პრინცმა ჰარიმ თავისი 7 წლის ვაჟის, არჩის, სასკოლო ცხოვრებიდან სახალისო ისტორია გაიხსენა. როგორც აღმოჩნდა, პატარა პრინცს მათემატიკა დიდად არ უყვარს და ერთხელ მამას სთხოვა კიდეც, ისეთი სკოლა მოეძებნა, სადაც ამ საგანს საერთოდ არ ასწავლიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ნოტინგემში რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს პრინცი სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრა. როდესაც გაიგო, რომ ერთ-ერთ ბავშვს მათემატიკა განსაკუთრებით უყვარდა, აღნიშნა, რომ ბევრ ადამიანს ეს საგანი არ მოსწონს და საკუთარი შვილის ამბავიც გაიხსენა.
„ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი შემომიბრუნდა და მკითხა: „შეიძლება ისეთ სკოლაში ვიარო, სადაც მათემატიკას არ ასწავლიან?“ ვუპასუხე: „ასეთი სკოლა არ არსებობს!“ შემდეგ კი ახალ სკოლაში წავიდა და გამოიცანით, რა ჰქონდა პირველივე დღეს, პირველ გაკვეთილად? მათემატიკა!“ — გამოცემა People-ის ცნობით, იხუმრა პრინცმა ჰარიმ.

გავრცელებული ცნობებით, აგვისტოში პრინცი ჰარი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, კალიფორნიაში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ. არჩი და მისი 5 წლის და, ლილიბეტი, ბრიტანულ სკოლაში შევიდნენ, თუმცა ორ დღეში სასწავლო დაწესებულების შეცვლა მოუხდათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დასახელდა. ასევე იწერებოდა, რომ სკოლამ მშობლებს გაუგზავნა გაფრთხილება სხვა მოსწავლეების ნებართვის გარეშე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების დაუშვებლობის შესახებ. ამან მშობლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, მეგან მარკლმა სასკოლო ჯგუფურ მიმოწერაში შემთხვევით საკუთარი ტელეფონის ნომერი გაამჟღავნა.

ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ მედიაში კვლავ აქტიურად განიხილებოდა ჰარისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობაც. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, პრინცი სამეფო ოჯახისგან მეუღლისთვის ბოდიშის მოხდას ელოდა. ამავდროულად, წყვილთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არსებული უთანხმოების მიუხედავად, ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2020 წელს მათ სამეფო ოჯახის მოქმედი წევრების მოვალეობებზე უარი განაცხადეს და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ.

მომდევნო წლებში ჰარისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. ამას ხელი შეუწყო პრინცის მემუარების, „სათადარიგოს“ (Spare), გამოქვეყნებამ და ოპრა უინფრისთვის მიცემულმა გახმაურებულმა ინტერვიუმ.