შემოდგომის დარჩენილ პერიოდში საქართველოში შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. ოქტომბერში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ 25-27 გრადუსსაც შეიძლება მიაღწიოს, თუმცა მაღალმთიან რაიონებში ღამით უკვე ყინვაც არის მოსალოდნელი. როგორი იქნება ოქტომბერი და ნოემბერი ტემპერატურისა და ნალექის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე განმარტავს:
„შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი გველოდება. ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ნოემბერში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი — 9-10 გრადუსის ფარგლებში.
ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, რომ ოქტომბერში ჰაერის ტემპერატურამ დღისით დასავლეთ საქართველოში 26-27 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — 25-26 გრადუსამდე.
თუმცა, ასევე ცალკეულ დღეებში, ღამით, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩამოსცდეს და მინუს 4-5 გრადუსამდე დაიწიოს.
რაც შეეხება ნალექს, ოქტომბერში ნალექი ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ოდნავ ნაკლებია მოსალოდნელი, ნოემბერში კი — ნორმის ფარგლებში“, — ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.