თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიას უკავშირდებოდეს. ეს შეგრძნება ყველა ადამიანში ერთნაირად არ ვლინდება. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი აღნიშნავს, რომ თითქოს ოთახი ან გარემო ტრიალებს, სხვებისთვის კი ეს უფრო წონასწორობის დაკარგვის, არამდგრადობის ან თითქოს „თავის დაცარიელების“ შეგრძნებაა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად სიმპტომის არსებობა, არამედ მისი ხასიათის, ხანგრძლივობის, განმეორების სიხშირისა და თანმხლები ნიშნების დეტალურად შეფასება. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც თავბრუსხვევას ახლავს სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, გულისრევა, სიარულის გაძნელება ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომები.
თავბრუსხვევის მიზეზების გარკვევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია, რადგან მისი გამომწვევი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც შიდა ყურისა და ვესტიბულური სისტემის ფუნქციონირებასთან, ისე სხვა სამედიცინო მდგომარეობებთან. თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ჩივილების დეტალურ შესწავლას და შესაბამისი კვლევების სწორად შერჩევას. ზუსტი დიაგნოზი კი მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრის მნიშვნელოვანი საფუძველია, რადგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თავბრუსხვევა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგი ინგა გოგია თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზების, კვლევის უახლესი სტანდარტებისა და სწორი მკურნალობის გზებზე დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებს.
თავბრუსხვევა ბევრ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს, მაგრამ არ იცოდეს მისი წარმომავლობის მიზეზი. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დაკავშირებული ვესტიბულური სისტემის დარღვევასთან?
თავბრუსხვევა წარმოადგენს სიმპტომს და არა დამოუკიდებელ დაავადებას. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორით და უკავშირდებოდეს როგორც ვესტიბულური სისტემის, ისე ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობისა და სომატოსენსორული სისტემების ფუნქციის დარღვევასთან. ვესტიბულური სისტემის დაზიანების ან დისფუნქციის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს: ბრუნვითი თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სივრცეში დეზორიენტაცია, სიარულის არასტაბილურობა, გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც. ამ შემთხვევაში დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ვესტიბულომეტრიის გაკეთება.
კონკრეტულად რას აფასებს ვესტიბულომეტრია და რა მნიშვნელობა აქვს მის ჩატარებას თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზის ზუსტად დასადგენად?
ვესტიბულომეტრია წარმოადგენს ვესტიბულური აპარატის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვესტიბულური სისტემის ფუნქციის, თვალის მოძრაობებისა და ნისტაგმის თავისებურებების ობიექტური შეფასება. კვლევის პროცესში ფასდება სპონტანური და პროვოცირებული ნისტაგმი, მისი მიმართულება, ინტენსივობა და ხასიათი, ასევე შესაძლებელია ვესტიბულოოკულური რეფლექსის შეფასება და სხვადასხვა პოზიციური ტესტების ჩატარება. მიღებული მონაცემები გამოიყენება პერიფერიული ან ცენტრალური ვესტიბულური დისფუნქციის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვესტიბულური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში, დარღვევის გამოვლენასა და შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრაში.
ვესტიბულომეტრიის შემდეგ ტარდება ვიდეონისტაგმოგრაფია, რომელიც ასევე ვესტიბულური სისტემის კვლევის მეთოდია.
უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ვიდეონისტაგმოგრაფია?
თავბრუსხვევის ობიექტური შესწავლის არაინვაზიური, თანამედროვე ობიექტური მეთოდია ვიდეონისტაგმოგრაფია. ის წარმოადგენს ვესტიბულური სისტემის კვლევის მეთოდს, რომელიც ეფუძნება თვალის მოძრაობის ჩაწერისა და ანალიზს სპეციალური ვიდეოკამერის საშუალებით. კვლევის პროცესში პაციენტს თვალებზე ერგება სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებული ინფრაწითელი ვიდეოკამერა უწყვეტ რეჟიმში აფიქსირებს თვალის მოძრაობას. სხვადასხვა ტესტისა და სტიმულაციის, მათ შორის პოზიციური და კალორიული ტესტების დროს, ჩაწერილი მონაცემები გადაეცემა კომპიუტერულ პროგრამას, სადაც ხდება მიღებული ინფორმაციის ციფრული დამუშავება და ანალიზი. ვიდეონისტაგმოგრაფიის უპირატესობა არის დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე და სანდოობა, რაც არის დროული და სწორი მკურნალობის საფუძველი.
როგორ მიმდინარეობს ვესტიბულომეტრიის კვლევა?
ვესტიბულომეტრია ტარდება ღია სივრცეში, კომფორტულ, მშვიდ გარემოში. გამოკვლევა გრძელდება დაახლოებით 1 საათიდან საათნახევრამდე და ეს დრო ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის. კვლევას ვიწყებთ ანამნეზის შეკრებით, რაც დიდ მნიშვნელობას ატარებს - ვადგენთ, ჩივილი ვესტიბულურია თუ არა, რას გრძნობს პაციენტი თავბრუსხვევის დროს და რას გულისხმობს ის თავბრუსხვევაში, ვადგენთ შეტევის ხასიათსა და ხანგრძლივობას. ამის შემდეგ ვიწყებთ ვიდეონისტაგმოგრაფიის ტესტებს; ყოველი ტესტის წინ პაციენტს ვუხსნით პროცედურას და მოსალოდნელ შეგრძნებებს. პროცედურა არ არის მტკივნეული, თუმცა ტესტების შედეგად პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს თავბრუსხვევა, რასაც ვითვალისწინებთ შეფასებისას. კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო, ერთადერთი, თუ პაციენტი ღებულობს თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ვერტიგოლიტიკებს), ვთხოვთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში არ მიიღოს ეს პრეპარატები.
რომელი დაავადებისა და დარღვევების გამოვლენაში გვეხმარება ვესტიბულომეტრია?
ვესტიბულომეტრიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევა (BPPV), ვესტიბულური ნეირონიტი, მენიერის დაავადება, პერილიმფური ფისტულა, ორმხრივი ვესტიბულური ჰიპოფუნქცია და ვესტიბულური სისტემის ასიმეტრია. ვიდეონისტაგმოგრაფიისა და სხვა ვესტიბულომეტრიული ტესტების შედეგები ექიმს აძლევს ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რადგან დიაგნოსტიკის ეს მაღალი სიზუსტე და სანდოობა წარმოადგენს დროული და სწორი მკურნალობის საფუძველს.
რას ურჩევთ პაციენტებს, რომლებიც ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტირებას აპირებენ?
ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტირებას ვურჩევ სპეციალიზებულ ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში, სადაც შესაძლებელია პაციენტის კომპლექსური შეფასება და საჭირო დამატებითი კვლევების ჩატარება. მაგალითად, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტს აქვს საშუალება, ჩაუტარდეს კომპლექსური კვლევა, დაწყებული ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციით, გაგრძელებული ვესტიბულომეტრიით, ვიდეონისტაგმოგრაფიით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ვესტიბულურ ჩივილებთან ერთად აწუხებს ყურის სიმპტომატიკა, ყურში ხმაური, დაგუბების შეგრძნება ან სმენის დაქვეითება, შესაძლებელია აუდიომეტრიისა და ტიმპანომეტრიის ჩატარებაც. ასეთი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის სრულყოფილ შეფასებას და ზუსტი დიაგნოზის დასმას.
რა როლს ასრულებს თანამედროვე აპარატურა და მულტიდისციპლინური მიდგომა პაციენტის მართვაში?
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი აპარატურით, რომელიც გვეხმარება მდგომარეობის შეფასებაში, კვლევების ჩატარებასა და დიაგნოსტიკის სიზუსტეში იმისათვის, რომ პაციენტს დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. თანამედროვე აპარატურა და კომპლექსური, მულტიდისციპლინური მიდგომა უზრუნველყოფს სწორი დიაგნოზისა და დროული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას.
დაბოლოს, პაციენტებს ავუხსნათ, რატომ არ უნდა გადადონ ექიმთან მიმართვა და რატომ არის მნიშვნელოვანი ხშირი ან განმეორებითი თავბრუსხვევის დროს თვითმკურნალობის ნაცვლად მიზეზის დროული დიგნოსტირება?
პაციენტმა ექიმთან მიმართვა არ უნდა გადადოს განსაკუთრებით მაშინ, როცა თავბრუსხვევა პირველად, უეცრად და ძალიან ინტენსიურად დაიწყო; როცა მას თან ახლავს მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაორება, სახის ან კიდურების დაბუჟება/სისუსტე და სიარულის მკვეთრი დარღვევა. ამ დროს აუცილებელია, რომ გამოირიცხოს თავის ტვინის პათოლოგია და ინსულტი.
უმნიშვნელოვანესია დროული კონსულტაცია, როცა ვერტიგოს ახლავს უეცარი სმენის დაკარგვა, ძალიან ძლიერი თავის ან კისრის ტკივილი, გონების დაკარგვა, გულისრევა, გულმკერდის ტკივილი ან ძლიერი გულისცემის დარღვევა.
დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია განმეორებითი თავბრუსხვევის დროს, რადგან ერთი და იგივე სიმპტომის მიზეზი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, მაგალითად, ვესტიბულური შაკიკი, მენიერის დაავადება, ნევრიტი და ა.შ. მიზეზის დადგენა საშუალებას იძლევა საშიში გართულება გამოირიცხოს და კონკრეტულ მიზეზზე მორგებული სწორი მკურნალობა დაიწყოს.
R