5 ფრაზა, რომლებსაც დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ხშირად ამბობენ - შეამოწმეთ საკუთარი თავი და თქვენი გარემოცვა - მშობლები

5 ფრაზა, რომლებსაც დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ხშირად ამბობენ - შეამოწმეთ საკუთარი თავი და თქვენი გარემოცვა

2026-10-10 12:49:43+04:00

ვინმესთან საუბრის შემდეგ დაგრჩენიათ ოდესმე უსიამოვნო განცდა, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა? თანამოსაუბრეს ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც პირდაპირ შეურაცხყოფად აღიქვამდით, თუმცა საუბრის შემდეგ მაინც გაღიზიანებული ან უხერხულად გრძნობდით თავს… ზოგჯერ კი თავად ვამბობთ ისეთ რამეს, რაც ახლობელ ადამიანს განწყობას სწრაფად უფუჭებს.

ხშირად პრობლემა მხოლოდ კონკრეტულ სიტყვებში არ არის - მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულებაც, რომელიც სიტყვებს მიღმა დგას.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები გარკვეულ ფრაზებსა და კომუნიკაციის კონკრეტულ ფორმებს ხშირად იყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი აუცილებლად ცუდია. შესაძლოა, მას უჭირდეს საკუთარი ემოციების მართვა, სხვისი განცდების ამოცნობა ან საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამიტომ, ურთიერთობისას შეიძლება, ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რაც სხვებისთვის მტკივნეული აღმოჩნდება.

ნახეთ, რამდენად ნაცნობია თქვენთვის ეს ხუთი ფრაზა. შესაძლოა, მათ ხშირად ისმენთ გარშემო მყოფებისგან. ან, შესაძლოა, ზოგჯერ თავადაც ამბობთ:

"ეს ჩემი ბრალი არ არის" / "შენი ბრალია"

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. ადამიანი საკუთარ შეცდომას ან არასწორ გადაწყვეტილებას არ აღიარებს და პასუხისმგებლობას მაშინვე სხვას აკისრებს. დამნაშავე შეიძლება, იყოს გარემოება, უფროსი, პარტნიორი, კოლეგა ან უბრალოდ ცუდი დღე - ნებისმიერი, საკუთარი თავის გარდა.

ასეთი რეაქციის უკან ხშირად შეცდომის აღიარების შიში დგას. იმის გაცნობიერება, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ, შეიძლება სირცხვილის, უხერხულობის ან იმედგაცრუების განცდას იწვევდეს. ამ ემოციებთან გამკლავებაზე მარტივი კი დამნაშავის პოვნა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებაა.

ემოციურად მომწიფებულ ადამიანს ესმის, რომ შეცდომა კატასტროფა არ არის. პირიქით, ის შეიძლება საკუთარი ქცევის გააზრებისა და მომავალში უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობად იქცეს.

ფრაზის - "მე შევცდი" თქმა ხშირად უფრო მეტ შინაგან სიმწიფეს მოითხოვს, ვიდრე საკუთარი თავის გამართლების მცდელობა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი შეცდომის აღიარება შეუძლია, ნდობას უფრო ადვილად იმსახურებს. ხოლო ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს, დროთა განმავლობაში დამღლელი ხდება.

emociuri-intelekti-2-1791469171.jpg

"ხომ გეუბნებოდი" / "ხომ გაფრთხილებდი"

ნაცნობი სიტუაციაა? პრობლემა უკვე მოგვარდა ან მალე მოგვარდება, მაგრამ ადამიანს მაინც აუცილებლად სჭირდება იმის ხაზგასმა, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას წინასწარ ხედავდა.

ერთი შეხედვით, ეს უბრალო შეხსენებაა. თუმცა, კონკრეტულ სიტუაციაში ასეთი ფრაზა საუბარს პრობლემის მოგვარებიდან შეჯიბრის რეჟიმში გადაიყვანს: ვინ აღმოჩნდა უფრო ჭკვიანი, წინდახედული ან მართალი.

ასეთ დროს ადამიანი შესაძლოა, გამოსავალს კი აღარ ეძებდეს, არამედ საკუთარი უპირატესობის დადასტურება სურდეს. ადრე მიცემული რჩევა, რომელიც თავდაპირველად კეთილი განზრახვით იყო ნათქვამი, საყვედურად ან ზეწოლის საშუალებად იქცევა.

ემოციურად მომწიფებულ ადამიანს ესმის, რომ მართალი ყოფნა და სხვისი დამცირება ერთი და იგივე არ არის. ურთიერთობაში იმის დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი ხშირად რთული სიტუაციიდან ერთად გამოსავლის პოვნაა.

"შენ არ მჭირდები"

ერთი შეხედვით, ეს ფრაზა დამოუკიდებლობის გამოხატულებას ჰგავს. თუმცა, ზოგჯერ ის თავდაცვის საშუალებაა. ადამიანს შეიძლება, ეშინოდეს მიჯაჭვულობის, იმედგაცრუების ან ტკივილის, ამიტომ სხვას თავადვე იშორებს და ცდილობს, დაანახოს, რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდება და არავინ სჭირდება.

ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება და დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი არ არის. არც იმის აღიარებაა დამამცირებელი, რომ სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სირთულე მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი მუდმივად უარყოფს სიახლოვის საჭიროებას, თუმცა ამავდროულად ყურადღებას, მხარდაჭერასა და აღიარებას მაინც ელოდება.

ჯანსაღი დამოუკიდებლობა კედლის აღმართვას არ ნიშნავს. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო და ამავდროულად აფასებდე სხვებს, ენდობოდე მათ და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაც ითხოვო.

ზოგჯერ ფრაზის - "შენ მე მჭირდები" თქმა უფრო მეტ შინაგან ძალას მოითხოვს, ვიდრე იმის მტკიცება, რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდები.

emociuri-intelekti-3-1791469186.jpg

"ზედმეტად მგრძნობიარე ხარ" / "ბუზისგან სპილოს ქმნი"

ეს ორი ფრაზა ხშირად უხერხული საუბრის სწრაფად დასრულების საშუალებად გამოიყენება. ადამიანი საკუთარ განცდებს სხვას უზიარებს - შესაძლოა, რაღაც ეწყინა, შეშფოთდა... თანამოსაუბრე კი მოსმენისა და გაგების ნაცვლად, მის ემოციებს უმნიშვნელოდ ან გადაჭარბებულად მიიჩნევს.

ასეთ დროს საუბრის გაგრძელება რთულდება, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ მისი განცდები არავის აინტერესებს ან მის ემოციებს სერიოზულად არ აღიქვამენ.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: სხვისი განცდების აღიარება იმას არ ნიშნავს, რომ მის შეფასებას აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციას სრულიად სხვაგვარად ხედავდეთ, მაგრამ მაინც უთხრათ: "მესმის, რომ გეწყინა".

სხვისი ემოციების გაუფასურება პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით, ადამიანს შეიძლება, გაუჩნდეს განცდა, რომ მისი არ ესმით და საკუთარ განცდებთან მარტო რჩება. უფრო კონსტრუქციული მიდგომაა, შევეცადოთ, სიტუაციას თანამოსაუბრის თვალითაც შევხედოთ - მაშინაც კი, თუ საბოლოოდ განსხვავებული აზრი გვაქვს.

"მე ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები"

ეს ფრაზა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების კიდევ ერთი ფორმა შეიძლება, იყოს. ადამიანს შესაძლოა, ესმოდეს, რომ მისი ქცევა სხვას ტკივილს აყენებს, თუმცა ცვლილების მცდელობის ნაცვლად ამბობს, რომ უბრალოდ "ასეთია" და სხვებმა უნდა მიიღონ.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს ხასიათის თავისებურებები და გარკვეული ჩვევები, რომელთა შეცვლაც მარტივი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარ ქცევაზე მუშაობა არ შეუძლია.

განსაკუთრებით ურთიერთობებში მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პიროვნული თვისება არ უნდა იქცეს სხვებისთვის ზიანის მიყენების გამართლებად. ფრაზა "მე ასეთი ვარ" პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზეზი ვერ გახდება.

ემოციური სიმწიფე სწორედ პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს: "ასეთი რეაქცია მაქვს, მაგრამ შემიძლია, მასზე ვიმუშაო". საკუთარი ქცევის შეცვლის სურვილი სისუსტე კი არა, თვითშეცნობისა და პიროვნული ზრდის ნიშანია.

emociuri-intelekti-4-1791469200.jpg

რა დგას ამ სიტყვების უკან

ეს ფრაზები თავისთავად საბოლოო განაჩენი არ არის. ცუდი დღე ყველას აქვს - შეიძლება, გაბრაზებულმა ზედმეტი ვთქვათ, მოგვიანებით კი ვინანოთ. მთავარი ის არის, მეორდება თუ არა მსგავსი ქცევა მუდმივად და იქცა თუ არა ის კომუნიკაციის ჩვეულებრივ ფორმად.

დაბალი ემოციური ინტელექტი ხშირად ვლინდება იმპულსურ რეაქციებში, კრიტიკის რთულად მიღებაში, საკუთარი ემოციების ამოცნობის სირთულესა და სხვისი განცდების გაუფასურებაში. ადამიანს შეიძლება. უჭირდეს იმის გარჩევაც, რას გრძნობს კონკრეტულ მომენტში - გაბრაზებას, შფოთვას, სევდას თუ უბრალოდ დაღლილობას.

თუმცა, ემოციური ინტელექტი უცვლელი მოცემულობა არ არის. საკუთარი ემოციების გაცნობიერება, სხვისი მოსმენა, პასუხისმგებლობის აღება და განსხვავებული შეხედულებების მიღება ის უნარებია, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია.

8 მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ადამიანს დაბალი IQ და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს
6 ნიშანი, რომ თქვენს შვილს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს
5 ფრაზა, რომლებსაც, თურმე, მაღალი ინტელექტის მქონე და შეგნებული ადამიანები ხშირად იყენებენ - შეამოწმეთ საკუთარი თავი