გვატემალაში მომხდარმა უჩვეულო შემთხვევამ სოციალური ქსელები მოიცვა. 15 წლის გოგონა, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, საკუთარი დაკრძალვის სამზადისის დროს კუბოში გონს მოვიდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ იწყებს გოგონა მოძრაობას, ახელს თვალებს და წამოჯდომას ცდილობს, გარშემო შეკრებილი ადამიანები კი გაოცებას ვერ მალავენ.
შემთხვევა 2026 წლის 10 ოქტომბერს, გვატემალის კიჩეს დეპარტამენტში, სოფელ ელ-ხოკოტეში მოხდა.
15 წლის იულეიდი იშკოტოიაკის მამამ, აბრაამ იშკოტოიაკმა, ადგილობრივ ტელეკომპანია TV SAC-ს უამბო, რომ მისი ქალიშვილი ღამით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მან შვილის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა გზაში გოგონამ გონება დაკარგა.
მამის თქმით, მან შენიშნა, რომ ქალიშვილი აღარ სუნთქავდა და პულსიც არ ესინჯებოდა. მამაკაცმა ჩათვალა, რომ გოგონა გარდაიცვალა და საავადმყოფოში მისვლის ნაცვლად უკან დაბრუნდა. მან კუბო შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო.
გოგონა კუბოში მოათავსეს, სახლში კი ნათესავები, მეგობრები და ოჯახის ახლობლები შეიკრიბნენ.
გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით შვიდი-რვა საათის შემდეგ მოულოდნელი რამ მოხდა — გოგონამ მოძრაობა დაიწყო, თვალები გაახილა და წამოჯდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ეხმარებიან მას შეკრებილი ადამიანები, აწვდიან წყალს და კუბოდან ამოყვანას ცდილობენ. ზოგი მათგანი ტირის, ზოგი ლოცულობს. გოგონას მამამ მომხდარი ღვთის სასწაულად შეაფასა.
მოგვიანებით იულეიდიმ ადგილობრივ მედიასთან თავადაც ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევამდე მკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, შემდეგ კი თვალთ დაუბნელდა და გონება დაკარგა.
გოგონამ აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვისაც სასწაულს ჰგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში შემთხვევა „მკვდრეთით აღდგომად“ გავრცელდა, ამ დროისთვის არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება, რომ გოგონას სიკვდილი ნამდვილად დადგა.
როგორც მექსიკური ტელეკომპანია TV Azteca წერს, იულეიდი საავადმყოფოში საერთოდ არ მიუყვანიათ და მისი გარდაცვალება ექიმს არ დაუდასტურებია. შესაბამისად, უცნობია, რა გახდა ხანგრძლივი უგონო მდგომარეობის მიზეზი.
შესაძლებელია, გოგონას გონების დაკარგვა ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემას უკავშირდებოდა, თუმცა დიაგნოზის დასახელება სამედიცინო გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია.
შემთხვევამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვან საკითხზე: ადამიანის გარდაცვალების დადგენა მხოლოდ იმით, რომ ის არ მოძრაობს ან ახლობლებს პულსი არ ესინჯებათ, დაუშვებელია.
თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია და ნორმალურად არ სუნთქავს, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება და გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება.