ტანსაცმლის უხილავი საფრთხეები, ლაბორატორიული კვლევა და მოულოდნელი შედეგი: სამოსის ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს ატყუებს. ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია რეალობას არ ემთხვევა.
აღმოჩნდა, რომ ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობა ყოველთვის სანდო არ არის. პრობლემა მხოლოდ ხელოვნურ ქსოვილს არ უკავშირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავების პროცესს, საღებავსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს სჭირდებათ, ვინაიდან ქიმიურმა ნაერთებმა შესაძლოა, კანის გაღიზიანება და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
აქტუალური თემის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი კურიერი P.S -მა მოამზადა, რომელშიც ევროკავშირის მასშტაბით ტანსაცმლის უსაფრთხოების კვლევის მონაცემებია მოყვანილი. ამ კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია ხშირად არასწორია.. შემოწმებული 132 ნიმუშიდან 49-ის (ანუ 37%-ის) ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია ქსოვილის რეალურ შემადგენლობას არ შეესაბამებოდა. ევროკომისიის შეფასებით, დარღვევების მაღალი მაჩვენებელი მოწმობს, რომ არასწორი ეტიკეტირება მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა.
დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბოჭკოს დასახელებას, არამედ მის პროცენტულ მაჩვენებელსაც. ბუნებრივი პირდაპირ ხარისხიანს არ ნიშნავს, ხოლო სინთეზური - უხარისხოს. ამ ცნებების გაიგივება არ უნდა მოვახდინოთ.
ბუნებრივი ბოჭკოები, როგორებიცაა ბამბა, აბრეშუმი და მატყლი, ცნობილია კანისთვის კომფორტული და ჰაერგამტარი თვისებებით. თუმცა, საბოლოო პროდუქტის თვისებებზე გავლენას ახდენს მისი დამუშავება, გამოყენებული საღებავები და სხვა ქიმიური ნივთიერებები. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ქსოვილი უხარისხო და რა საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს მისგან?
ექიმები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ პაციენტები სამოსიდან მომდინარე უხილავი საფრთხის შედეგებით კლინიკებს ხშირად მიმართავენ.
ქსოვილის შესაღებად ძალიან ხშირად ეგრეთ წოდებულ დისპერსიულ საღებავებს იყენებენ. ისინი კანის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ, რაც სიწითლით, ქავილითა და წვის შეგრძნებით გამოიხატება.
მეორე პრობლემური ჯგუფი აზოსაღებავებია, რომლებიც კანცეროგენურ, ანუ სიმსივნის წარმომქმნელ ნაერთებადაა აღიარებული.
ასევე პრობლემურია ფორმალდეჰიდის ნაერთი, რომელიც ქსოვილს მდგრადობას ანიჭებს და გარემო ფაქტორების მიმართ რეზისტენტულს ხდის. თუ ეტიკეტზე ვნახავთ, რომ სამოსს დაუთოება არ სჭირდება და მდგრადია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი ალბათობით დამუშავებულია ფისებით, რომლებიც შემდგომში მავნე ფორმალდეჰიდს გამოყოფს.
რისკი განსაკუთრებით საყურადღებოა მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. საფრთხის შემცველი სამოსის შეუიარაღებელი თვალით ამოცნობა შეუძლებელია. ის სხეულზე ექსპოზიციის დროს ვლინდება.
შეხების ადგილზე იწყება ქავილი, სიწითლე, გამონაყარი და ზოგ შემთხვევაში აქერცვლაც. რადგან ეს დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციაა, იგი რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ვლინდება. ეს არ არის დაუყოვნებელი რეაქცია, როგორიც, მაგალითად, წამებში გამოვლენილი ანაფილაქსიაა. სწორედ ამიტომ, პაციენტები კლინიკას მოგვიანებით მიმართავენ.
ქსოვილები აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული თუ სინთეზურისგან. ბუნებრივი მასალებიდან, მაგალითად, ბამბა, აბრეშუმი და შალი გვაქვს. შალი ბუნებრივია, თუმცა ძალიან მაღალი ალერგენული თვისებები ახასიათებს, რის გამოც ალერგიულ პაციენტებს მის გამოყენებას არ ვურჩევთ.
უხარისხო ტანსაცმელს, ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაც შეუძლია. ეკოლოგები პრობლემის შემცირების გზად მოხმარების შემცირებასა და ტანსაცმლის უფრო გააზრებულ არჩევანს მიიჩნევენ.
ნახეთ რეპორტაჟი სრულად: