ბავშვთა გულის პათოლოგიები: რატომ არის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? - მარიამ კაპანაძე - ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ბავშვთა კარდიოლოგი - მშობლები

ბავშვთა გულის პათოლოგიები: რატომ არის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? - მარიამ კაპანაძე - ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ბავშვთა კარდიოლოგი

2026-10-06 10:30:17+04:00

ბავშვის გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაბადებიდანვე მნიშვნელოვანია. ბავშვთა ასაკში გულის დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი თანდაყოლილია და ზოგჯერ ისინი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მკვეთრი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს.

თანდაყოლილი გულის მანკები დაახლოებით ყოველი 100 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. ზოგიერთი მათგანი სიცოცხლის პირველივე დღეებში ვლინდება, ზოგი კი მოგვიანებით, მაშინ, როდესაც ბავშვი უფრო აქტიური ხდება, იწყებს სიარულს, სპორტს ან იზრდება ფიზიკური დატვირთვა.

სწორედ ამიტომ, გულის პათოლოგიის დროულად გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რას გვაძლევს ადრეული დიაგნოსტიკა?

გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას თუ პრობლემა დროულად გამოვლინდა, ექიმს შეუძლია შეაფასოს მისი სიმძიმე და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა მანამდე დაიწყოს, სანამ მდგომარეობა გართულდება. ეს ამცირებს გულის უკმარისობის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიისა და ზრდა-განვითარების შეფერხების რისკს.

მკურნალობის სწორად დაგეგმვის შესაძლებლობას თანამედროვე მედიცინაში ყველა გულის პათოლოგია ოპერაციას არ საჭიროებს. ზოგ შემთხვევაში საკმარისია რეგულარული მეთვალყურეობა, ზოგ შემთხვევაში კი, შესაძლებელია, მინიმალურად ინვაზიური, კათეტერული ჩარევა.

ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობას გულის ნორმალური მუშაობა მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდის, ფიზიკური აქტივობისა და ენერგიულობისთვის. დროული მართვა ეხმარება ბავშვს თანატოლებთან ერთად თავისუფლად ითამაშოს, ივარჯიშოს და განვითარდეს.

რა ნიშნებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

გულის პათოლოგია ყოველთვის აშკარა სიმპტომებით არ ვლინდება. თუმცა არსებობს ნიშნები, რომელთა შემთხვევაში ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია სასურველია.

ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი:

  • თამაშის ან ფიზიკური აქტივობის დროს სწრაფად იღლება;
  • ხშირად უჩივის ქოშინს ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას;
  • უჩივის გულმკერდის ტკივილს ან სიმძიმეს;
  • აღნიშნავს გულისცემის აჩქარებას ან არარეგულარულ რიტმს;
  • ფიზიკური დატვირთვისას ეწყება თავბრუსხვევა;
  • კარგავს გონებას;
  • აქვს ტუჩების ან ფრჩხილების მიდამოს მოლურჯო შეფერილობა;
  • ჩვილობისას კვების დროს სწრაფად იღლება ან ჭარბად ოფლიანდება;
  • ასაკთან შედარებით ნელა იმატებს წონაში.

როდის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კარდიოლოგიური შეფასება?

ახალშობილობისა და ჩვილობის პერიოდში სიცოცხლის პირველი თვეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანდაყოლილი გულის პათოლოგიების გამოსავლენად.

თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, კვებისას დაღლა, ციანოზი ან არასაკმარისი წონის მატება, შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვთა კარდიოლოგის შეფასება და გულის ექოსკოპია.

სკოლამდელ და სასკოლო ასაკში ბავშვის ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს ნიშნები, რომლებიც ჩვილობის პერიოდში შეუმჩნეველი იყო.

თუ ბავშვი თანატოლებთან შედარებით სწრაფად იღლება, ვერ იტანს ფიზიკურ დატვირთვას, აქვს თავბრუსხვევა ან გულისცემის უჩვეულო შეგრძნება, საჭიროა დამატებითი შეფასება.

მოზარდობის პერიოდში სქესობრივი მომწიფების დროს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც აისახება.

ამ პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისცემის გახშირება, გულის რიტმის არარეგულარულობის შეგრძნება ან თავბრუსხვევა.

მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის ეს ასაკთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილება თუ საჭიროებს დამატებით კვლევას.

სპორტი და ბავშვის გული სპორტი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე სასურველია ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

კარდიოლოგიური შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აქვს გულმკერდის ტკივილი დატვირთვის დროს, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვისა და გულისცემის აჩქარების ეპიზოდები, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

ასეთ შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ჰოლტერის მონიტორინგი ან სხვა კვლევა.

როგორ ხდება ბავშვის გულის შემოწმება?

ბავშვთა კარდიოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევები.

ელექტროკარდიოგრაფია - ეკგ ეკგ აფასებს გულის ელექტრულ აქტივობას, გულისცემის სიხშირესა და რიტმს.

კვლევა რამდენიმე წუთს გრძელდება და სრულიად უმტკივნეულოა. ბავშვის გულმკერდსა და კიდურებზე მაგრდება სპეციალური ელექტროდები, რომლებიც გულის მუშაობას აღრიცხავენ.

გულის ულტრასონოგრაფია - ექოკარდიოგრაფია გულის ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში დავინახოთ გულის სტრუქტურა და მუშაობა.

ექოკარდიოგრაფია არ არის დაკავშირებული რადიაციულ გამოსხივებასთან და წარმოადგენს ბავშვთა ასაკში უსაფრთხო დიაგნოსტიკურ მეთოდს.

მთავარი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს

ბავშვთა გულის დაავადებები ყოველთვის მკვეთრი სიმპტომებით არ ვლინდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას, დაღლას, სუნთქვას, გულისცემას და სხვა საეჭვო ნიშნებს.

ბავშვთა კარდიოლოგთან დროული ვიზიტი და საჭირო კვლევები საშუალებას გვაძლევს, პრობლემა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და სწორად ვმართოთ.

ბავშვის გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება დროული შეფასებით, სანამ პრობლემა მის ყოველდღიურ აქტივობასა და განვითარებაზე მოახდენს გავლენას.

R