში ბუნებრივად გამოყოფილი ჰორმონის ეფექტს იმეორებენ. უჯრედის რეცეპტორი საკეტს რომ შევადაროთ, ეს პრეპარატი გასაღებივით მოქმედებს, აღებს მას და თავის ფუნქციას იწყებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ჩივილები ან კონკრეტული დაავადება, მაგალითად, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან სიმსუქნე ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ერთად.
- ინსულინი რომ ჰორმონია, ყველამ ვიცით. ეს პრეპარატი ინსულინის სეკრეციას აუმჯობესებს, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაცლას ანელებს. ამ შენელების გამო პაციენტი აღნიშნავს, რომ მადა ემორჩილება, აღარ შია და სწრაფად ნაყრდება. სწორედ ეს გახლავთ წონის კლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. თუმცა, აქ სხვა დიდი საშიშროებებიც არსებობს. უნდა გვახსოვდეს, რომ სხეულში, ცხიმოვანი ქსოვილის გარდა, კუნთოვანი ქსოვილიც გვაქვს, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობასა და მეტაბოლურ აქტიურობას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, თუ კვების რაციონს, ძილის რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას არ გავითვალისწინებთ, წონის კლება არა მხოლოდ ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზეც მოხდება. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ ადამიანი ამა თუ იმ პრეპარატით ორ თვეში 20 კილოგრამს დაკარგავს, აქედან სავარაუდოდ 5 კილოგრამი კუნთოვანი ქსოვილი იქნება. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში - იქნება ეს ექიმის გადაწყვეტილება თუ პაციენტის თვითნებური ნაბიჯი - წონის დაბრუნების შანსი ძალიან მაღალია.
ამასთან, სწორი ჩვევების არარსებობის შემთხვევაში, დაკარგული კუნთოვანი ქსოვილი აღარ აღდგება. ყველაზე მთავარი, რაც თქვენი გადაცემის მეშვეობით მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, ის არის, რომ ადამიანებმა ეს დრო ჩვევების ჩამოყალიბებას უნდა დაუთმონ. იზრუნონ კვებით ჩვევებზე, განსაზღვრონ ცილის მიღების წესი და რაოდენობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ყურადღება არა მხოლოდ ექიმმა, არამედ თვითონ პაციენტმაც უნდა გამოიჩინოს. არსებობს სასწორზე ასახული წონა, რომელსაც სწრაფად ვიკლებთ, მაგრამ წელის გარშემოწერილობისა და სიმაღლის თანაფარდობა გაცილებით მნიშვნელოვანია. უნდა გავარკვიოთ, კლება ცხიმის ხარჯზე ხდება თუ კუნთოვანი ქსოვილისა და სითხის კარგვის ხარჯზე. ამ უკანასკნელმა შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბება, თირკმელების დაზიანება ან ყაბზობა გამოიწვიოს, რაც ამ პრეპარატების მიღებისას ხშირია.
- დიახ, კუნთოვანი ქსოვილის მომატებისთვის ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის სწორი რაციონის გარეშე ვერ გაიზრდება. აუცილებელია მიკრო და მაკროელემენტების სწორი თანაფარდობის დაცვა.
- პრეპარატის მიღების დიდი უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს მადის შეგრძნება ქრება. შესაბამისად, ადამიანმა ბრძოლის ნაცვლად ეს პერიოდი იმ ჩვევების გასათავისებლად უნდა გამოიყენოს, რომლებსაც ექიმი-ნუტრიციოლოგი შეურჩევს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჭარბი ცხიმი ყოველთვის მხოლოდ მიზეზი არ არის, ის ხშირად შედეგიც გახლავთ. თუ გრძნობთ, რომ ბოლომდე ვერ აანალიზებთ, რატომ დაგიგროვდათ ეს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი, ფსიქოლოგის ჩართვაც საჭიროა. ვინაიდან პრეპარატს ხანგრძლივად იღებენ, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. მკურნალობას ენდოკრინოლოგი უძღვება, რომელიც დოზირებასა და ტიტრაციას ყოველ 4 კვირაში განსაზღვრავს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარ თავს მოუსმინოს. მან უნდა გააანალიზოს, სჭირდება თუ არა ფსიქოლოგი ან მკაცრად ლიმიტირებული საკვები. ბევრი ამბობს: "რადგან არ მშია, საერთოდ არ შევჭამ, ამით ვისარგებლებ და უფრო სწრაფად დავიკლებო". ეს ამ დროს დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომაა.
- წყლის მიღებას რაც შეეხება, თუ პრეპარატმა ფაღარათი გამოიწვია, წყლის ოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ვიცით, რომ საშუალოდ 1.5-2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ, თუმცა საწყის ეტაპზე ხშირია პირღებინება და ფაღარათი.
ეს გვერდითი მოვლენაა, განსაკუთრებით დასაწყისში. ამ დროს ადამიანმა შესაძლოა, ვერ გააკონტროლოს, რომ 2 ლიტრზე გაცილებით მეტი წყალი სჭირდება, გაუწყლოება კი მრავალ პრობლემას იწვევს. გარდა ამისა, არასწორმა დოზირებამ შესაძლოა, შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვიოს, განსაკუთრებით ძილის დროს. ესეც საყურადღებოა, რადგან ინექციებს ხშირად ისეთებიც იკეთებენ, რომლებსაც აბსოლუტურად ნორმალური მეტაბოლიზმი და გლუკოზის დონე აქვთ, თუმცა ბოლო 5-6 კილოგრამის დაკლება სურთ.
ამ დროს კანიც დიდ დისტრესს განიცდის და შემდგომში მისი ელასტიკურობის დაბრუნებასა და უჯრედების სითხით შევსებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
- ჯერჯერობით პრეპარატი 18 წლის ასაკიდან და მხოლოდ ექიმის კონსულტაციით ინიშნება. ახალგაზრდა ქალებში ჭარბი მენსტრუაციის გამო ხშირია რკინადეფიციტური ანემია. თუ ეს მდგომარეობაა, პრეპარატის მიღება კატეგორიულად იკრძალება, სანამ ორგანიზმში რკინის შემცველობა არ აღდგება. ასევე აუცილებელია D3 ვიტამინის, თუთიისა და სხვა მიკროელემენტების დონის კონტროლი, რადგან გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა, ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს.
- ამ პრეპარატს სილამაზისა და იმისთვის იყენებენ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურებოდნენ. ამის სანაცვლოდ კი დაქიშმიშებულ კანსა და ემოციურ ლაბილობას იღებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივმა მიღებამ დეპრესიული განწყობა გამოიწვია: ადამიანს საკვები უყვარდა, ახლა აღარ უყვარს, ჩამნაცვლებელს ვერ პოულობს და ეს ემოციურ დისბალანსს ქმნის. ჩემს კოლეგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კონტროლი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ პაციენტს ოპერაცია ან ისეთი მანიპულაცია სჭირდება, როგორიცაა გასტროსკოპია ან კოლონოსკოპია, ანესთეზიოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ინექციის შესახებ, რადგან შესაძლოა, პრეპარატის მიღება გარკვეული პერიოდით შეწყდეს.
- ბოლო თაობის პრეპარატი, რომელიც ბაზარზე სავარაუდოდ 2027 წელს გამოვა, მოქმედების სამი მექანიზმით გამოირჩევა. არსებობს მოლოდინი, რომ იგი შედეგით ბარიატრიას გაუტოლდება და პაციენტები პირველ წელიწადში საწყისი წონის 24%-ს დაიკლებენ (თუ ყველა აღნიშნულ ფაქტორს გაითვალისწინებენ).
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ეს პრეპარატი ცალსახად იკრძალება. მეტიც, მკურნალობა დაგეგმილ ორსულობამდე 2 თვით ადრე უნდა შეწყდეს. ექიმები ამ მედიკამენტებს ჯერ კიდევ ვაკვირდებით. პირველი ასეთი პრეპარატი ბაზარზე დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, ბოლო 3 წელია კი მათ აქტიურად ვაკვირდებით. ბევრი რამ კლინიკურად გამოჩნდა, ბევრზე ანოტაცია გვაფრთხილებდა, თუმცა ცხოვრების სწორ წესს ვერც ერთი პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს.
- სიმსუქნე ქრონიკული მდგომარეობაა. ბარიატრიიდან 3 წლის შემდეგაც კი დგება პლატოს პერიოდი და შემდგომი შედეგი ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. პრეპარატის შეწყვეტისას, თუ ადამიანი ძველ ჩვევებს დაუბრუნდა, წონაც აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა, თუ კვების ჩვევები, კორტიზოლთან დაკავშირებული ძილის რეჟიმი, წყლის ბალანსი და ფიზიკური დატვირთვა მოწესრიგდა, მიღწეული წონის შენარჩუნება შესაძლებელია.
- სამედიცინო ჩვენების მქონე პაციენტები - იღებენ თუ არა პრეპარატს - კვლევებს 6 თვეში ერთხელ მაინც გადიან. სასურველია იმ მაჩვენებლების გაკონტროლება, რომლებიც ნორმაში არ არის ან დარღვევის ეჭვს იწვევს. ამ ჩვევის შენარჩუნება ძალიან კარგია.
- მკურნალობა მინიმუმ სამთვიან, უფრო ხშირად კი ექვსთვიან ან ორწლიან კურსს მოიცავს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს პროცესი შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს. პრეპარატი ინიშნება 27-ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) დროს, თუ ჭარბი ცხიმი ორგანიზმში სხვა გართულებებს იწვევს. ასეთი მედიკამენტი უმიზეზოდ არ ინიშნება. 10 კილოგრამის დაკლებაც შეიძლება ამ პრეპარატით მოხდეს, თუ ექიმი ჩათვლის, რომ ჭარბ წონას თან ახლავს მაღალი წნევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან სხვა პათოლოგიები.