გაციების დროს პარაცეტამოლი სჯობს თუ იბუპროფენი და რაში არ უნდა გადაყაროთ ფული - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - მშობლები

გაციების დროს პარაცეტამოლი სჯობს თუ იბუპროფენი და რაში არ უნდა გადაყაროთ ფული - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

2026-10-04 14:18:26+04:00

გაციება განსაკუთრებით ცივ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. სურდო, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, ცემინება და ხველა ხშირად სხვა რესპირატორული ინფექციების სიმპტომებსაც ჰგავს, რის გამოც ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ იმის გარკვევა, ჩვეულებრივ გაციებასთან აქვთ საქმე თუ სხვა ინფექციასთან.

რა არის სინამდვილეში გაციება, რამდენ ხანს გრძელდება, რომელი საშუალებები შეიძლება დაგვეხმაროს და რისი მიღება არ ღირს? ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

„გაციება არის დაავადება, რომელიც ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზოფარინგიტი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება. ვირუსული იმიტომ, რომ მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი, მაგრამ ამ 200-ზე მეტ ვირუსს შორის ყველაზე ტიპური ვირუსი, რომელიც იწვევს გაციებას, არის ცხვირის ვირუსი, ანუ რინოვირუსი — შემთხვევათა დაახლოებით 30-80%-ში. შეგხვდება ვიღაც, ვინც გაციებულია და ორ დღეში შენც გაციებული ხარ. ანუ დაახლოებით ორ დღეში იწვევს ადამიანში კონტაქტიდან ნიშნების გამოვლენას.

რა ნიშნები ახლავს? კლასიკურად ეს არის სურდო, ცხვირიდან სუნთქვა გიჭირს, ცხვირით უკვე ვეღარ სუნთქავ და დამახასიათებელი ხმაც გაქვს, როცა ცხვირი გაჭედილი გაქვს. გარდა ამისა, ყელი გტკივა და ხმაც უკვე შეცვლილი გაქვს. შეიძლება გქონდეს ხველა და, რაც ძალიან ტიპურია, ცემინება. ხველა და ყელის ტკივილი ახლავს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში — ასე 50%-ში.

როგორ ებრძოლო გაციებას? გაციების წინააღმდეგ ყველაზე კარგი გზა არის, თუ ვინმე შეგხვდება, ვინც გაციებულია, ეგრევე ხელი დაიბანო. ხელის დაბანა არის ძალიან კარგი საშუალება გაციების წინააღმდეგ. თუ მაინც დაინფიცირდი, მაშინ დაიმახსოვრე, რა გააკეთო.

თუ გექნება სიცხე და სიცხე იქნება შემაშფოთებელი შენთვის იმდენად, რომ მისი ატანა უკვე აღარ შეგიძლია, მაგ შემთხვევაში არის ორი მედიკამენტი: ერთი არის იბუპროფენი, მეორე — აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. რომელი გამოიყენო? გამოიყენე იბუპროფენი, იმიტომ, რომ იბუპროფენი მუშაობს გაციების დროს. რაც შეეხება პარაცეტამოლს, იგივე აცეტამინოფენს, სამწუხაროდ, მისი ეფექტი ჩვენთვის ცნობილი არ არის გაციების დროს, უფრო სწორად, გაციების დროს მისი ეფექტი მაინცდამაინც არ ვიცით. ამიტომ სჯობს, თუ ამ ორს შორის მიდგება არჩევანი, გამოიყენო იბუპროფენი — ეს მაინც იცი, რომ მუშაობს.

მეორე არის ის, რომ არ გამოიყენო ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. ჯერ ერთი, ფულს დახარჯავ სრულიად ტყუილად, მეორეც, ეს გაციება არ გრძელდება უსასრულოდ, რომ მათი გამოყენება დაგჭირდეს. ეს გრძელდება დაახლოებით 7-10 დღე.ზოგჯერ ხუთი დღეც გრძელდება, ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს სამი კვირაც, მაგრამ 7-10 დღეა კლასიკური ხანგრძლივობა. არ გინდა ფულის გადაყრა ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებში. მე ამას ვეუბნები განსაკუთრებით მშობლებს: შვილებს ნუ დაალევინებთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს, მით უმეტეს, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს, იმიტომ, რომ გაციების დროს სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში.

გარდა ამისა, ზოგიერთი ყიდულობს ხოლმე დეკონგესტანტებს, რომლებიც სურდოს ხსნიან. მათი ეფექტურობა ძალიან დაბალია გაციების შემთხვევებში. მაგრამ რაც მუშაობს ძალიან კარგად და მე გაძლევ ამის გარანტიას, რომ მუშაობს ძალიან კარგად, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კვლევა იყო ძალიან კარგი სანდოობით, ეს არის თუთია. თუთია გაციების დროს მუშაობს ძალიან კარგად. თუთიის აცეტატი, თუთიის გლუკონატი... საქმე რაშია: თუ გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუთიას მიიღებ, მაგ შემთხვევაში თუთიის მიღებით მოხდება სამი რაღაცა:

პირველი — შემცირდება დაავადების სიმძიმე მესამედით.

მეორე — შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა ერთი-ორი დღით. თუ იყო, ვთქვათ, ხუთი დღე, იქნება უკვე სამი დღე, იმიტომ, რომ შემცირდება ხანგრძლივობა. გარდა ამისა, შეიძლება აღარც დაგჭირდეს სხვა მედიკამენტების გამოყენება, იმიტომ, რომ მდგომარეობიდან გამოხვალ უფრო სწრაფად.ასე რომ, თუთია შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

არ დალიო ანტიბიოტიკები გაციების დროს. ანტიბიოტიკების მიღება სისულელეა, ფული მაგაში არ გადაყარო. უფრო მეტი ზიანია, იმიტომ, რომ გაციებას ვირუსი იწვევს და არა ბაქტერია. ამიტომ ანტიბიოტიკში ფულს ნუ გადაყრი.

ზოგიერთი თუთიას სვამს, მაგრამ ეფექტურობა არ აქვს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თუთიას არ სვამ სწორი დოზით. თუთიის დღეღამური მოთხოვნილება სხეულისთვის არის დაახლოებით 11 მილიგრამი, მაგრამ გაციების დროს უნდა იყოს გამოყენებული არა 11 მილიგრამი, არამედ დაახლოებით 50-დან 75 მილიგრამამდე. ანუ უფრო მაღალი დოზები. ეს ძალიან მოკლე დროით და პირველ 24 საათში თუ მიიღებ, შედეგი იქნება.

ახლა, თუ გაციებული ხარ და მესამე დღეს, როცა უკვე ვეღარ სუნთქავ ცხვირით, მაშინ გაგახსენდა, რომ თუთია უნდა დალიო — შეეშვი. ახლა უკვე აღარ ღირს. პირველ 24 საათში რომ მიგეღო, ექნებოდა შანსი.

C ვიტამინი ზოგიერთს რომ სვამს, მას თუ აქვს რამე ზეგავლენა? თუ C ვიტამინს მიიღებ, სამწუხაროდ, ხანგრძლივობას ოდნავ ამცირებს, სულ ოდნავ, მაგრამ სიმძიმეს მაინცდამაინც არ ცვლის და ასევე არ იცავს სხვა ეპიზოდებისგან.

D ვიტამინზე, სამწუხაროდ, არ ვიცით.

შევაჯამოთ: როცა გაციებული ხარ, საბოლოო ჯამში რას შვები? ან არაფერს არ სვამ — ეგ ძალიან კარგი გამოსავალია. ან გამოიყენო თუთია და გამოხატული სიცხის შემთხვევაში — იბუპროფენი. ძალიან მარტივი რჩევებია.

და როგორ მუშაობს თუთია? ორი ვერსია გვაქვს. ერთი მხრივ, თუთია უნდა აცხრობდეს ანთებას ცხვირის ლორწოვანში და, მეორე მხრივ, ის ხელს უნდა უშლიდეს რინოვირუსის რეცეპტორის მუშაობას — უზიანებს „კარს“, რომ ვირუსი ვერ შემოვიდეს სხეულში," - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ხშირად მოგვისმენია: „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ“... არასწორია, რომ „გაცივება“ გადამდები არ არის - მაია ბუწაშვილი
რომელ კარაქთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა საკვები უნდა მოვარიდოთ გაციებულ ბავშვს - მარი მალაზონიას რჩევები