როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა, რა გავლენას ახდენს ეკრანთან დიდი დროის გატარება თვალის ჯანმრთელობაზე და როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ოფთალმოლოგი მაია ბერაია საუბრობს:
- ეს ფართოდ გავრცელებული მითია, თითქოს, თუ თვალი არ გვაწუხებს, ექიმთან ვიზიტი საჭირო არ არის. ეს მიდგომა არასწორია, ვინაიდან არსებობს დაავადებები, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მათი საწყის ეტაპზე აღმოჩენა კი მხედველობის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პროფილაქტიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც, უკეთეს შემთხვევაში კი ექვს თვეში ერთხელაა რეკომენდებული.
- პროფილაქტიკური ვიზიტი ექვსი თვის ასაკიდანვე ჯობს, ვინაიდან ახალშობილებშიც არსებობს დაავადებები, რომლებსაც დროული ყურადღება სჭირდება. როდესაც მშობელი დარწმუნდება, რომ ყველაფერი წესრიგშია, ბავშვის ექიმთან მიყვანა წელიწადში ერთხელ უკვე საკმარისია.
- ორმოცი წლის ზემოთ მხედველობის ფოკუსირება ახლო მანძილზე ჭირს. ეს პრესბიოპიული პროცესია, რა დროსაც, როგორც წესი, ორ წელიწადში ერთხელ მხედველობა ნახევარი დიოპტრიით მატულობს და სათვალე მხოლოდ ახლო მანძილზე მუშაობისთვის ხდება საჭირო. მოგვიანებით შესაძლებელია ისეთი დაავადებებიც განვითარდეს, როგორებიცაა კატარაქტა და გლაუკომა. ისინი საკმაოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც საწყის ეტაპზე მათ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. გლაუკომა მხედველობის ნერვის ატროფიას იწვევს, ეს პროცესი კი შეუქცევადია და დაკარგული მხედველობის აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
- ახლო მანძილზე მხედველობის ხანგრძლივმა დაძაბვამ შესაძლოა, მხედველობის დაქვეითება გამოიწვიოს. მონიტორთან თუ ტელეფონთან ხანგრძლივი კონტაქტი, ასევე არასწორ განათებაში კითხვა თვალს ძალიან ძაბავს.
- ბავშვობის პერიოდში, თუ მოზარდს მიოპია (მინუსი) აქვს, ასეთი დატვირთვა მის განვითარებას ხელს უწყობს. უფრო მოზრდილ ასაკში კი ეს არა იმდენად მხედველობის დაქვეითებას, რამდენადაც თვალის დაღლას, დისკომფორტს და სიმშრალის შეგრძნებას იწვევს, რაც მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ შემაწუხებელია.
- დამატენიანებელი საშუალებები უსაფრთხოა და მათი გამოყენება ექიმის გარეშეც შეგიძლიათ. უმჯობესია, ჩვეულებრივი ცრემლის შემცვლელების ნაცვლად, ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები შეარჩიოთ. თუმცა, არსებობს მითი, თითქოს, აფთიაქში გასაყიდი ნებისმიერი თვალის წვეთის, მათ შორის სიწითლის მოსახსნელი ან სტეროიდული პრეპარატების გამოყენება შეუზღუდავად შეიძლება. ეს არასწორია, ვინაიდან ასეთმა საშუალებებმა შესაძლოა თვალშიდა წნევის მომატება გამოიწვიოს. მათი ხანგრძლივად მოხმარება დაუშვებელია და კონსულტაციისთვის ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
- მხედველობის შესამოწმებლად შეგიძლიათ, თვალები ცალ-ცალკე დაფაროთ და ისე შეამოწმოთ, ვინაიდან ხშირად ორივე თვალით ადამიანი კარგად ხედავს, თუმცა ცალკე შემოწმებისას აღმოაჩენს, რომ ერთი თვალი შედარებით სუსტია.
- შორ მანძილზე რომელიმე საგანი უნდა აირჩიოთ და დააკვირდეთ, რამდენად მკვეთრად ხედავთ მას. რაც შეეხება ვარჯიშებს, აკომოდაციის სავარჯიშოდ შეგიძლიათ შორს მდებარე წერტილს უყუროთ, ათამდე დაითვალოთ და შემდეგ მზერა ახლო მანძილზე გადმოიტანოთ. ეს სავარჯიშო თვალის კუნთების დაღლილობის სინდრომს ხსნის, თუმცა ზედმეტი გადატვირთვაც არ არის რეკომენდებული.
- მაკიაჟი მხედველობის სიმახვილეს არ აქვეითებს, თუმცა შესაძლოა, ქუთუთოების კიდეების ანთება და მუდმივი სიწითლე გამოიწვიოს. ამის პრევენციისთვის აუცილებელია თვალის ჰიგიენის დაცვა. ყოველ საღამოს ქუთუთოს კიდეები სპეციალური, ალოეს ექსტრაქტით ან სხვა სამკურნალო მცენარეული დანამატებით გაჟღენთილი ხელსახოცებითა თუ ხსნარებით უნდა გაიწმინდოს.
- უძილობა დისკომფორტს და თვალის სიმშრალეს იწვევს. თუ უძილობა გაწუხებთ ან საძილე საშუალებებს იღებთ, ეს ცრემლის გამოყოფას ამცირებს, რის გამოც დილაობით დამატენიანებელი წვეთების გამოყენება აუცილებელია.
- კვებას თვალის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თევზისა და ომეგა-3-ის მიღება მხედველობას ეხმარება. ეს პათოლოგიებს ვერ გამოასწორებს, თუმცა თვალის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
- იაფფასიანი მზის სათვალის ტარება საშიშია. სათვალეს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სპეციალური ფილტრი უნდა ჰქონდეს. მისი გამოყენება არა მხოლოდ მზის პირდაპირი სხივებისას, არამედ თოვლიან ამინდშიცაა საჭირო, რადგან არეკლილი სხივები თვალის სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
- თვალის კრთომა შესაძლოა გადაღლილობამ, უძილობამ ან ახლო მანძილზე ხანგრძლივმა მუშაობამ გამოიწვიოს. ასევე, როდესაც ადამიანს ახლოს მხედველობის კორექცია სჭირდება და სათვალეს არ იყენებს, თვალის ირგვლივი კუნთები ძლიერად იძაბება, რაც ამ სიმპტომს იწვევს. ზოგჯერ ეს მიზეზი სამწვერა ნერვის დაბოლოების გაღიზიანება ან ანთებითი პროცესიც შეიძლება იყოს.
- ნებისმიერი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციის დროს შესაძლოა, კონიუნქტივიტი ან ბლეფარო-კონიუნქტივიტი განვითარდეს. ზოგჯერ ცრემლდენა მხოლოდ გაციებას მიეწერება, თუმცა, შესაძლოა, პროცესი თვალში მიმდინარეობდეს. გავრცელებული ვირუსული კონიუნქტივიტების დროს ხშირად ვითარდება კერატიტი - სერიოზული პათოლოგია, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და მხედველობის დაბინდვას იწვევს. ამიტომ ოფთალმოლოგის მიერ დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია.