კულინარი ინფლუენსერი ალეკო ჯავაშვილი უჩვეულო დესერტის მომზადების მეთოდს გვიზიარებს, რომლის მთავარი ინგრედიენტი ხილია. ატმისა და ქლიავის მასა ნამდვილ შოკოლადად იქცევა.
მზარეულის თქმით, მიღებული დესერტი მაცივარში სქელი შოკოლადის კრემის კონსისტენციას იძენს, საყინულეში კი - ნაყინის მსგავს ტექსტურას. თუ რამდენიმე წუთით ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებთ, რბილდება და შოკოლადის კანფეტივით იკბიჩება.
რეცეპტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხილიდან ზედმეტი ტენის აორთქლებაა. „აქ მიზანი ის კი არ მაქვს, ატამი მოვხარშო, არამედ მისი კონცენტრირება. რაც მეტი ტენი აორთქლდება და გამოვა, მით უფრო ინტენსიური იქნება ატმის გემო და მით უფრო მყარი და სტაბილური გამოვა შოკოლადის კრემიც“, — განმარტავს ავტორი.
ინგრედიენტები:
ავტორი ტკბილ ატამს იყენებს და ამიტომ შაქარს საერთოდ არ ამატებს.
ატამი მოათავსეთ ქვაბში წყლის დამატების გარეშე. დააფარეთ თავსახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. ხილი თანდათან წვენს გამოუშვებს.
შემდეგ მომზადება დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ, რათა გამოყოფილი სითხის დიდი ნაწილი აორთქლდეს. მიზანია არა უბრალოდ ატმის დარბილება, არამედ მისი კონცენტრირება. საბოლოოდ 1 კგ ატმიდან დაახლოებით 500 გრამი კონცენტრირებული ხილის მასა უნდა დარჩეს.
დარბილებული ატამი ქვაბშივე დააბლენდერეთ. ჯერ კიდევ ცხელ მასას დაუმატეთ 50 გ კაკაო და კარგად აურიეთ. ავტორის განმარტებით, კაკაო ცხელ მასაში უკეთ იხსნება და ხილში დარჩენილი ტენის ნაწილსაც შეიწოვს.
მასა კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ და შემდეგ საცერში გაატარეთ, რათა მაქსიმალურად ერთგვაროვანი და გლუვი გახდეს.
საცერში გატარებული ნარევი ისევ ქვაბში გადაიტანეთ, სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ვანილი და კვლავ დაბალ ცეცხლზე დადგით. მასა არ უნდა ადუღდეს — ავტორი დაახლოებით 90°C-მდე გაცხელებას ურჩევს. ამ ეტაპზე დარჩენილი ზედმეტი ტენიც უნდა აორთქლდეს.
შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ დაახლოებით 35–36°C-მდე.
თბილ მასაში დაამატეთ კარაქი და ხელის ბლენდერით კარგად დაამუშავეთ, სანამ კარაქი მთლიანად არ შეერევა და ერთგვაროვანი, პრიალა კრემი არ მიიღება.
ქლიავის ვარიანტი პრაქტიკულად იმავე მეთოდით მზადდება.
ინგრედიენტები:
ავტორი განსაკუთრებით წითელ, ხორციან და კარგად დამწიფებულ ქლიავს გვირჩევს. მისი თქმით, ქლიავთან მუშაობა შედარებით მარტივია. „ქლიავთან უფრო ადვილია მუშაობა, იმიტომ, რომ პექტინს შეიცავს. დაგვეხმარება ეგ პექტინი, შესქელდება თან მარტივად, კარგი ჟელესავით ხდება“, — ამბობს ის.
ქლიავიც წყლის გარეშე, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა მომზადდეს. როდესაც საკუთარ წვენს გამოუშვებს, მომზადება იქამდე განაგრძეთ, ვიდრე სითხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აორთქლდება და დაახლოებით 500 გ კონცენტრირებული მასა არ დაგრჩებათ.
შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცესი: დააბლენდერეთ, ცხელ მასას დაუმატეთ კაკაო, კვლავ დააბლენდერეთ, საცერში გაატარეთ და კიდევ ცოტა ხნით დაბალ ცეცხლზე დააბრუნეთ ზედმეტი ტენის მოსაშორებლად.
დაახლოებით 35–36°C-მდე გაგრილების შემდეგ დაუმატეთ კარაქი და ბლენდერით ერთგვაროვან ემულსიად აქციეთ.
მზა დესერტი შეგიძლიათ ჩვეულებრივ მაცივარში მოათავსოთ და გამოიყენოთ როგორც სქელი შოკოლადის კრემი. მისი საკონდიტრო ტომარაში მოთავსებაც შეიძლება — ავტორის თქმით, კარგად მომზადებული მასა ფორმასა და რელიეფს ინარჩუნებს.
მეორე ვარიანტია მისი მცირე ულუფებად დაყოფა და გაყინვა. ასეთ შემთხვევაში დესერტი საყინულიდან გამოღებისთანავე ძალიან მყარია, თუმცა რამდენიმე წუთში რბილდება. მზარეულისაღწერით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დესერტი უკვე რბილი შოკოლადის კანფეტივით იკბიჩება.
1 კგ ხილისგან, 50 გ კაკაოსა და 100 გ კარაქის დამატებით საბოლოოდ დაახლოებით 650 გრამი დესერტი მიიღება.