რუსეთში შავი ჭირით შესაძლო ინფიცირების შემთხვევამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კიდევ ერთხელ გაახსენა კაცობრიობას დაავადება, რომელმაც საუკუნეების წინ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის შემსწავლელი სამეცნიერო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი შესაძლოა ფილტვისმიერი შავი ჭირით დაინფიცირებულიყო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ დიაგნოზს არ ადასტურებს და გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიას ასახელებს.
შემთხვევით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესდა.
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მძიმე კვალი დატოვა შავმა ჭირმა კაცობრიობის ისტორიაში. ეპიდემიამ თავის დროზე საქართველოც არ დაინდო. ეპიდემია ოქროს ურდოს შემოჰყვა საქართველოში. აქედან შავი და ხმელთაშუაზვის გავლით ევროპის კონტინენტამდეც შეაღწია. ქართულ მატიანეებში ეს საშინელი პერიოდი ჟამიანობის სახელითაა ცნობილი. მან იმსხვერპლა ბაგრატ V-ის ცოლი, საქართველოს დედოფალი ელენე. განახევრდა თბილისის მოსახლეობაც.
საქართველოში დღემდე არსებობს ადგილი, რომელსაც შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და ამავდროულად ადამიანური თავგანწირვის ისტორია უკავშირდება. ეს არის ხევსურეთის სოფელი ანატორი, სადაც, გადმოცემის თანახმად, დაავადებული ადამიანები საკუთარი ნებით მიდიოდნენ აკლდამებში, რათა ოჯახის წევრები და თანასოფლელები გადაერჩინათ.
ამ ისტორიის შესახებ „მშობლები“ წლების წინაც წერდა. დღეს, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ ებრძოდნენ ჩვენს წინაპრები მომაკვდინებელ დაავადებას.
XIV საუკუნის შუა წლებში ევროპაში შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია გავრცელდა. 1347–1353 წლებში დაავადებამ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმდროინდელი მედიცინა ამ საშინელი სენის წინაშე თითქმის უძლური აღმოჩნდა.
დაავადებას მაღალი სიცხე, ძლიერი ტკივილი, ლიმფური კვანძების მტკივნეული გადიდება და ზოგჯერ კანის გამუქება ახასიათებდა. მძიმე შემთხვევებში ადამიანი რამდენიმე დღეში იღუპებოდა.
შავი ჭირი საქართველოშიც გავრცელდა. ისტორიული წყაროების თანახმად, XIV საუკუნეში ჟამიანობას საქართველოს მეფის, ბაგრატ V-ის მეუღლე, დედოფალი ელენეც ემსხვერპლა.
ეპიდემიამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქალაქები და სოფლები. მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს ტოვებდა, მიცვალებულთა დაკრძალვაც კი ჭირდა. ადამიანები დაავადებულებთან მიახლოებას ერიდებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ ვრცელდებოდა ინფექცია და როგორ უნდა დაეცვათ თავი.
შავ ჭირს შიმშილობა და ეკონომიკური გაჭირვებაც დაერთო. ევროპაში ზოგჯერ დაავადებულთა სახლებს გარედან კეტავდნენ, რათა ინფექცია არ გავრცელებულიყო. ასეთი ზომები ხშირად ჯანმრთელ ადამიანებსაც სასიკვდილოდ სწირავდა.
საქართველოში კი დღემდე შემორჩენილია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ხევსურეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.
პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, ანატორის აკლდამებია შემორჩენილი.
დღეს ეს ადგილი მიტოვებულია. ქვის პატარა ნაგებობებში დღემდე ინახება ადამიანთა ძვლები, რომლებიც საუკუნეების წინანდელ ტრაგედიას გვახსენებს.
ხალხური გადმოცემის თანახმად, ანატორში, სადაც სისაურების გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, შავი ჭირი გავრცელდა. დაავადება იმდენად სწრაფად კლავდა ადამიანებს, რომ მოსახლეობა გარდაცვლილთა დაკრძალვას ვეღარ ასწრებდა.
სწორედ მაშინ მიიღეს სოფლის მცხოვრებლებმა უმძიმესი გადაწყვეტილება.
როდესაც ადამიანი ავად ხდებოდა და ხვდებოდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა, საკუთარ სახლს ტოვებდა და სოფლისგან მოშორებით მდებარე აკლდამისკენ მიდიოდა.
იქ დაავადებულები სიკვდილს ელოდებოდნენ.
გადმოცემის მიხედვით, როდესაც აკლდამა ავადმყოფებით ივსებოდა, შესასვლელს შიგნიდან ამოლესავდნენ, რათა იქ მყოფებს ჯანმრთელ ადამიანებთან შეხება აღარ ჰქონოდათ.
ამგვარად ისინი ცდილობდნენ, ინფექციის გავრცელება შეეჩერებინათ და გადაერჩინათ შვილები, ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.
ეს იყო თავგანწირვა იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უარი თქვეს, რათა სხვებისთვის გადარჩენის შანსი მიეცათ.
აკლდამებში ქალები, კაცები და ბავშვები ხვდებოდნენ. ხალხური მონათხრობების მიხედვით, ზოგ ქალს თან საქსოვი მიჰქონდა, მამაკაცებს კი მუსიკალური საკრავები. ისინი უკანასკნელ დღეებს იქ ატარებდნენ, სადაც სიცოცხლე ნელ-ნელა ქრებოდა.
ერთ-ერთი გადმოცემა განსაკუთრებით მძიმე სურათს აღწერს: აკვანში ჩაკრულ ჩვილს დედა გარდაცვლია, მამაკაცებს კი ჩონგურზე დაკვრისას შესცივებიათ ხელები.
ამ ისტორიების ისტორიული სიზუსტე დადგენილი არ არის, თუმცა ისინი დღემდე ცოცხლობს ხევსურეთის ზეპირსიტყვიერებაში.
ანატორის აკლდამებს კიდევ ერთი უცნაური ისტორია უკავშირდება, რომელიც XX საუკუნეში მოხდა.
1940-იან წლებში ხევსურეთში ეთნოგრაფიული ექსპედიცია მუშაობდა. ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი რუსუდან ხარაძე იყო.
გავრცელებული მონათხრობის მიხედვით, მკვლევარი ანატორის ერთ-ერთ აკლდამაში შევიდა, რათა იქ შემორჩენილი ძველი ხევსურული ტანსაცმლის ქსოვილის ნიმუში გამოეტანა.
იმავე საღამოს მას მაღალი სიცხე დაეწყო.
გადმოცემის თანახმად, სიცხე სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, მოგვიანებით კი ეთნოგრაფს შუბლზე შავი ლაქა დარჩა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა.
ამ ამბავს აკლდამაში შემორჩენილ ინფექციას უკავშირებენ.