მათივე ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ცხრა თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
„2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:
დინამიკური პორტფელი: 8.87% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 4.01%)
დაბალანსებული პორტფელი: 8.75% (რეალური: 3.90%)
კონსერვატიული პორტფელი: 8.46% (რეალური: 3.61%)
რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.
შედეგად, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეზღუდა.
შექმნის თარიღიდან დინამიკური პორტფელის გაწლიურებულმა შემოსავლიანობამ 13.72% შეადგინა (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 9.43%), დაბალანსებულისა და კონსერვატიულის კი, შესაბამისად, 12.77% (რეალური: 8.52%) და 10.26% (რეალური: 4.40%).
სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
NS