როგორი ამინდი იქნება ერთი კვირის განმავლობაში და სადაა ნალექი მოსალოდნელი - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როგორი ამინდი იქნება ერთი კვირის განმავლობაში და სადაა ნალექი მოსალოდნელი - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2026-10-19 11:54:05+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე გადაცემაში "იმედის დილა“ საუბრობს, როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-25 ოქტომბრის კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით:

- გასული კვირა საკმაოდ თბილი იყო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურები. ნიშნულმა +29, +30 გრადუსამდეც კი მოიმატა. მიმდინარე კვირა შედარებით არამდგრადი ამინდებით ხასიათდება. დროგამოშვებით წვიმა გვექნება, ტემპერატურაც ოდნავ დაიკლებს, თუმცა წვიმიანი დღეების განმავლობაში ტემპერატურა მაინც +18, +20 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

ზღვის სანაპიროზე ღრუბლიანი ამინდი იქნება. ხვალ და ზეგ მცირე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა აჭარაში უფრო უნალექო ამინდები შენარჩუნდება და ტემპერატურაც +20 გრადუსამდე დაიკლებს. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და სამეგრელოში ზოგან წვიმა იქნება. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა იქაც დაახლოებით +18, +20 გრადუსამდე დაიწევს. ​

წვიმიანი ამინდები 23 რიცხვამდე გასტანს. ნალექი ძირითადად მოსალოდნელია მთიან და მაღალმთიან რაიონებში, სამეგრელოში, ზემო იმერეთსა და რაჭაში. კვირის ბოლოს, პარასკევს, შაბათს და კვირას უკვე გამოიდარებს, უნალექო ამინდი დაფიქსირდება და ტემპერატურა დაბლობზე ეტაპობრივად +24, +25 გრადუსამდე მოიმატებს. ​

სვანეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება პარასკევამდე. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, ეს პერიოდი მაინც მაღალი ტემპერატურების ფონზე წარიმართება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. ხვალ და ზეგ, 23 რიცხვამდე, ძირითადად კახეთსა და ქვემო ქართლში გადმოიწევს ნალექი, ხოლო მომდევნო დღეებში შიდა ქართლის ტერიტორიაზე იქნება წვიმა, კახეთში კი უფრო ნაკლებად. კვირის ბოლოს, ანუ პარასკევს, შაბათსა და კვირას, აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს და უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ტემპერატურა წინა კვირის +26, +27 გრადუსიდან +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო პარასკევიდან კვირის ბოლომდე +24, +25 გრადუსამდე მოიმატებს. ​

დედაქალაქშიც დროგამოშვებით გვექნება წვიმა. ეს არ იქნება გადაბმული ნალექი, პერიოდულად შესუსტდება ან შეწყდება, თუმცა ღრუბლიანი და წვიმიანი დღეები შენარჩუნდება. ​დღეს გარეუბნებში ცოტა ქარიანი ამინდია, მაგრამ დღის ბოლომდე ქარი შესუსტდება და ხვალიდან მთელი კვირის განმავლობაში უქარო ამინდი დაფიქსირდება. ​