ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის გრანტი მოიპოვა - მშობლები

ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის გრანტი მოიპოვა

2026-10-02 15:58:15+04:00

ალტე უნივერსიტეტმა ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module-ის კონკურენტულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და პროექტის - BRIDGE2EU: ECHR Standards as a Bridge to EU Law: CJEU Case-Law and Domestic Adjudication in Georgia - განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვა.კონკურსის შესახებ: Jean Monnet Module ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო მიმართულებაა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირის შესახებ სწავლების, კვლევისა და აკადემიური დისკუსიის განვითარებას ემსახურება.BRIDGE2EU-ის მიზანია უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის გაძლიერება. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართლის უკეთ გააზრებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების საფუძველზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის სიღრმისეულ შესწავლას.

რაც შეეხება პროექტის განხორციელების პერიოდს, ალტე უნივერსიტეტს ის 2026-2029 წლების განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ბაქაქური განმარტავს, რატომ არის კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი მიღწევა და რა შესაძლებლობებს შექმნის ის:

„საგრანტო კონკურსში გამარჯვება ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. BRIDGE2EU-ს განხორციელება უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს ევროპულ აკადემიურ სივრცესთან კავშირები, განავითაროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით შექმნას მდგრადი აკადემიური რესურსი.

გარდა ამისა, პროექტის შედეგები გრძელვადიანად აისახება როგორც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოზე, ისე სტუდენტებისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებაზე“,- განმარტა თორნიკე ბაქაქურმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები:

  • როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებისთვის შემუშავდება და განხორციელდება სამი სასწავლო კურსი;
  • სტუდენტებისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება პრაქტიკაზე ორიენტირებული სემინარები და ვორკშოპები;
  • მომზადდება თანამედროვე სასწავლო მასალები და ევროკავშირის სასამართლო პრაქტიკაზე დაფუძნებული კვლევითი რესურსები;
  • ჩატარდება ევროკავშირის სამართლის თემატიკის საჯარო ლექციები და სხვა აკადემიური ღონისძიებები;
  • სამართლის პროფესიონალებისთვის გაიმართება სპეციალური ტრენინგები.

პროექტის ხელმძღვანელის, ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ქეთევან ცხადაძის განმარტებით, BRIDGE2EU ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის ინსტიტუციურ გაძლიერებას და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებში ევროპული სამართლებრივი სტანდარტების ინტეგრირებულად დანერგვას.

„შექმნილი სასწავლო კურსები და რესურსები უნივერსიტეტისთვის გრძელვადიან აკადემიურ საფუძვლად დარჩება, ხოლო სამართლის პროფესიონალებისთვის დაგეგმილი ტრენინგები გააძლიერებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკას შორის კავშირს“, - განაცხადა ქეთევან ცხადაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის აკადემიურ გუნდში ქეთევან ცხადაძესთან ერთად მონაწილეობენ ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა მჭედლიძე, საერთაშორისო ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი და მოწვეული ლექტორები - ნინო ლობჟანიძე და ნინო მიშიძე.პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

R