ტკბილის სურვილი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს მაშინ, როდესაც ადამიანი კვების რეჟიმის შეცვლას ან დიეტის დაცვას იწყებს. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ შაქარი და რომელი დამატკბობლების გამოყენებას უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით? ამ თემაზე შეფ მზარეულმა ნუცა სურგულაძემ კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ ისაუბრა. მან საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და განმარტა, რომელ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას ტკბილი გემოს მისაღებად.
„ჩემთვის ყველაზე ჯანსაღ ტკბილეულს სიტკბო აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა იყოს ჯანსაღი სიტკბო. ანუ ეს არ უნდა იყოს პოლიალკოჰოლები, უნდა იყოს სტევია, იმიტომ, რომ სტევია არის ყველაზე ჯანსაღი დამატკბობელი, იმიტომ, რომ მცენარეა და აქვს ძალიან კარგი სიტკბო.
პოლიალკოჰოლებს ჩვენი კუჭ-ნაწლავი ვერ ინელებს. ერთხელ ნაყინის უნივერსიტეტში ვიყავი, ძალიან მაგრად ვისწავლეთ ნაყინების მომზადება და იქ გვქონდა უშაქრო ნაყინების კურსი. შემდეგ ძალიან ბევრი უშაქრო ნაყინი გავაკეთეთ. 150 გრამზე მეტის ჭამა არ შეიძლებოდა და მე ცოტა მეტი შემომეჭამა. თავბრუ დამეხვა და კუჭ-ნაწლავში ისეთი კრუნჩხვები დამემართა, ისე ცუდად გავხდი, რომ მაშინ მივხვდი — ამ შაქრის შემცვლელების გამოყენება არის დანაშაული და არასოდეს გამოვიყენებდი. ამიტომ ჩვენი ერთადერთი დამატკბობელი არის სტევია, ფინიკი, თაფლი და ბანანი.როცა ვიწყებ ხოლმე დიეტას და ტკბილი ისტერიულად მინდება, ორ-სამ ცალ ფინიკს მივირთმევ. თან ძალიან კარგი მიკრონუტრიენტები აქვს ფინიკს და ძალიან კარგია ტვინისთვის. ხასიათზეც მოვყავარ, მანაყრებს კიდეც და ის შფოთვაც, რომელიც დაკავშირებულია იმასთან — „ტკბილი მინდა, ტკბილი მინდა, ტკბილი მინდა“ — ტვინში რომ არის ჩართული და ნამცხვარს რომ გთხოვს, აი, მაგას თიშავს ძალიან კარგად. უფრო საფრანგეთიდან ჩამომაქვს, იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგები იყიდება“, — ამბობს ნუცა სურგულაძე.