როგორ უშლის შიში ბავშვს მათემატიკის სწავლაში ხელს - „მათემატიკას ვერ ვიგებ“ ყოველთვის ნიჭის ნაკლებობას არ ნიშნავს - მშობლები

როგორ უშლის შიში ბავშვს მათემატიკის სწავლაში ხელს - „მათემატიკას ვერ ვიგებ“ ყოველთვის ნიჭის ნაკლებობას არ ნიშნავს

2026-10-05 10:56:33+04:00

ბავშვი შეიძლება კარგად აზროვნებდეს, სხვა საგნებში წარმატებული იყოს და მაგრამ რიცხვების, ფორმულების ან ამოცანის დანახვისთანავე დაიძაბოს და ისეთი მარტივი მოქმედებაც კი შეეშალოს, რომელსაც მშვიდ გარემოში უპრობლემოდ ასრულებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა ყოველთვის მათემატიკური უნარის ნაკლებობა არ არის. შესაძლოა, ბავშვს ე.წ. მათემატიკური შფოთვა ჰქონდეს — მათემატიკასთან დაკავშირებული დაძაბულობა, შიში და უმწეობის განცდა.

კვლევები აჩვენებს, რომ მათემატიკური შფოთვა უკვე დაწყებითი სკოლის ასაკში გვხვდება და მას ბავშვის აკადემიურ შედეგებზე რეალური გავლენა შეუძლია ჰქონდეს. პირველ-მეორეკლასელებზე ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ მათემატიკის მიმართ შიში დაკავშირებული იყო არა მხოლოდ დაბალ შედეგებთან, არამედ ამოცანის ამოხსნის ნაკლებად ეფექტური სტრატეგიების გამოყენებასთან.

ბავშვმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ შიშის გამო ვერ აჩვენოს, რა შეუძლია

მათემატიკური შფოთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი სამუშაო მეხსიერებას უკავშირდება. სამუშაო მეხსიერება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც გონების დროებითი „სამუშაო სივრცე“, რომელშიც ბავშვი ამოცანის ამოხსნისას ინფორმაციას ინახავს და ერთდროულად ამუშავებს.

მაგალითად, როდესაც ბავშვი მრავალსაფეხურიან ამოცანას ხსნის, მას უნდა ახსოვდეს პირობა, შეარჩიოს საჭირო მოქმედება, შეინარჩუნოს შუალედური შედეგი და შემდეგი ნაბიჯიც დაგეგმოს.

მაგრამ თუ ამ დროს მისი ყურადღება დაკავებულია ფიქრებით — „ვერ გავაკეთებ“, „ისევ შემეშლება“, „მასწავლებელი გამიბრაზდება“, „ყველა ჩემზე სწრაფად ხსნის“ — გონებრივი რესურსის ნაწილი უკვე ამ შფოთვაზე იხარჯება. შედეგად, მათემატიკური დავალებისთვის ნაკლები რესურსი რჩება. კვლევები ბავშვებშიც ადასტურებს მათემატიკური შფოთვის, სამუშაო მეხსიერებისა და მათემატიკური შედეგების კავშირს.

ამიტომ ბავშვის მიერ დაფასთან დაშვებული შეცდომა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მან მასალა არ იცის. შესაძლებელია, სახლში იგივე ამოცანას სწორად ხსნიდეს, კლასში კი დაიბნეს. ან სახლშიც შფოთვა ჰქონდეს.

საინტერესოა, რომ მათემატიკის შიშმა ძლიერ ბავშვებსაც შეიძლება შეუშალოს ხელი

მათემატიკური შფოთვა მხოლოდ მათთვის არ არის დამახასიათებელი, ვისაც საგანი უჭირს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში (ჯერარდო რამირესის პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც 2016 წელს Journal of Experimental Child Psychology-ში გამოქვეყნდა) განსაკუთრებით საინტერესო შედეგი მიიღეს: მაღალი სამუშაო მეხსიერების მქონე ბავშვები, რომლებსაც ძლიერი მათემატიკური შფოთვა ჰქონდათ, რთული და ეფექტური ამოხსნის სტრატეგიების გამოყენებას ნაკლებად მიმართავდნენ და ამის გამო საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ბავშვს მათემატიკური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ შიში ხელს უშლის ამ შესაძლებლობის სრულად გამოყენებაში.

მსგავსი სურათი აჩვენა დაწყებითი სკოლის 202 მოსწავლეზე ჩატარებულმა სხვა კვლევამაც: გარკვეული ტიპის მათემატიკურ დავალებებში მაღალი სამუშაო მეხსიერების მქონე ბავშვებზე მათემატიკური შფოთვის უარყოფითი გავლენა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

როგორ ჩნდება მანკიერი წრე

მათემატიკური შფოთვა და ცუდი შედეგები ერთმანეთს შეიძლება აძლიერებდეს.

მაგალითად, ბავშვს ერთხელ ან რამდენჯერმე გაუჭირდა დავალების შესრულება, დაბალ შეფასება მიიღო ან სხვების წინაშე შეცდომა დაუშვა. მას უჩნდება მოლოდინი, რომ შემდეგ ჯერზეც ვერ შეძლებს. შემდეგ დავალებას უკვე დაძაბული ხვდება, შფოთვის გამო კონცენტრაცია უჭირს და კვლავ შეცდომას უშვებს.

ამის შემდეგ ბავშვისთვის თითქოს დასტურდება აზრი: „მე მათემატიკა არ შემიძლია.“

რაც უფრო ხშირად მეორდება ეს გამოცდილება, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ბავშვმა რთულ დავალებებს თავი აარიდოს, ნაკლებად ივარჯიშოს და მათემატიკასთან დაკავშირებულ სიტუაციებსაც გაურბოდეს. გრძელვადიანმა კვლევამ, რომელშიც ბავშვებს მესამე კლასიდან მეოთხე კლასამდე აკვირდებოდნენ, აჩვენა, რომ მათემატიკური შფოთვისა და შედეგების ურთიერთკავშირი ასაკთან ერთად შეიძლება გაძლიერდეს.

„უბრალოდ მათემატიკის ნიჭი არ აქვს“ — რატომ არის ეს დასკვნა ნაჩქარევი

როდესაც ბავშვს მათემატიკა უჭირს, ხშირად ამბობენ: „ჰუმანიტარია“, „რიცხვების ნიჭი არ აქვს“ ან „ჩვენს ოჯახში მათემატიკა არავის გამოგვდიოდა“.

თუმცა მხოლოდ ნიშნებით შეუძლებელია დავასკვნათ, რომ ბავშვს მათემატიკური შესაძლებლობები არ აქვს. დაბალ შედეგზე შეიძლება ერთდროულად ბევრი ფაქტორი მოქმედებდეს — ცოდნის ხარვეზები, სწავლების მეთოდი, ყურადღების სირთულეები, კონკრეტული სასწავლო სირთულე და მათ შორის მათემატიკური შფოთვაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც ბავშვი მშვიდ გარემოში ამოცანას ხსნის, მაგრამ საკონტროლო სამუშაოზე, დაფასთან ან დროის შეზღუდვისას თითქოს „ყველაფერი ავიწყდება“.

მეექვსე-მერვე კლასელებზე ჩატარებულ კვლევაში მაღალი მათემატიკური შფოთვის მქონე ბავშვებს მათემატიკაში უფრო დაბალი შედეგები ჰქონდათ, მაშინ როცა კითხვისა და წერის უნარებში მსგავსი განსხვავება არ გამოვლენილა.

როგორ შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს მათემატიკური შფოთვა

ბავშვი შეიძლება ამბობდეს: „მათემატიკა მძულს“, „მე ამას მაინც ვერ გავაკეთებ“, „ციფრებს რომ ვხედავ, ვიბნევი“, „შემაჯამებელზე ყველაფერი მავიწყდება“.

ზოგჯერ შფოთვა ქცევითაც ჩანს: ბავშვი აჭიანურებს მათემატიკის დავალების დაწყებას, ცდილობს თავი აარიდოს მას, ძალიან ნერვიულობს შეცდომაზე, სხვებს მუდმივად ადარებს საკუთარ თავს ან პასუხის თქმას ერიდება მაშინაც კი, როდესაც სავარაუდოდ იცის.

PISA 2022-ის მონაცემებით, მათემატიკური შფოთვა მოზარდებშიც ფართოდ არის გავრცელებული. OECD-ის ქვეყნებში საშუალოდ 15 წლის მოსწავლეთა დაახლოებით 40% ამბობდა, რომ მათემატიკური ამოცანის შესრულებისას ან საშინაო დავალებაზე მუშაობისას ნერვიულობას, უმწეობას ან შფოთვას გრძნობდა. მათემატიკური შფოთვის უფრო მაღალი დონე კი მათემატიკის დაბალ შედეგებთან იყო დაკავშირებული.

რას შეუძლია მშობელს და მასწავლებელს

პირველი ნაბიჯია ბავშვს იარლიყი არ მიანიჭოთ. ფრაზებმა - „მათემატიკა შენი საქმე არ არის“, „შენ რიცხვების თავი არ გაქვს“ — ბავშვს შეიძლება კიდევ უფრო გაუმყაროს წარმოდგენა, რომ შეცვლა შეუძლებელია.

უფრო სასარგებლოა შეცდომის სწავლის ჩვეულებრივ ნაწილად წარმოჩენა და შედეგის ნაცვლად პროცესზე ყურადღების გამახვილება: როგორ მივიდა ბავშვი პასუხამდე, სად დაიბნა და რომელი ნაბიჯი უკვე სწორად შეასრულა.

ასევე მნიშვნელოვანია დავალების სირთულის თანდათან გაზრდა. თუ ბავშვი მუდმივად ისეთ ამოცანებს იღებს, რომელთა შესრულებაც მისთვის ზედმეტად რთულია, ყოველი ახალი წარუმატებლობა შიშს აძლიერებს. შედარებით მარტივი ამოცანიდან დაწყება და ეტაპობრივად გართულება კი წარმატების გამოცდილების დაგროვების საშუალებას აძლევს.

კვლევების სისტემური მიმოხილვა აჩვენებს, რომ სასკოლო ასაკში მათემატიკური შფოთვის შემცირებაზე მიმართული ჩარევები შეიძლება მოიცავდეს როგორც მათემატიკური უნარების დამატებით ვარჯიშს, ისე უშუალოდ შფოთვაზე მუშაობას.

OECD-ც აღნიშნავს, რომ მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების, მხარდაჭერისა და განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების ხელშეწყობა მათემატიკური შფოთვის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია.

ამიტომ ბავშვის ფრაზა — „მე მათემატიკა არ შემიძლია“ — ყოველთვის არ ნიშნავს „მე ამის ნიჭი არ მაქვს“. ზოგჯერ მის უკან გაცილებით მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: „მეშინია, რომ ვერ შევძლებ.“

და თუ პრობლემა სწორედ შიშია, მხოლოდ მეტი ამოცანის მიცემა ყოველთვის საკმარისი არ იქნება. ბავშვს სჭირდება ისეთი გარემოც, სადაც შეცდომა სირცხვილის მიზეზი არ არის, მათემატიკა მუდმივ დაძაბულობასთან აღარ ასოცირდება და მას თანდათან უჩნდება გამოცდილება — „მე ამის გაკეთება შემიძლია.“

არ ვისწავლი... ეს მათემატიკა ცხოვრებაში არ დამჭირდება - როგორ განვუვითაროთ ბავშვს მოქნილი უნარები, რომ მტანჯველი მეცადინეობის გარეშეც წარმატებას მიაღწიოს
როცა ბავშვს მათემატიკა უჭირს - მეცნიერებმა ზუსტი მიზეზი იპოვეს და მშობლებს ყველაზე სწორ მეთოდს სთავაზობენ