"ერთი ფოტოც კი არ მქონდა სახლში, ოჯახთან გადაღებული, თითქოს ოჯახში არც მიცხოვრია" - რად დაუჯდათ ვარსკვლავური ბავშვობა ცნობილ მსახიობებს, რაზეც დიდი ხანი დუმდნენ: - მშობლები

"ერთი ფოტოც კი არ მქონდა სახლში, ოჯახთან გადაღებული, თითქოს ოჯახში არც მიცხოვრია" - რად დაუჯდათ ვარსკვლავური ბავშვობა ცნობილ მსახიობებს, რაზეც დიდი ხანი დუმდნენ:

2026-10-03 22:35:32+04:00

ბავშვობაში კინოსა თუ შოუბიზნესში მოხვედრა ხშირად ზღაპრულ წარმატებად გამოიყურება — პოპულარობა, დიდი ჰონორარები, თაყვანისმცემლები და კარიერა, რომელზეც ზრდასრული მსახიობებიც კი ოცნებობენ. თუმცა კამერების მიღმა ცნობილი ბავშვების ცხოვრება ყოველთვის ისეთი ბედნიერი არ ყოფილა, როგორიც ეკრანზე ჩანდა.

ზოგი მათგანი გადასაღებ მოედანზე მშობლების გადაწყვეტილებით აღმოჩნდა და ძალიან პატარა ასაკიდან მოუწია იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომლისთვისაც ბავშვი მზად ვერ იქნება. წლების შემდეგ არაერთმა ცნობილმა მსახიობმა საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ რა დაუჯდა ადრეული პოპულარობა — დაკარგული ბავშვობა, ოჯახური პრობლემები, დამოკიდებულებები და ფსიქოლოგიური კრიზისები.

მაკოლეი კალკინი — ბავშვი, რომელმაც ოჯახისთვის მილიონების გამომუშავება დაიწყო

1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობის, მაკოლეი კალკინის ცხოვრება, მისი პოპულარობის მიუხედავად, მარტივი არ ყოფილა.

კალკინი ნიუ-იორკში მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა — მას ექვსი და-ძმა ჰყავდა. ოჯახს ფინანსურად უჭირდა. მამა, კიტ კალკინი, ეკლესიაში მუშაობდა, დედა პატრიცია კი — ტელეფონის ოპერატორად.

მაკოლეის კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად სცენაზე გამოდიოდა, მოგვიანებით კი კინოში გამოჩნდა. ნამდვილი მსოფლიო პოპულარობა მას კევინ მაკკალისტერის როლმა მოუტანა ფილმში „მარტო სახლში“.

screenshot-2026-10-03-232951-1791055835.png

წარმატებას მალევე მოჰყვა ახალი შეთავაზებები და დიდი ჰონორარები. შვილის მენეჯერი მამა გახდა, თუმცა თავად კალკინმა მოგვიანებით არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მისთვის მძიმე იყო.

ფილმ „კარგი შვილის“ გადაღებების პერიოდში მან მამას უთხრა, რომ დაიღალა, სკოლაში სათანადოდ ვეღარ დადიოდა და თავისუფალი დრო სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მისი კარიერა და ინტენსიური გადაღებები გაგრძელდა.

კალკინის თქმით, ბავშვობაში მას პრაქტიკულად არ რჩებოდა დრო ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის — თანატოლებთან თამაშისთვის, სეირნობისა და იმ ყოველდღიურობისთვის, რომელიც სხვა ბავშვებს ჰქონდათ.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მამასთან ურთიერთობაც. ზრდასრულ ასაკში მსახიობმა არაერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ სწორედ სამუშაო აიძულებდა დიდი დრო გაეტარებინა მამასთან, რაც მისთვის ემოციურად რთული იყო.

როცა ბავშვობის კარიერა დასრულდა

მოზარდობის შემდეგ კალკინმა კინოსგან ხანგრძლივი პაუზა აიღო. მისი პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და მას დამოკიდებულებებთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა.

მოგვიანებით მან თანდათან კვლავ დაიწყო საჯაროდ გამოჩენა და სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში მონაწილეობა.

პირად ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო — მისი პარტნიორია მსახიობი ბრენდა სონგი, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

დრიუ ბერიმორი — წვეულებები და დამოკიდებულებები ჯერ კიდევ ბავშვობაში

არანაკლებ რთული აღმოჩნდა დრიუ ბერიმორის ბავშვობაც.

ის მსახიობების ოჯახში დაიბადა და კამერის წინ ჯერ კიდევ ჩვილი აღმოჩნდა — 11 თვის ასაკში სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ხუთი წლის იყო, როდესაც კინოში გამოჩნდა, ხოლო ბავშვობის წლებში უკვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პატარა ვარსკვლავად იქცა.

screenshot-2026-10-03-233050-1791055871.png

კარიერის წარმატებასთან ერთად მისი ცხოვრება სულ უფრო ნაკლებად ჰგავდა ჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიურობას.

„არქივის ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მივხვდი, რომ სახლში ოჯახთა გადაღებული თითქმის არც ერთი ფოტო არ მქონდა. თითქოს იმ დროს სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ... ოჯახი არ მქონდა, სულ ვმუშაობდი — იმდენი ხანია, რამდენიც საკუთარი თავი მახსოვს“, — იხსენებდა მსახიობი.

ბერიმორი დედასთან ერთად ხშირად დადიოდა წვეულებებზე და ძალიან პატარა ასაკში გაეცნო ზრდასრულთა სამყაროს.

მისი მონათხრობით, 11 წლის ასაკში უკვე ალკოჰოლს მოიხმარდა, 12 წლისამ მოწევა დაიწყო, 13 წლის ასაკში კი ნარკოტიკული ნივთიერებები პირველად სცადა.

მოზარდობის წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ფსიქიკური კრიზისის შემდეგ ის სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოხვდა.

„ჩემი ცხოვრება ნორმალური არ იყო“

ბერიმორი მოგვიანებით ამბობდა, რომ დედამ სპეციალურ დაწესებულებაში მოათავსა, სადაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი გაატარა.

„დედამ დაწესებულებაში მომათავსა. მაგრამ ამან გამაძლიერა და დისციპლინა მასწავლა. ადგილი მკაცრ სამხედრო ბანაკს ჰგავდა. ეს ძალიან მძიმე და ხანგრძლივი წელიწად-ნახევარი იყო, მაგრამ მე ეს მჭირდებოდა. ჩემი ცხოვრება ნორმალური არ იყო. სკოლაში არ დავდიოდი და გარშემო ჩვეულებრივი თანატოლები არ მყავდა“, — იხსენებდა მსახიობი.

15 წლის ასაკში მან ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა, რომელშიც ადრეულ პოპულარობასა და მის შედეგებზე ისაუბრა.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი ოფიციანტად და მოდელად მუშაობდა, მოგვიანებით კი კინოში დაბრუნდა და ზრდასრულ ასაკში წარმატებული კარიერის შექმნა შეძლო.

კრისტიან ბეილი — კარიერა რეკლამიდან დაიწყო

ბავშვობაში დაიწყო კარიერა კრისტიან ბეილმაც, რომელიც მოგვიანებით ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად იქცა.

ბეილი ძალიან პატარა ასაკში ოჯახის ერთ-ერთ მთავარ მარჩენლად იქცა. 13 წლისას სტივენ სპილბერგის Empire of the Sun-ში მთავარი როლი ჰქონდა და მიღებული შემოსავალი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო. მოგვიანებით ბეილი ამბობდა, რომ საკუთარი შვილებისთვის ასეთ ბავშვობას არ ისურვებდა: „ჩემს შვილს იმავეს გაკეთების უფლებას მივცემდი? არა, ნამდვილად არა.“

screenshot-2026-10-03-233252-1791055993.png

ის იხსენებდა, რომ იმ დროს ოჯახს ფინანსურად უჭირდა და მისი მუშაობით მიღებული ფული მათ ეხმარებოდა, თუმცა ახლა ბავშვობაში პროფესიონალურად მუშაობას „ტკბილ-მწარე“ გამოცდილებად აფასებს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ამას ფსიქოლოგიური შედეგები ჰქონდა, რომლებიც მაშინ თვითონაც ვერ გააცნობიერა.

მის ოჯახსაც სტაბილური ცხოვრება არ ჰქონია. ბეილი იხსენებს, რომ ბავშვობაში ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს, ზოგჯერ სახლიდან ძალიან სწრაფად წასვლაც უწევდათ. „იმ ასაკში ვფიქრობდი: ღმერთო, ოჯახის მარჩენალი მე უნდა ვიყო. ეს სულაც არ იყო სახალისო.“

ბეილის თქმით, დაახლოებით 12-13 წლიდან სხვების ფინანსურად უზრუნველყოფა უწევდა. ეს პასუხისმგებლობა ზრდასრულობაშიც დიდხანს გაჰყვა. იხსენებს, რომ მამასა და დასთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომელსაც დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა და მისი მთავარი საზრუნავი საკმარისი ფულის გამომუშავება იყო.

და ადრეულმა პოპულარობამაც ძალიან იმოქმედა. 13 წლის ასაკში Empire of the Sun-ის შემდეგ მოულოდნელი ყურადღება მისთვის იმდენად უსიამოვნო გახდა, რომ მოზარდობისას, როგორც თავად იხსენებს, სურდა „უხილავი გამხდარიყო“ და გამქრალიყო, ნაცვლად იმისა, რომ პოპულარობით დამტკბარიყო.

კრისტინა რიჩი

„ადამსების ოჯახის“ ვარსკვლავი კრისტინა რიჩი მძიმე გარემოში იზრდებოდა. მამამისმა არაერთი პროფესია გამოიცვალა, ვიდრე საბოლოოდ ოჯახის სახლის სარდაფში კერძო ფსიქოთერაპიულ კაბინეტი გახსნიდა. იგი პაციენტებთან ე.წ. „პირველყოფილი ყვირილის თერაპიას“ იყენებდა — მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანები ჩახშობილ ემოციებს ხმამაღალი ყვირილითა და ტირილით გამოხატავდნენ. სეანსების ხმები სავენტილაციო მილით პირდაპირ კრისტინას ოთახში აღწევდა.

screenshot-2026-10-03-233506-1791056125.png

შემზარავი ხმებისგან თავის დასაღწევად კრისტინა თავზე ბალიშს იფარებდა ან სახლის სახურავზე გარბოდა და იქ რჩებოდა სეანსების დასრულებამდე.

კრისტინას დედა მოდელად მუშაობდა და ქალიშვილის მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო. სრულყოფილებისკენ სწრაფვის ჩანერგვის მცდელობისას იგი გოგონას გამუდმებით ეუბნებოდა, რომ „უშნო და მსუქანი“ იყო.

კინოში მისი დებიუტი 9 წლის ასაკში შედგა. რიჩი რიჩარდ ბენჯამინის დრამედიაში „ქალთევზები“ გადაიღეს, სადაც ვაინონა რაიდერთან და შერისთან ერთად ითამაშა.

ამას მოჰყვა როლი, რომელმაც ის მთელ მსოფლიოში ცნობილი გახადა — პირქუში და გონებამახვილი უენსდეი ადამსი „ადამსების ოჯახში“. მოგვიანებით კი კეტ ჰარვის როლი შეასრულა ფილმში „კასპერი“.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რიჩი საკუთარ ბედსა და განვლილ გზას არ უჩივის, ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა საკმაოდ განაცხადა:

„ბავშვის ცნობილ ადამიანად ქცევა მის მიმართ ძალადობაა.“

ბავშვობაში განცდილმა სისასტიკემ მას არაერთი ფსიქოლოგიური ტრავმა დაუტოვა, რომელთა გადამუშავებაც, როგორც მსახიობი მოგვიანებით ამბობდა, მარტივი არ აღმოჩნდა.