„თბილისიმარათონი“ - სპორტი, რომელიც ქალაქს აერთიანებს - მშობლები

„თბილისიმარათონი“ - სპორტი, რომელიც ქალაქს აერთიანებს

2026-10-16 22:24:56+04:00

27 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რიგით მე-15 „თბილისიმარათონი 2026“ გაიმართა. მასშტაბურმა სპორტულმა და საქველმოქმედო ღონისძიებამ დედაქალაქში ოთხი ათასამდე მონაწილე გააერთიანა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანსაღი ცხოვრების წესის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

მონაწილეებმა სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს. მარათონი რამდენიმე დისტანციას მოიცავდა: ნახევარმარათონს, 21.097 კილომეტრს, 10-კილომეტრიან გარბენს და ბავშვებისთვის განკუთვნილ დისტანციებს - 5-დან 10 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის 500 მეტრს, ხოლო 11-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის ერთ კილომეტრს. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ყველა მონაწილე დაჯილდოვდა. 10-კილომეტრიან დისტანციაზე, 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული ქალი და მამაკაცი კი „ბიბლუსმა“ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.

„თბილისიმარათონის“ მნიშვნელობაზე, მის როლზე და ღონისძიების სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ორგანიზატორები გვესაუბრნენ:

რას ემსახურება „თბილისიმარათონი“ და რა მნიშვნელობა აქვს მას დღეს თბილისისთვის?

„თბილისიმარათონი“ მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ არის. ის აერთიანებს განსხვავებული ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამავდროულად, თბილისს ახალი პერსპექტივიდან წარმოაჩენს. ღონისძიებას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს - მისი საქველმოქმედო ხასიათი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პირად მიღწევასთან ერთად, საერთო მიზნის განხორციელებაშიც შეიტანონ წვლილი.

გარდა ამისა, მარათონი ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას. ვფიქრობ, დღეს ის თბილისის სპორტული და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორ ეხმარება „თბილისიმარათონი“ თბილისს, როგორც ტურისტულ და საერთაშორისო ქალაქს, პოპულარიზაციაში?

მარათონი ქალაქის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა, რადგან უცხოელი მონაწილეები თბილისს არა მხოლოდ ტურისტის თვალით, არამედ ღონისძიების სრულფასოვან მონაწილეებად ეცნობიან. ისინი გადიან ქალაქის ქუჩებში, ხედავენ მის არქიტექტურას, ისტორიულ უბნებსა და თანამედროვე ცხოვრებას, ეცნობიან ადგილობრივ გარემოს და ამ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებენ.

ჩვენი მიზანია, „თბილისიმარათონი“ მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ იყოს და ადამიანებისთვის თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთ მიზეზადაც იქცეს. მარშრუტიც ისეა შერჩეული, რომ მონაწილეებს ქალაქის როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე მხარის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

შესაძლოა, ადამიანი პირველად სწორედ მარათონის გამო ჩამოვიდეს თბილისში, შემდეგ კი სხვა მიზნითაც დაბრუნდეს..

რა გამოარჩევს „თბილისიმარათონს“ სხვა საერთაშორისო მარათონებისგან?

ჩვენი მთავარი უპირატესობა თავად თბილისია - მისი უნიკალური ხასიათი, ისტორია, სტუმართმოყვარეობა და ატმოსფერო. აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი უბნები და თანამედროვე ქალაქი, ტრადიციები და ცხოვრების დინამიკური რიტმი. სწორედ ეს ქმნის გამოცდილებას, რომლის გამეორებაც სხვა ქალაქში შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია ღონისძიების სოციალური მხარეც. გვინდა, მონაწილეებმა გააცნობიერონ, რომ მარათონი მხოლოდ პირადი სპორტული შედეგის მიღწევა არ არის და მათ მონაწილეობას უფრო დიდი საქმის მხარდაჭერაც შეუძლია.

როგორ ვითარდება „თბილისიმარათონი“ და რა არის მისი სამომავლო მიზნები?

წლების განმავლობაში „თბილისიმარათონი“ გაიზარდა როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ისე საერთაშორისო ჩართულობისა და ორგანიზების ხარისხის თვალსაზრისით. დღეს ჩვენი მიზანი მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა აღარ არის. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მონაწილეთა გამოცდილება, ღონისძიების ორგანიზება და უსაფრთხოების სტანდარტები, რათა თითოეულმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

საერთაშორისო გამოცდილებაც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ისეთი ქალაქების მაგალითები, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, ბერლინი და პარიზი, გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მარათონი ქალაქის კულტურისა და საერთაშორისო იმიჯის ნაწილად იქცეს. თუმცა ჩვენი მიზანი სხვა ქალაქების გამოცდილების პირდაპირ გადმოტანა არ არის - გვინდა, საუკეთესო პრაქტიკები თბილისის თავისებურებებს მოვარგოთ და ღონისძიების უნიკალური ხასიათი შევინარჩუნოთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, „თბილისიმარათონი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გახდეს, რომელიც სპორტის მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანებს და თბილისს მსოფლიოს უფრო მეტ ადამიანს გააცნობს.

რას იღებს მონაწილე „თბილისიმარათონისგან“, სპორტული გამოცდილების გარდა?

უპირველესად, ემოციას, მოტივაციასა და პირადი გამარჯვების განცდას. ვიღაცისთვის ეს პირველი გარბენია, ვიღაცისთვის - პირადი რეკორდის გაუმჯობესება, სხვებისთვის კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებული განსაკუთრებული დღე. თითოეულ მონაწილეს საკუთარი მიზანი აქვს, თუმცა მარათონი ყველას აერთიანებს საერთო გამოცდილებით.

ამასთან, ღონისძიების საქველმოქმედო ხასიათი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ჩართულობით მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერაში მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ეს აქცევს მარათონს გამოცდილებად, რომლის მნიშვნელობაც ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგაც გრძელდება.

R