როგორ გვეხმარება კითხვა, როცა გვიჭირს - მშობლები

როგორ გვეხმარება კითხვა, როცა გვიჭირს

2026-10-09 15:00:00+04:00

ზოგჯერ წიგნს მხოლოდ იმისთვის ვშლით, რომ რამდენიმე წუთით ყოველდღიურობას გავერიდოთ. თუმცა, კითხვა შეიძლება ამაზე მეტიც იყოს - ის შეიძლება გახდეს საკუთარი ემოციების, გამოცდილებისა და სხვა ადამიანების უკეთ გაგების საშუალება.

ფსიქოლოგიაში არსებობს მიდგომა, რომელსაც ბიბლიოთერაპია ეწოდება. მისი არსი ლიტერატურის გამოყენებაა ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, თვითშემეცნებისა და ემოციური პროცესების მხარდასაჭერად.

რა არის ბიბლიოთერაპია?

ბიბლიოთერაპია გულისხმობს წიგნებისა და სხვა ლიტერატურული ტექსტების მიზანმიმართულ გამოყენებას ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის.

ბიბლიოთერაპიის დროს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რას კითხულობთ, არამედ იმასაც, რას ამჩნევთ კითხვისას: რომელმა პერსონაჟმა ან ისტორიამ დაგაფიქრათ, რა ემოცია დაგეუფლათ, რა გაგახსენდათ საკუთარი ცხოვრებიდან და რომელ ფრაგმენტს დაუკავშირეთ.

ხშირად სხვის ისტორიაში საკუთარ თავს ვპოულობთ

წიგნის პერსონაჟი შეიძლება განიცდიდეს იმას, რასაც ჩვენც განვიცდით - შიშს, დანაკარგს, მარტოობას, დაბნეულობას, ურთიერთობის სირთულეს ან ცვლილების სურვილს.

ამ დროს, შეიძლება აღმოაჩინოთ, მარტივი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი:

„ეს მხოლოდ მე არ მემართება.“

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება, რომ მხატვრული ტექსტების კითხვა გვეხმარება ემპათიის ჩამოყალიბებასა და სხვა ადამიანის პერსპექტივის უკეთ გაგებაში. როდესაც პერსონაჟის გამოცდილებას ვიზიარებთ, დროებით მის კანში „ვცხოვრობთ“, ვცდილობთ გავიგოთ მისი ფიქრები, ემოციები და გადაწყვეტილებები - ეს თავის მხრივ აზრების დალაგებაში გვეხმარება.

წიგნი შეიძლება იყოს სარკეც და ფანჯარაც

ზოგიერთი წიგნი საკუთარ თავში გვახედებს.

კითხვისას ხშირად აღმოვაჩენთ საკუთარ ჩვევებს, შიშებს, ურთიერთობის მოდელებს ან ემოციებს, რომლებსაც აქამდე სახელს ვერ ვარქმევდით.

ზოგიერთი წიგნი კი შეიძლება ფანჯარას ჰგავდეს - დაგვანახვოს ცხოვრება ისეთი ადამიანის თვალით, რომლის გამოცდილებაც ჩვენგან სრულიად განსხვავებულია.

ამიტომ, კითხვის ღირებულება მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებაში არ არის. ის შეიძლება დაგვეხმაროს საკუთარი გამოცდილების სხვა რაკურსით დანახვაში.

კითხვა გვაძლევს დროს დასაფიქრებლად

პასუხები რომლებსაც ვეძებთ სწრაფად არ მოდის.

კარგი წიგნი კიდევ ერთხელ და ახლებურად დაგაფიქრებს:

რატომ ვრეაგირებ ასე?

რისი მეშინია სინამდვილეში?

რატომ ვიმეორებ ერთსა და იმავე ქცევას?

რას ველოდები საკუთარი თავისგან?

რას ველოდები სხვებისგან?

ასეთი კითხვები შეიძლება თვითრეფლექსიის დასაწყისი გახდეს.

კითხვა არ არის თერაპიის შემცვლელი

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ წიგნის კითხვა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად და პროფესიონალური ბიბლიოთერაპია.

კლინიკური ბიბლიოთერაპია შეიძლება თერაპიული პროცესის ნაწილი იყოს და ხშირად, სხვა თერაპიულ მიდგომებთან ერთად გამოიყენებოდეს. პროფესიონალის მიერ შერჩეული წიგნი შეიძლება გახდეს დამატებითი მასალა, რომლის შესახებაც თერაპიის პროცესში იმსჯელებენ.

ამიტომ, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ხანგრძლივი ან ინტენსიური ფსიქოლოგიური სირთულეები, წიგნი პროფესიონალური დახმარების შემცვლელი არ არის.

R