მოცეკვავე, პედაგოგი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის თუ სატელევიზიო შოუს გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი "იმედის დღეში" ეკო ფანგანის რუბრიკას "ფილტრის გარეშე" სტუმრობდა. თავისი 32-წლიანი გზის, წარმატებების, პროექტების და საქმიანობის გარდა, ისაუბრა ბავშვობაზე და ოჯახის წევრებზეც.
-მამაჩემს ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე. თუ რამე ისეთი ღირსეული თვისება მაქვს, დიდი წილი მამაჩემისგან მაქვს ნასწავლი. ქართველი, მეოჯახე, მოსიყვარულე მამაკაცია, რომელსაც უყვარს თავისი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები და ასე შემდეგ.

...ცელქი ბავშვი ვიყავი, თუმცა კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლებსაც ვუყვარდი. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა. მათემატიკაში ძალიან ვარ დღემდე (ოთოს მეორე სპეციალობა ბიზნესადმინისტრირებაა, რომლის მაგისტრიც გახდა - რედ.). ზოგადად, უფრო ტექნიკური საგნებია ჩემთან ახლოს. მათ შორის ქიმიაც. დედაჩემი ქიმიის პედაგოგი გახლდათ და ქიმიაც ასე თუ ისე მაღალ ხარისხში ვიცი. მამაც ტექნიკური განათლებით არის...
ცეკვა დავიწყე სადღაც ხუთი-ექვსი წლის ასაკში. შვიდი წლის უკვე კავკასიის თასის მფლობელი გავხდი. ჩემი და ცეკვავდა, რომელიც ჩემზე 4 წლით უფროსია. ერთხელაც მომბეზრდა მშობლების მოსაცდელში ყოფნა და დედაჩემს ვუთხარი, შიგნით შევალ, ვუყურებ-მეთქი. დედაჩემმა პედაგოგებს სთხოვა, თუ შეიძლება, კუთხეში იჯდება და უყურებსო. ერთი გაკვეთილი, ორი გაკვეთილი, სამი გაკვეთილი... და ერთხელაც რომ შემოიხედა დედაჩემმა, კუთხეში აღარ ვიჯექი, ვიდექი და ვცეკვავდი. იმ დღის მერე პედაგოგებმა უთხრეს, რომ ამ ბიჭს სპორტულები და ცეკვის შესაფერისი ტანსაცმელი მოუტანეთო... ღია გაკვეთილი რამდენიმე კვირაში ჩატარდა და დიდების ჯგუფი იყო, ჩემი და ჩემზე დიდი არის, როგორც უკვე აღვნიშნე, და ღია გაკვეთილის დროს თურმე არც ერთი ბავშვის არც ერთი მშობელი თავის შვილს არ უყურებდა — ყველა მე მიყურებდა, „ეს რა მაგარი ვინმე იზრდებაო“... დავიწყე კონკურსებზე გამოსვლაც და პირველი ადგილები, თასები და მედლები დაგროვდა ჩემს სახლში... გავიდა ხანი, მერე უკვე ჯულიანასთანაც დავწყვილდი - 16 წლის ვიყავი. და რა წამსაც დავდექით სცენაზე მე და ჯულიანა, წლის ბოლოს სპორტული დაჯილდოება იყო და პირველივე წელს დაგვაჯილდოვეს მთელი წლის აბსოლუტურ ჩემპიონებად. ყველა კონკურსზე გავედით და პირველივე წელს ყველაფერი მოვიგეთ...
...მოსიყვარულე ოჯახში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჩვეულებრივი ხალხი ვართ... ჩემი და მხოლოდ ძალიან ლამაზი არა, ძალიან ჭკვიანიც არის. ექიმია სპეციალობით... და რაღაცნაირად მისი რჩევები, მისი მოსაზრებები და შეხედულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.იმიტომ, რომ ვიცი, სწორ, დასაბუთებულ, რაღაცნაირ რჩევას მომცემს ამა თუ იმ საკითხში.

...დედაჩემს ძალიან დიდი წვლილი აქვს. ზოგადად, თუ ვითვლები წარმატებულ ადამიანად, რა თქმა უნდა, ნიჭის და შრომის გარდა, ყველაფერი რომ გვერდზე გადადო... აქვე უნდა აღვნიშნო და, თქვენც დამეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ წარმატებისკენ მიმავალ გზას გვიმარტივებენ. იმიტომ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ვიცით, რომ ძალიან რთულია და თუ ვინმე ამ ყველაფერს გვიმარტივებს, ეს არის ნამდვილად მშობელი. დედაჩემს ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს.მისთვის ვიგებდი ყველაფერს, მისთვის ვიმარჯვებდი, პირველი მას ვურეკავდი, პირველი მას ვახარებდი და, არ ვიცი... ნაადრევ ასაკში მივხვდი, რომ დედაჩემს მე ვაბედნიერებდი. ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩემი გრაფიკით ცხოვრობდა და მეც მაქსიმალურად, ჩემი დამოკიდებულებით თუ ჩემი წარმატებით, ვაბედნიერებდი და დღემდე, თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი დედაჩემისთვის კეთდება... ძალიან ემოციურია დედაჩემზე საუბარი... თუმცა სიცოცხლეშიც ვეუბნებოდი და ახლაც ვიტყვი, რომ გმირი დედაა, ნამდვილად... დედაჩემის გარშემო ეს სიყვარული და პატივისცემა თითქოს სულ იგრძნობოდა. მარტო ოჯახის წევრების მხრიდან კი არა — მისი კოლეგების მხრიდან, მისი მეგობრების მხრიდან, მისი ახლობლების მხრიდან. ვისთანაც კი ერთხელ მაინც კომუნიკაცია ექნებოდა, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მსგავსი ჭკვიანი და ძლიერი ადამიანი არ უნახავთ.და მის გარშემო ეს პატივისცემა სულ შესამჩნევი იყო...არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემის, ნინელი კლდიაშვილის შვილი ვარ.