მსახიობი და ტელეწამყვანი როლანდ ოქროპირიძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში ყვება, როგორ მძიმედ განიცადა პირველი ქორწინების დანგრევა.

- საკმაოდ რთულად გადავიტანე... ზოგადად გაშორებული ოჯახის ცნება ჩემს ოჯახში და ჩემთან ახლოს, არ ვიცოდი, რა იყო. და მე ეს გავიარე 29 წლის ასაკში, რაც იქამდე არანაირად ახლოსაც კი არ ყოფილა ჩემს ფიქრებშიც კი. ვერ წარმომედგინა, რანაირად შეიძლება ოჯახი დაინგრეს. იმდენად არ მქონდა ამაზე არც ნაფიქრი და ცოტა ამპარტავნული რაღაც დამემართა, რომ მე არ მომივა ეს... ეგეთი შეგრძნება მქონდა.



და ეს პროცესი რომ დაიწყო, ვეწინააღმდეგობოდი, არ ვუშვებდი ამ აზრს, რომ მთავრდება... გაანებე რა თავი... რაღაცას ვერ გაასწორებ, ვერ გამოასწორებ... ამას მერე მივხვდი. ძალიან გვიან ვისწავლე მსგავსი ურთიერთობები, ბევრი რაღაცა ურთიერთობებში...
ძალიან ადამიანურად რომ ვთქვათ, სიყვარული, რომელიც გოგოს მიმართ მქონდა... მქონდა და მაქვს კიდევაც... თუკი მე მყვარებია, არ მგონია, რომ აღარ მიყვარს. ეგეთი რამე არ მგონია. ადამიანი როცა გიყვარს, ის გიყვარს და გიყვარს. უბრალოდ იცვლის ფორმებს და მერე დაშორება ცვლის სიყვარულს... ჰო, მტკიოდა, ვიტანჯებოდი, რა თქმა უნდა. პირდაპირი გაგებით, ტკივილს ვგრძნობდი, საშინელ ტკივილს... არიან ადამიანები, რომ არ იციან ეგ. დაკვირვებული ვარ და მინახავს, რომ არ უგრძნიათ ასეთი ტკივილი. ვერ გაექცევი ამას, ვერსად ვერ წახვალ. წავსულვარ კიდეც, რა ვიცი, სად აღარ წავსულვარ. და თავს არ განებებს... ღამე იღვიძებ და ვერ სუნთქავ და იტანჯები. არაფერი აღარ გინდა. ვიღაც ადამიანები არსებობენ, რომლებსაც ეგ გრძნობა უკვირთ. რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა იმ დროს, როდესაც ეგ ხდება...
ამ ამბავმა დამაზიანა სასწაულად. გაირკვა, რომ ფიზიკურად დავზიანდი. დიაბეტი გამიჩნდა, პირველი ტიპის, ინსულინდამოკიდებული... ოთხი წელი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში...
იცი, რა იყო მანდ ცოტა კიდევ რთული ამ ამბავთან დაკავშირებით? ეს გრძნობა იმის მხრიდანაც იყო, გოგოს მხრიდანაც... და ერთმანეთს ვერ ვთმობდით. დავუშვათ, ვიტყოდით, რომ დავშორდით, დავშორდებოდით და უცებ აღმოჩნდებოდა, რომ მოვიდოდა... რომ გიყვარს ადამიანი, შეიძლება ტვინმა იცის, რომ ეს არ გამოდის, მაგრამ... მერე მე მივიდოდი, მერე - ის... ასე გრძელდებოდა დიდხანს... ძნელი იყო ეგ ამბავი...
ჩემი პირველი შვილი 20 წლისაა... იქ არ იყო ქორწინება, არც მსგავსი გრძნობები, რაღაც ეგეთი ამბები არ იყო... მოხდა ისე, რომ შვილი გამიჩნდა...

სულ ოთხი შვილი მყავს. უმცროსები გოგოები არიან...


ბედნიერი ვარ... ჩემი მეუღლე არის ჩემი კარგი მეგობარი. ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ მშვიდი, ბევრად გაწონასწორებული ურთიერთობა მაქვს.