ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ბოდიშს უხდის გამომწერებს, რომელთაც მისი პოსტის გამო ინერვიულეს:
- ბოდიში მაქვს მოსახდელი ყველასთვის და თავზე ნაცარი წასაყრელი, რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ ჩემმა უაზრო პოსტმა ცოტა შეცდომაში შეგიყვანათ ყველა და გაფიქრებინათ ის, რასაც არასოდეს არ გავაკეთებ. მადლობა, არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდით. ვეცადე, რომ ყველაფერი წამეკითხა და მადლობა, რომ ხართ და გული გტკივათ ჩემზე და იმაზე, ვიქნები, თუ არა.
ახლა მოგიყვებით, რა მოხდა. რეალურად, ყველაფერი ჩემი სისულელის ბრალია. ჰო, ხდება ხოლმე ხანდახან, რომ სისულელეს ვაკეთებ.
რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე, ხომ არი ხოლმე რაღაც ნაცრისფერი დღეები და გუშინ ასეთი დღე იყო. არც ვივარჯიშე, აი, რაღაცნაირად სევდიანად ვიყავი და ასეთ დროს მიყვარს ხოლმე ჩემი თავის მდგომარეობიდან გამოყვანა. მაქვს ერთი ასეთი ოცნება - სულ ვცდილობ ხოლმე, ან ესეთი ტიპი ვარ, რომ რაღაც მიზანი დავისახო და ამ მიზნისკენ მივიდე... ახალი მიზანი მაქვს, რომ ოდესმე შევძლო და იტალიის პატარა სოფელში, ზღვის პირას პატარა სახლუკა მქონდეს. აი, იცით როგორი? პატარა კარს რომ გააღებ,ეგრევე ზღვაზე რომ გადიხარ, ბევრი ვარდი, იასამნები მექნება... ამას ვხედავ ხოლმე და გუშინ გადავწყვტე, რომ დამეთვალიერებინა ლამაზი ზღვის, ლამაზი სახლების ფოტოები და ამან ძალიან მიშველა. და იმ მომენტში მომივიდა თავში აზრად, მიფიქრია ემიგრაციაზე. ერთადერთი, რაც მაფერხებს ემიგრაციაში წასვლაზე, არის ჩემი შვილის საფლავი, რომელსაც აქ აივანზე რომ დავდგები, სასაფლაოს ვხედავ... მაგრამ რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დავალაგებ ყველაფერს ისე და წავალ.
და გუშინ აი ასე სპონტანურად, უაზროდ, დავწერე ეს მესიჯი. მე ჩვევა მაქვს მერე, ჯანმრთელი ჩვევა, რომ საღამოობით ვთიშავ ტელეფონს და ვხოლმე ვკითხულობ ხოლმე რაღაცას, ვუყურებ, ახალი წიგნი მქონდა დოკუმენტური პროზიდან, და ესე კითხვა-კითხვით, მერე ძილის დროც მოვიდა, დავიძინე და ამ დროს თურმე სოციალურ ქსელში არის ერთი ამბავი... სადღაც 12-დან პირველამდე გამაღვიძა ბუბუმ, იმიტომ, რომ კარზე აკაკუნებდნენ და დამხვდნენ ჩემი მეგობრები, ერთ-ერთი თითქმის ტიროდა, იმიტომ, რომ თურმე დიდი ხანია აკაკუნებენ. მე ღრმა ძილი მაქვს და კარი არ გამიღია და მითხრეს, რომ თურმე ასეთი ამბავია...
პირველ რიგში ძალიან გაუხარდათ, რომ ცოცხალი ვარ და ამ დროს მე გაბურძგნული, თმაგაჩეჩლი, ერთი სული მაქვს, რომ წავიდე და დამაძინონ და გვიან მოვედი აზრზე, რა ხდება. ჯერ ერთი ძალიან შემრცხვა და მეორე, რაც მითხრა ჩემმა მეგობარმა, იმ მომენტში თავში არ მომივიდა, იმიტომ, რომ ახალგაღვიძებული ვიყავი - დედაშენს დაურეკე. დედაჩემი არ არის საქართველოში, ჩემს დასთან ერთად არის... ტროლბოტების და ათასნაირი სააგენტოს სტატუსების გამო, მაია ასათიანს ეს მოუვიდა, ორსულად არის, გააჩინა, თავი მოიკლა და ა.შ., ძალიან ნერვიულობს ხოლმე და ახლა არ გინდა უთხრა, რომ შენი პოსტის გამო ამდენი ადამიანი შეცდომაში შეიყვანე და რაც მთავარია, თვითონ...
ჰოდა, აკანკალებული ვრეკავ. ზის მშვიდად და წყნარად. ვეუბნები დედა, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, არაფერი არ მაწუხებს, არ ინერვიულო. სრული სიმშვიდით არის. ეს ისტორიები მე და დედაჩემის, ცოტა გავახალისებ სიტუაციას... კი ვიციო, შენ რომ თავის მოკვლა გდომებოდა, პოსტს არ დაწერდიო, ისეთი ტიპი ხარო, პირდაპირ გააკეთებდიო... და მეორეო... აი, ამან მატკინა ყველაზე მეტად: ამხელა ჟურნალისტ ქალად მოგაქვს თავიო და პოსტი ისე ვერ დაგიწერიაო, რომ შინაარსი გასაგები იყოსო... ეს იყო საკონტროლო გასროლა. იმიტომ, რომ ეს იყო მართალი. ასე რომ, ძალიან დიდი ბოდიში... და მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა, რომ გაღელვებდათ...
