მსახიობი და ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი ტვ-პირველზე, პირველ სტუდიაში, ეკა ჩხეიძესთან ყვება ბავშვობაზე, ცნობილ ოჯახში გაზრდაზე, 90-იანებზე, საფრანგეთში გადასახლებასა და შვილებზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან.
- თემურლენდში ვცხოვრობდით, ყველაფერი თემურის გარშემო, კინოს გარშემო. ხელოვანების ოჯახში ვიზრდებოდით, მამაჩემი ხელოვანი, დედაჩემი მსახიობიდა მთელი ჩვენი ბავშვობა და ცხოვრება იყო კინო, მუსიკა... ჩვენთან ცალკე პატარ ავტონომია იყო - ეს დედაჩემი, მამაჩემი, ოთხი ბავშვი, მზე, მთვარე და პურის ყანა - თემურლენდი.

როცა სადმე მივდიოდით, ყველა იცნობდა მამას, ყველა გვეფერებოდა. ლამის ათ წლამდე მეგონა, რომ მამაჩემის იყო მთელი ქალაქი. პატარა ბავშვს ხომ ასე ჰგონია ყოველთვის, რომ მამა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება... რამხელა შეგრძნებაა დაცულობის! მაშინ ხარ მართლა ბავშვი და გგონია, რომ რაღაცა დიდი სამყაროს უკვდავების ნაწილი ხარ...
ყველა ესალმებოდა, ყველას უყვარდა და ეს გარემო ჩვენთვის იყო რაღაც ზღაპრული. თან მაშინ მშვიდი პერიოდი იყო, 90-იან წლებამდე. მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და ეს რაღაც პატარა ზღაპარივით იყო...
თემური იყო ზუსტად ისეთი სახლშიც, როგორსაც ყველა ხედავდა, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, რაიმე ითამაშოს. რასაც აკეთებს, მისია. ჩამოვიდა სვანეთიდან, სვანური ღირებულებებით, სიმტკიცით და პრინციპებით, რომლებსაც არ უღალატა ბოლომდე. მისი პირველი ფილმი „ბეღურების გადაფრენა“ არის ხალხზე, ვინც თავის თავს ეძებს. ის ყველა პერსონაჟი თემურია და მთავარი არის მისი ბეღურა. ასეთი ადამიანია: ძალიან დიდი გულით, ძალიან თბილი და კეთილშობილი. უბრალოდ, აქვს ძალიან მყარი და ღირებულებიანი, მკაცრი ხასიათი, შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს უფრო გარეთ ჩანს. ვინც იცნობს, არის ძალიან თბილი და ძალიან ბავშვურად კეთილი. შვილიშვილები სულ ეფერებიან, „ბაბუ დათვს“ ეძახიან.
„უძინართა მზეს“ შვიდი წელი იღებდა თემური და წერდა. მთელი ოჯახი ჩართული ვიყავით.

ეს ისტორია არის თემურის ისტორია. მამამისი ადრე გარდაიცვალა, ექიმი იყო. მთლად 100%-იანი ვერ იქნება, მაგრამ მისი ცხოვრების ამბიდან არის შექმნილი. მამაც ასე გარდაეცვალა,თვითონ გაიკეთა ოპერაცია... ზუსტად აი ამ გულით და განწყობით დაიწყო მაშინ, როდესაც მამა ენატრებოდა, და გადაიღო ეს ფილმი. ძალიან დიდი სიყვარული დევს ამ ფილმში. ბერლინში აიღო პრიზი და მსოფლიოში ყველგან, სადაც მიიღო მონაწილეობა, კინოაკადემიების აღიარება ჰქონდა.ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩვენთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა ფაქტობრივად...
და დედაჩემი იყო სულ მის გვერდით. დედაჩემი უწერს, თემური ვერ არჩევს თავის ნაწერს და ლია ურჩევს, ლია უწერს. მოკიდებს ხელს მის ფურცლებს, გადახედავს...
ლია არის მთავარი პერსონაჟი. ლია არის ყველაფერი. აი, როგორ არის, იცი? დედამიწა ხომ ბრუნავს და ლია არის ღერძი, რაზეც ბრუნავს.
იმ წიგნშიც, მანუშაკა ელოდება, ეს არის ლია...
დედაჩემი არის ნამდვილი მზე. თემური არის უფრო ისეთი, მძიმე ადამიანი და დარდიანი ტიპი. ლია არის სულ მზეა, სულ ანათებს, იუმორი აქვს და აბსოლუტურად ყველაფერზე შეუძლია იხუმროს. დედაჩემის გარეშე წონასწორობა არ არსებობს სახლში.
ახლაც ყველანი ერთად ვართ, მაგრამ ახლა ყველას შვილები გვყავს. მე მყავს ორი, გელას ჰყავს ერთი, რომელიც არის ნახევრად ამერიკელი. ჩემები — ნახევრად ფრანგები, გიორგისები — ნახევრად სერბები და ჩემი დის ნახევრად ფრანგები. წარმოგიდგენია, ტრადიციულ ოჯახში, საქართველოში, ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა მამაჩემი, თუ ეს ინტერნაციონალური მოძრაობა შეიძლება მის ოჯახში დაწყებულიყო. მაგრამ ისევ ყველანი ერთნი ვართ.
თავად იყო ძალიან თავისუფალი შინაგანად და ჩვენც ასე გვზრდიდა, პიროვნულ თავისუფლებას ბავშვობიდან ვეზიარეთ და არასდროს გვქონია შემდეგაც მაგის პრობლემა. გვქონდა ღირებულებები, მყარი მორალური ღერძი... თვითონ იყო ძაან თავისუფალი. დედაჩემი იყო საოცრად თავისუფალი და მასშტაბური აზროვნება ჰქონდა. ქალაქშიც იმდენად ბუნებრივად იყო ინტეგრირებული, რომ ჩვენთვის ეს მდგომარეობა იყო ბუნებრივი, ანუ მისი თავისუფლება და ეს ხასიათი შევითვისეთ...
თუმცა ფიზიკურად, არსად არ გვიშვებდა. ეზოში ჩასვლაზეც იყო მოლაპარაკება...

კაცი სვანური გაგებით იყო ქალაქში, თბილისში, ამავდროულად ძაან ეროვნულობის შეგრძნებით. და მეგობრობა უმაღლეს მწვერვალზე ჰყავდა აყვანილი. რაც ღირებულებები წაგვიკითხავს, ამით მართლა ცხოვრობდა. ეს არ იყო თამაში. ამიტომ შენც ამხელა სტანდარტს გთავაზობდა ყოველთვის... რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მერე გავიგეთ, რომ თურმე ეს ვარდისფერი სამყარო ვარდისფერი არა... ეს თემურლენდია. მაგრამ ეს დიდხანს დაგვიცვა თვითონ...
პანდემია რომ დადგა, მაშინ სახლში ვხუმრობდით, რომ თემური ალბათ ერთადერთი კაცია მსოფლიოში, ვინც მშვიდად არის, იმიტომ რომ იცის, რომ ყველა სახლშია. ახლაც ღამის სამ-ოთხ საათამდე ელოდება, რომ იცოდეს, რომ ყველა სახლშია - ამდენი შვილი, შვილიშვილი...
90-იანებში, უკვე მაშინ ინდუსტრიულ დიდუბეში ვცხოვრობდით, სულ სხვა სამყაროში,არსად არ გვიშვებდა, ეკლესიის გარდა. ჩვენც ვითომ მივდიოდით ეკლესიაში, მანქანას მივყავდით, და მერე იქიდან ვაჩერებდით ტაქსს და მოვლილი გვქონდა მთელი ქალაქი. არ ვიცი, თემურიმ იცის თუ არა, ახლა თუ ესმის... დედაჩემმა იცის და ეცინება, ამას რომ ვუყვებით... ანუ აკრძალვების გამო, როგორც კი გაიღო კარები და მოგვეცა დიდი თავისუფლების შეგრძნება, წავედით...
მერე მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომმოდი, გავიპაროთო. პატარები ვიყავით, 16-17 წლის, ვის ვინ შეყვარებული ჰყავდა... მოდი, შენც გამოიპარე ბარემ და მოდი, მეცო.... აი, ასე მანქანით გავიპარეთ. ჩემს მეგობარს გავუარე სკოლაში, ტანსაცმელი მომცა და გავიპარეთ ბორჯომში.
მერე რა თქმა უნდა, მამაჩემმა რომ გაიგო, ძალიან ინერვიულა. ძალიან ვინერვიულე მეც, რომ ვაწყენინე... მახსოვს, როგორ ეწყინა. არაფერი არ უთქვამს... შვიდი თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, სახლში მოვბრუნდი და ვთქვი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. მამაჩემმა თქვა, რომ ეს ძალიან ბედნიერი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ გვეყოლება სახლში ლიკუნა. და გაჩნდა ლიკუნა, რომელიც გაიზარდა ამ ოჯახში, როგორც მეხუთე შვილი და დედაჩემს უდიდესი როლი აქვს მის აღზრდაში.

ნასტასია არის ჩემი მეორე შვილი, რომელიც არის ნახევრად ფრანგი. ასე მგონია, რომ ლიკუნა არის საქართველო, ერთი შავგვრემანია, მეორე ქერა — ეს არის საფრანგეთი.
ვერც კი წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მკაცრი დედა ან ჩარჩოში ჩამესვა ბავშვები. არ ვიცოდი, თან იმიტომ, რომ მე, რადგანაც ამ სისტემაში ვიყავი, ჩემთვის ყველაფერი პროცესი იყო. ამათი გარდატეხის თუ რაც იყო — ცუდი, კარგი, სიგიჟის, სიჭკვიანის პერიოდი... არასოდეს არ მქონია აკრძალვა, მაგრამ ეს ალბათ გარემომაც განაპირობა. საფრანგეთში სულ სხვანაირად იყო, ალბათ მათი თინეიჯერობაც სხვანაირად იყო. ამიტომ, მე რომ ამათ გადარეულობას არ მივყოლოდი ბოლომდე... იძახიან კიდეც: „დედა არ არის მკაცრი, ბებია იყო მკაცრი“. სულ მივყვებოდი ამ სიგიჟეში. წარმოუდგენელი გარდატეხის ასაკი ჰქონდათ, გოგოები არიან თან, და თუ რაიმე შეიძლებოდა თინეიჯერობის დროს ყირაზე გადასულიყვნენ, ყირაზე გადადიოდნენ.
...ორივე მგავს. ლიკუნას აქვს ეს ნაწილი — საქართველო. მაინც ძალიან ღრმა ტიპია, რაციონალურია და არის ძალიან პრაგმატულიც. გათხოვდა ორი წლის წინ. ჰყავს ებრაელი-ფრანგი ქმარი, რომელსაც აქვს ეს ოჯახური გაგება, ჩვენნაირად, მოერგნენ ერთმანეთს.
ლიკუნა ჩემი დიდი მეგობარია... სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტია და თანამშრომლობს ბრენდების შექმნაში. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს, ახლა უკვე აინტერესებს სთორითელინგი, დადის ფოტოგრაფიაზე. კრეატიული ტიპია... მისი ქმარიც კინოშია.
ნასტასია არის ლაღი, კრეატიული და საერთოდ "ტორმუზი" არა აქვს.
...ეს არის მაღალი მოდა, ოტ-კოტიური... ცალკე სახელოვნებო უზარმაზარი სამყარო, კრეატიული გარემო. შოუები არის მაღალი კლასის, როგორც რაღაც აღმატებული ოპერა. საოცრებაა, რასაც აკეთებენ. ნასტასიაც ხვდება, რომ ეს მისთვის უბრალოდ გავლა კი არ არის, რაღაც ძალიან დიდი შემოქმედებითი ნაწილის ერთი მსახიობია. აი, ამ ფორმით დაიწყო უკვე ამ ყველაფრის ყურება.
არ უთქვამს, რომ მოდელობა უნდოდა. წლების წინ ქუჩაში იპოვეს... რამდენჯერმე პარიზში გააჩერა სააგენტომ. და რომ ვეუბნებოდი, „ნასტუ, ვიზიტკა სად არის?“ „შევინახე, შენახული მაქვს, შენახული მაქვს“... ძალიან მხიარულია და თავისუფალია.ძალიან ერუდირებულია, უყვარს კინო. იქაური გარემო აქვს შეთვისებული.ეს უფრო ფრანგია. მითხრა, „მე ბავშვი ვარ, დედაო, და არ მამუშაოთო. მე მინდა, რომ გამოვიყენო ჩემი ბავშვობა, ვიარო სკოლაში და დავასრულო სკოლაო“.
სავიზიტო ბარათები ჰქონდა ძალიან დიდი სააგენტოების, ოთხი-ხუთის, ეს ხო ბევრს ნიშნავს. მაგრამ არ უნდოდა ჯერ, იმ წლებში და სულ გაებნა ეს ბარათები. თავისი ბედნიერი თინეიჯერობის მომენტი უნდოდა, რომ გამოეყენებინა. ამიტომ ამას არ მიაქცია ესე ყურადღება.
მერე აიღო ბაკალავრიატი, ჩააბარა გამოცდები და ამის შემდეგ მივიდა სააგენტოებში. ნელ-ნელა, ნელ-ნელა დაიწყო მუშაობა. თავიდან არ მოსწონდა ისე ძაან, იმიტომ რომ ვერ გაიგო, სად მოხვდა. უცბად შევარდა... ახლა კი მართლა გაკვირვებული ვარ მისი შრომისუნარიანობით.
ოლგას მონათხრობის თანახმად, თავდაპირველად სასწავლებლად წავიდნენ საფრანგეთში, სორბონაში. თუმცა შემდეგ დედამ გადაწყვიტა, რომ იმ რთულ მდგომარეობაში შვილების საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნება და კვლავ იქ ცხოვრება არ იქნებოდა კარგი აზრი. მან და მისმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთეს, რომ საფრანგეთში გადასულიყვნენ საცხოვრებლად და შვილებისთვის იქ შეექმნათ სწავლისა და განვითარების საშუალება.
- მამაჩემი ხელოვანი ადამიანი იყო და არ ყოფილან მილიონერები. მაშინ ხელოვანები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ. მით უმეტეს, მამაჩემი, საერთოდ ანტისაბჭოთა ტიპი იყო და არც ეგონა, რომ საერთოდ მისი ღირებულებების გარდა უფრო მნიშვნელოვანი რამე შეიძლება ყოფილიყო. მოახერხეს ისე, ძალიან ბევრი შრომის ფასად, რომ ჩვენ იქ გაგვეგრძელებინა სწავლა, დავმკვიდრებულიყავით. მერე უკვე ყველას რაღაც უნდა გვეკეთებინა, უნდა გვემუშავა. ავეწყვეთ, დავდექით ფეხზე, უბრალოდ ასიმილაცია არ მოხდა. არ ჩავიკარგეთ და არ გავფრანგდით. ეს არის ხშირად, როდესაც ინტეგრაციის მაგივრად უფრო ფერი გეცვლება და იკარგები. ვიცნობ მე ბევრ ქართველს, რომ მორგებულები არიან ძალიან. ჩვენთვის ასე არ იყო. ალბათ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარეც იყო.
მერე ნელ-ნელა ისევ კინოთი დაიწყო ჩვენი წარმატებები. გელას ფილმები,მერე ამდენი წარმატება, ეს პრიზები გავარდა. ისევე როგორც „უძინართა მზე“ იყო ჩვენთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ისე იყო საფრანგეთში გადაღებული კინო... ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო.

მერე "ცამეტი" გაიყიდა ამერიკაში... ძალიან დიდი შრომა იყო ამაში ჩადებული და სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესი. ყველაფერში მაინც ლომის წვლილი გელას მიუძღვის. მე მგონი, ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი ამ ოჯახში, როგორც ადამიანი, თვითონაც ძალიან ჰუმანურია. ბევრად უფრო ჰუმანურია... დედაჩემს ჰგავს... ვფიქრობ, გელა მეორე მამაა ამ ოჯახის... საოცარი ადამიანია.
თუ ვინმე გარეთ გაჭირვებულია, ყველას ეხმარება... გელა არის მართლა საოცარი...