ყველა ბავშვი თავისებურად სწავლობს, სამყაროს საკუთარი ტემპით შეიცნობს და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ინტერესები აქვს. თუმცა, ტრადიციულ საგანმანათლებლო გარემოში ხშირად ყველა ბავშვისგან ერთსა და იმავე დროს, ერთნაირი გზითა და ერთნაირი შედეგის მიღწევას ელიან. მონტესორის განათლება კი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს — გარემოს, რომელშიც ბავშვის ინდივიდუალობას პატივს სცემენ, დამოუკიდებლობისკენ უბიძგებენ და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარებიან. ამ საგანმანათლებლო მიდგომის ფუძემდებელი იტალიელი ექიმი და პედაგოგი მარია მონტესორი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ბავშვის განვითარების შესახებ დაკვირვებებზე დაფუძნებული მეთოდი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ბავშვი მხოლოდ ცოდნის მიმღები კი არ არის, არამედ აქტიური მონაწილეა საკუთარი სწავლის პროცესში. მონტესორის ხედვით, ზრდასრულის ამოცანა ბავშვის ნაცვლად ყველაფრის გაკეთება ან მისთვის მუდმივად მითითებების მიცემა კი არა, ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების, აღმოჩენისა და სწავლის შესაძლებლობა ექნება.მონტესორის განათლება მხოლოდ სპეციალური მასალები, მოწესრიგებული საკლასო ოთახი ან ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება არ არის. ეს არის თანმიმდევრული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მოიცავს ბავშვის განვითარების თავისებურებებზე მორგებულ გარემოს, სპეციალურად მომზადებულ პედაგოგს, დაკვირვებასა და გააზრებულ სასწავლო პროცესს. ბავშვი თავად ირჩევს საქმიანობას, მუშაობს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად და თანდათან სწავლობს კონცენტრაციას, პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილების მიღებასა და დამოუკიდებლობას. თავისუფლება ამ შემთხვევაში წესების არარსებობას არ ნიშნავს — ის პასუხისმგებლობასთან ერთად ვითარდება.
მონტესორის განათლების საერთაშორისო განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია Association Montessori Internationale-ს (AMI) — ორგანიზაციას, რომელიც მარია მონტესორის მიერ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო მიდგომის დაცვასა და განვითარებას ემსახურება. AMI-ის სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მონტესორის სახელით შეთავაზებული განათლება მხოლოდ ტერმინით არ შემოიფარგლებოდეს და მის უკან შესაბამისი ცოდნა, მომზადება და საგანმანათლებლო პრინციპები იდგეს. საქართველოსთვის ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მონტესორის ასოციაციის AMI-სთან ოფიციალური აფილირება. ეს ქართულ მონტესორის საგანმანათლებლო საზოგადოებას საერთაშორისო პროფესიულ ქსელთან აკავშირებს და ავთენტური მონტესორის განათლების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან, აფილირება მხოლოდ აღიარება არ არის — ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, რომ საქართველოში ამ მიდგომის განვითარება მარია მონტესორის ხედვისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტების დაცვით გაგრძელდეს.
რას ნიშნავს მონტესორის განათლება ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორია მონტესორის ბაღის გარემო, რა როლი აქვს პედაგოგს, რა ასაკიდან შეიძლება ამ მიდგომით სწავლების დაწყება და როგორ ეხმარება ის ბავშვს დამოუკიდებელ, მოაზროვნე და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში? - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს მონტესორის ასოციაციის და მონტესორის სკოლამდელი განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, ინგა პატარაიას, ვესაუბრეთ.

- საუკუნეზე მეტია, ცნობილი იტალიელი პედგოგის მარია მონტესორის სახელი, როგორც რეფორმატორულ-პედაგოგიკური მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენლის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის, იპყრობს და იზიდავს საზოგადოების ყურადღებას. მისი პედაგოგიკური იდეები, განათლების სისტემაში განსაკუთრებული მოვლენაა. დღეს მონტესორის მეთოდი არა მხოლოდ აქტუალობას ინარჩუნებს მთელ მსოფლიოში, არამედ სრულიად ადეკვატურია თანამედროვე განათლების მიზნებისთვის, რომლებიც მიმართულია ბავშვის თვითაღზრდასა და თვითგანვითარებაზე.ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, როდესაც საქართველომ დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მიიღო, მაშინდელმა განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს ევროპული განათლება სჭირდებოდა და მარია მონტესორის მოწაფე, ლოლა კონდულმარი მოიწვია თბილისში. ამ გამორჩეულ კურსს, სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 36 მასწავლებელი დაესწრო. ცნობას, მონტესორის პედაგოგიკით დაინტერესებაზე, საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს. ანგარიში კი 1920 წლის 4 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტს თამარა ნიკოლოზის ასული ერისთავი აწერს ხელს. ლოლა კონდულმარი თბილისში შეკრებილ მასწავლებლებს მონტესორის კურსის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა. მისი სასწავლო კურსი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან განათლების სამინისტრომ კურსის დამთავრების შემდეგ იტალიიდან მონტესორის სისტემის აღჭურვილობაც გამოიწერა. მონტესორის პრინციპით კი რამდენიმე სკოლაში საკლასო ოთახებიც გამართეს... მაგრამ მონტესორის პედაგოგიკა მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის. კომუნისტებმა ამ პედაგოგიკას ბურჟუაზიული უწოდეს და მეთოდი აკრძალეს...ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისა და სრულყოფისთვის და მართლაც, ხსენებული მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ გავხსენით „მონტესორის საერთაშორისო სკოლა“. გვსურდა, მომავალი თაობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მონტესორის სამეცნიერო პედაგოგიკით მიეღოთ სკოლამდელი განათლება.
ჩვენი სკოლამდელი განათლების ცენტრი 2021 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს.მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად გადავწყვიტეთ საქართველოში დაგვეწყო ნამდვილი მონტესორის სისტემის დანერგვა.
- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი ქართული მონტესორის განათლებისთვის.საქართველოს მონტესორის ასოციაცია გახდა Association Montessori Internationale — AMI-ის ოფიციალურად აფილირებული ორგანიზაცია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შევიდა მონტესორის საერთაშორისო პროფესიულ ქსელში და ჩვენს ქვეყანაში ავთენტური მონტესორის განათლების განვითარება უკვე საერთაშორისო სისტემასთან პირდაპირ კავშირში მიმდინარეობს.ჩემთვის ეს მხოლოდ აღიარება არ არის — ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველოში მონტესორის განათლება განვითარდეს იმ პრინციპებითა და სტანდარტებით, რომლებიც მარია მონტესორის ხედვას ეფუძნება.

დღეს სიტყვა „მონტესორი“ ძალიან ხშირად გამოიყენება, მაგრამ მხოლოდ ამ სახელის გამოყენება მონტესორის განათლებას არ ნიშნავს.ავთენტური მონტესორი არის მთლიანი სისტემა — მომზადებული გარემო, სპეციალურად მომზადებული პედაგოგი, შესაბამისი მონტესორის მასალები, ბავშვის განვითარების დაკვირვება და, რაც მთავარია, ბავშვის ინდივიდუალურობისა და ბუნებრივი განვითარების ტემპის პატივისცემა.
მონტესორი არ არის უბრალოდ ლამაზი ოთახი ან კონკრეტული სათამაშოები.მონტესორი არის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.ჩვენ არ ვცდილობთ, ყველა ბავშვი ერთნაირი გავხადოთ. პირიქით — ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
- მონტესორის გარემოში ყველაფერი ბავშვის განვითარების საჭიროებებზეა მორგებული.მასალები ბავშვისთვის ხელმისაწვდომია, გარემო მოწესრიგებულია და თითოეულ საქმიანობას თავისი მიზანი აქვს. ბავშვი თავად იღებს მასალას, მუშაობს, ასრულებს საქმიანობას და შემდეგ თავის ადგილას აბრუნებს.ეს ყველაფერი თითქოს ძალიან მარტივი მოქმედებებია, მაგრამ სწორედ აქედან იწყება დამოუკიდებლობა.
პედაგოგიც განსხვავებულ როლს ასრულებს. ის არ არის ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბავშვს ეუბნება, რა უნდა გააკეთოს.მონტესორის პედაგოგი, პირველ რიგში, აკვირდება.ის აკვირდება ბავშვის ინტერესს, საჭიროებასა და განვითარების ეტაპს და შემდეგ, სწორ მომენტში, სთავაზობს შესაბამის საქმიანობას.

ჩვენთან შეიძლება დაინახოთ ბავშვი, რომელიც მათემატიკურ მასალაზე მუშაობს, მეორე — ენაზე, მესამე კი პრაქტიკული ცხოვრების საქმიანობას ასრულებს.ყველა ერთსა და იმავეს არ აკეთებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება.ბავშვს აქვს თავისუფლება, აირჩიოს საქმიანობა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ „აკეთოს, რაც უნდა“. ეს არის თავისუფლება პასუხისმგებლობაში.ბავშვი სწავლობს არჩევანის გაკეთებას, კონცენტრირებას, დაწყებული საქმის დასრულებას და საკუთარი სამუშაოს ორგანიზებას.გარედან ეს შეიძლება მშვიდ პროცესად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ბავშვი ამ დროს ძალიან ინტენსიურად ვითარდება.


- პირველ რიგში — დამოუკიდებლობას.ბავშვი სწავლობს საკუთარ თავზე ზრუნვას, გადაწყვეტილების მიღებას, პრობლემის გადაჭრას, კონცენტრირებას, პასუხისმგებლობასა და თანამშრომლობას.მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რამ არის — ბავშვი სწავლობს საკუთარი თავის რწმენას.
როდესაც ბავშვი ამბობს: „მე თვითონ გავაკეთე“, ეს მხოლოდ კონკრეტული დავალების შესრულება არ არის.ეს არის შინაგანი განცდა: „მე შემიძლია.“და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება.
გარდა ამისა, ბავშვი ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, თამაშ-თამაშით სწავლობს მათემატიკას, ეცნობა სამყაროს, გებულობს უამრავ რამეს გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ეცნობა ენობრივ თავისებურებებს, თამაშით ეჩვევა თვითმომსახურებას, ელემენტარულ საქმეებს, როგორიცაა ხელ-პირის დაბანა, ჭურჭლის გარეცხვა, დასუფთავება, პირადი ჰიგიენა და ა.შ.


- ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად გაივლის ადაპტაციის პროცესს.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.საჭიროების შემთხვევაში, ადაპტაციის პირველ ეტაპზე მშობელიც მონაწილეობს პროცესში. ბავშვი თანდათან ეცნობა გარემოს, პედაგოგსა და სხვა ბავშვებს და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად იწყებს ჩართვას.
ჩვენ არ ვეუბნებით ბავშვს: „ახლა უნდა დარჩე და შეეგუო“.ჩვენ ვაძლევთ მას დროს, რომ თავად იგრძნოს — ეს გარემო ჩემთვის უსაფრთხოა.


- მონტესორის განათლება ძალიან ადრეული ასაკიდან შეიძლება დაიწყოს.ჩვენ განსაკუთრებით ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია 3-დან 6 წლამდე პერიოდი — ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვს აქვს უზარმაზარი სურვილი, დამოუკიდებლად შეიცნოს სამყარო.
მშობელი, რომელიც ჩვენს ბაღს ირჩევს, ირჩევს არა მხოლოდ ადგილს, სადაც ბავშვი დღის განმავლობაში იქნება.ის ირჩევს გარემოს, სადაც მისი შვილი ყოველდღიურად სწავლობს დამოუკიდებლობას, აზროვნებასა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას.
- მონტესორის მიზანი არ არის ყველა ბავშვის ერთი მოდელის მიხედვით გაზრდა.პირიქით — ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა.მაგრამ გვინდა, რომ ის გაიზარდოს დამოუკიდებელ, მოაზროვნე, პასუხისმგებლიან და თავდაჯერებულ ადამიანად.ადამიანად, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება.ჩვენ არ ვზრდით ბავშვს მხოლოდ დღევანდელი დღისთვის. ჩვენ ვამზადებთ მას ცხოვრებისთვის.
- იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვს აღარ სჭირდება მხოლოდ ბევრი ინფორმაციის ცოდნა — მას სჭირდება დამოუკიდებლად აზროვნება, სწავლის სურვილი, სწორი არჩევანის გაკეთება და საკუთარ თავში რწმენა.და სწორედ ამას ვუყრით საფუძველს მონტესორის გარემოში.