რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს ან მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს - დეტალები - მშობლები

რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს ან მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს - დეტალები

2026-10-05 12:50:50+04:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვის ხანგრძლივი გამოუცხადებლობა შესაძლოა, მისი რეგისტრაციის შეჩერებისა და საბოლოოდ ბაღიდან ამორიცხვის მიზეზი გახდეს. თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესი არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი კონკრეტული რაოდენობის გაცდენის შემდეგ ავტომატურად კარგავს ადგილს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №27-43 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ბავშვის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ან ერთი თვის განმავლობაში ჯამში 15 სამუშაო დღის განმავლობაში ბაღში გამოუცხადებლობა რეგისტრაციის შეჩერების საფუძველია.

ეს ნიშნავს, რომ თუ ბავშვი ბაღში ზედიზედ 10 სამუშაო დღე არ გამოცხადდა, ან თვის განმავლობაში გაცდენების რაოდენობამ 15 სამუშაო დღეს მიაღწია, მისი რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში ჩერდება. წესის თანახმად, რეგისტრაციის შეჩერება ავტომატურად ხდება მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18:00 საათიდან და ამისთვის ბაღის დირექტორის ცალკე გადაწყვეტილება საჭირო არ არის.

ამასთან, რეგისტრაციის შეჩერება ბავშვის ბაღიდან ავტომატურად ამორიცხვას არ გულისხმობს.

როდის ამოირიცხება ბავშვი ბაღიდან?

თუ რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ბაღში არ წარადგენს ბავშვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს, ეს უკვე ბავშვის ამორიცხვისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი ხდება.

ამორიცხვის სამართლებრივი საფუძველი ბაღის დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილება, ანუ ბრძანებაა.

რა ითვლება ბავშვის ბაღში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად?

დადგენილებაში კონკრეტულადაა ჩამოთვლილი ის შემთხვევები, რომლებიც ბავშვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევა.

ასეთ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ბავშვის ავადმყოფობა;
  • ბავშვის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • სტიქიური უბედურება;
  • სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია, მათ შორის პანდემია.

გარდა ამისა, ჩამონათვალი დახურული არ არის. წესის მიხედვით, საპატიო მიზეზად შეიძლება, სხვა განსაკუთრებული შემთხვევაც ჩაითვალოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში საკითხს ინდივიდუალურად ბაღის დირექტორი წყვეტს.

თუ რეგისტრაცია მხოლოდ შეჩერდა და მშობელმა დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, რეგისტრაციის აღდგენა არსებული ანკეტის გააქტიურებით ხდება.

სხვა ვითარებაა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის რეგისტრაცია უკვე გაუქმდა. ასეთ დროს, იმავე ან სხვა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღის მომსახურების მისაღებად, ბავშვის ახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო.

ვრცლად დოკუმენტს შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გაეცნოთ.

რამდენი გაცდენის შემდეგ უჩერდება მოსწავლეს სტატუსი და რა ვალდებულება აქვს სკოლას

მოსწავლის მიერ სკოლაში ხანგრძლივი დროით გამოუცხადებლობამ შესაძლოა, მოსწავლის სტატუსის შეჩერება გამოიწვიოს, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ გაცდენების რაოდენობის დათვლას არ გულისხმობს. კანონმდებლობა სკოლას ავალდებულებს, რომ მოსწავლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორების თავიდან ასაცილებლად, სტატუსის შეჩერებამდე კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში" 2021 წლის 8 აპრილს შეტანილი ცვლილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ სკოლას მოსწავლის სტატუსის შეჩერებამდე გარკვეული ღონისძიებების განხორციელება ევალება.

თუ მოსწავლე ზედიზედ 10 სასწავლო დღეს აცდენს, კლასის დამრიგებელმა უნდა მოამზადოს წერილობითი ანგარიში. ანგარიშში უნდა აისახოს, რა არის მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზი, რა ღონისძიებები გაატარა სკოლამ მოსწავლის სასწავლო პროცესში დასაბრუნებლად და რა შედეგი მიიღო ამ ღონისძიებებმა.

იგივე ვალდებულება არსებობს ზედიზედ 20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში - ამ შემთხვევაშიც კლასის დამრიგებელი წერილობით ანგარიშს ამზადებს. სკოლა ამ ანგარიშს, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის რესურსცენტრს წარუდგენს.

რა ხდება 20 დღის გაცდენის შემდეგ?

თუ მოსწავლე ზედიზედ 20 სასწავლო დღის შემდეგაც არ ერთვება სასწავლო პროცესში, მოსწავლის შემთხვევის მართვაში, კლასის დამრიგებელთან ერთად, უნდა ჩაერთოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი, თუ ასეთი სპეციალისტი არსებობს.

სოციალური მუშაკი მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს ოჯახში ვიზიტს.

ვიზიტის მიზანია დადგინდეს, რატომ ვერ ხერხდება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა და/ან შეფასდეს, რამდენად მდგრადია მოსწავლის დასაბრუნებლად უკვე განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.

როდის უჩერდება ბავშვს მოსწავლის სტატუსი?

თუ მოსწავლე ზედიზედ 45 სასწავლო დღის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს სრულად ელექტრონული დისტანციური სწავლების გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას, სკოლა ვალდებულია მას მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს.

ეს არის სტატუსის შეჩერება და არა ავტომატურად სკოლიდან "გარიცხვა". სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოლა ვალდებულია გადაწყვეტილების შესახებ მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს.

ამასთან, გადაწყვეტილება და ინფორმაცია სტატუსის შეჩერების შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უნდა აისახოს.

თუ გაცდენის მიზეზი სწავლის უფლების შეზღუდვას უკავშირდება

დოკუმენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა გათვალისწინებული.

თუ 45 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში საკითხის შესწავლისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა ან დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობაზე უარი გახდა არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვის მიზეზი, სკოლამ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

სტატუსის შეჩერება არ ნიშნავს, რომ მოსწავლე საბოლოოდ გაირიცხა სკოლიდან. სტატუსის აღსადგენად მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შესაბამის სკოლას უნდა მიმართოს. სტატუსის აღდგენის შემდეგ, მოსწავლე სწავლას, როგორც წესი, იმავე კლასში აგრძელებს, რომელშიც სტატუსი შეუჩერდა. თუ დადასტურდა, რომ მოსწავლემ კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის ან კლასების საგანმანათლებლო პროგრამა დაძლია, მას სტატუსი შესაბამის კლასში აღუდგება. თუ სკოლა, რომელმაც მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა, აღარ ფუნქციონირებს და უფლებამონაცვლე არ ჰყავს, მშობელს შეუძლია, სტატუსის აღდგენის მიზნით მიმართოს იმ სკოლას, რომელშიც ბავშვს სწავლის გაგრძელება სურს.

ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე არიან - PISA-ს შედეგები