თუ გაიგეთ, რომ მეგობარს მეუღლე ღალატობს — უნდა უთხრათ თუ არა მას სიმართლე? - მშობლები

თუ გაიგეთ, რომ მეგობარს მეუღლე ღალატობს — უნდა უთხრათ თუ არა მას სიმართლე?

2026-10-05 13:37:47+04:00

წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით გაიგეთ ან თავად გახდით იმის მოწმე, რომ თქვენი მეგობრის ქმარი ან პარტნიორი მას ღალატობს. პირველი, რასაც გაიფიქრებთ, ახლავე სიმართლე უნდა უთხრათ მეგობარს. თუმცა შემდეგ ჩნდება ეჭვები: იქნებ სხვის ურთიერთობაში ჩარევა არ ღირს? იქნებ მეგობარმა არ დაგიჯეროთ, თქვენ დაგადანაშაულოთ ან საერთოდ თქვენთან ურთიერთობაც შეწყვიტოს? ფსიქოლოგის განმარტებით, ასეთ სიტუაციაში ერთი უნივერსალური გადაწყვეტილება არ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც მეგობრისთვის დამატებითი ზიანის მიყენებისგან დაგვიცავს.

სოციალურ ქსელებში ამ საკითხზე მუდმივად კამათობენ. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეგობარს ღალატის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ — წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პარტნიორის საიდუმლოს შენახვით თითქოს თავადაც ღალატის თანამონაწილე ხდებით. სხვების აზრით კი, სხვის პირად ურთიერთობაში ჩარევა სარისკოა და საბოლოოდ შეიძლება სწორედ მეგობარი დაკარგოთ.

ერთ საკითხზე პოზიციები მეტ-ნაკლებად ემთხვევა: ეჭვი და ფაქტი ერთი და იგივე არ არის. თუ უბრალოდ მოგეჩვენათ, რომ მეგობრის პარტნიორი სხვა ქალთან საეჭვოდ იქცეოდა, ან ამის შესახებ სხვისგან გაიგეთ, ასეთი ინფორმაციის ფაქტად მიწოდებამ შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს. მეგობარმა შეიძლება არც დაგიჯეროთ და ჩათვალოს, რომ მის ურთიერთობაში ჩარევას ცდილობთ.

სხვა ვითარებაა, როდესაც ღალატის შესახებ უტყუარი ინფორმაცია გაქვთ ან თავად გახდით მისი მოწმე.

რატომ არის სხვისი საიდუმლოს ცოდნა რთული

სხვისი მტკივნეული საიდუმლოს შენახვა განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც საქმე ახლო მეგობარს ეხება. საიდუმლო ადამიანებს შორის ერთგვარ „მინის კედელს“ ქმნის. ერთი მხრივ, არ გინდათ მეგობრისთვის ტკივილის მიყენება, მეორე მხრივ კი იცით ისეთი რამ, რაც მის ცხოვრებას უშუალოდ ეხება. დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა მეგობრულ ურთიერთობაზეც იმოქმედოს.

თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: შესაძლებელია, ქალს თავადაც ჰქონდეს ეჭვი პარტნიორის ღალატზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო სიმართლის გარკვევას თავს არიდებდეს. მესამე ადამიანის ჩარევამ კი შეიძლება აიძულოს, იმ რეალობას შეხედოს, რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის.

ფსიქოლოგების რჩევა - ჯერ პარტნიორს დაელაპარაკეთ

ჯერ "მოღალატეს" დაელაპარაკეთ. საუბარი მაქსიმალურად მშვიდი და შეფასებებისგან თავისუფალი უნდა იყოს. შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენთვის ცნობილია მომხდარის შესახებ და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიციაც.

რატომ შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი?

ადამიანს, რომელმაც პარტნიორს უღალატა, შეიძლება განსხვავებული მოტივაცია ჰქონდეს. იმის გაცნობიერებამ, რომ მისი საქციელი უკვე სხვამაც იცის, შესაძლოა უბიძგოს, თავად აიღოს პასუხისმგებლობა და მეუღლეს სიმართლე უთხრას.

ამ გზით პასუხისმგებლობა პირველ რიგში წყვილის ურთიერთობაში რჩება და მესამე ადამიანი ავტომატურად არ ხდება ის, ვინც მტკივნეულ ინფორმაციას დაზარალებულ პარტნიორს აწვდის.

თუ მეგობარმა ყველაფერი გაიგო, გადაწყვეტილება მის ნაცვლად არ მიიღოთ

თუ ღალატი გამჟღავნდა, მეგობარს შესაძლოა ძალიან განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. მან შეიძლება ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტოს, მაგრამ ასევე შეიძლება პარტნიორთან დარჩენა მოინდომოს.

ფსიქოლოგების აზრით, ასეთ დროს მეგობრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და არა იმის კარნახი, როგორ უნდა მოიქცეს.

არ ღირს ემოციური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავება ფრაზებით — „აუცილებლად უნდა დაშორდე“, „როგორ შეგიძლია ამის პატიება?“ ან პირიქით — „ოჯახი ამის გამო არ უნდა დაანგრიო“.

ადამიანს თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა სურს საკუთარი ურთიერთობისგან. მეგობრის როლი კი შეიძლება იყოს იმის ჩვენება, რომ მის გვერდით ხართ, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ რომელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება სიმართლის ცოდნა არც მოისურვოს

ზოგი ადამიანი ქმრის ღალატს ეჭვობს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თვალის დახუჭვას არჩევს.

ჩვენ წინასწარ ვერ გვეცოდინება, რას გადაწყვეტს მეგობარი, როდესაც სიმართლეს გაიგებს. სწორედ ამიტომ სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია წყვილის პირადი საზღვრების მაქსიმალურად დაცვა და პასუხისმგებლობის მათ ურთიერთობაში დატოვება.

თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც დუმილი განსაკუთრებით პრობლემური ხდება. მაგალითად, თუ ღალატთან ერთად მეგობარს სხვა რეალური ზიანიც ადგება — პარტნიორი მის ფულს სხვა ურთიერთობაზე ხარჯავს ან მისი ქმედებები სხვა ფორმით აზიანებს მას, სიმართლის თქმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რა არ უნდა გააკეთოთ

თუ მეგობრის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაცია გაიგეთ, ყველაზე ცუდი გამოსავალი მისი სხვა ადამიანებთან განხილვა და ჭორის გავრცელებაა.

ასევე არ ღირს მოღალატე პარტნიორისთვის ალიბის შექმნა, მისი საქციელის დაფარვაში დახმარება ან ისეთი მოქმედება, რომელიც არსებული სიტუაციის გაგრძელებას უწყობს ხელს.

მთავარი პრინციპი ასეთია: არ გადააქციოთ მეგობრის პირადი ტრაგედია საერთო განხილვის თემად, არ აიღოთ საკუთარ თავზე მისი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება და, თუ სიმართლე გამჟღავნდება, მიეცით მას უფლება თავად გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელებს ურთიერთობას.

მილიონერმა დედამ ვაჟი ცოლის ღალატის გამო დასაჯა და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა - ქალმა რამდენიმემილიონიანი ქონება ქალიშვილს და სიძეს დაუტოვა
ჯერ ჩვენ, სასულიერო პირებმა დავიჯერეთ და მერე სხვებს დავაჯერეთ, რომ თუ წყვილმა ჯვარი არ დაიწერა, ესე იგი, მრუშობენ. გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია