გადაცემაში „პირადი ექიმი — მარი მალაზონია“ ინფექციონისტმა თემურ ქველიძემ განმარტა, რას ნიშნავს "დაუბანელი ხელის დაავადებები" და ფეკალურ-ორალური გზით ინფექციის გადაცემა და რატომ არის ხელების ჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბავშვებსა და ხანდაზმულებში. გთავაზობთ ინფექციონისტის განმარტებებს:
„საერთოდ, ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია. თუ ადამიანი ინფიცირებულია და მისი ხელები ფეკალური მასით დაბინძურდა, შემდეგ კი ხელები არ დაიბანა ან არასაკმარისად დაიბანა, შესაძლოა ინფექცია სხვა ადამიანს გადასდოს.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფეკალურ მასასთან უშუალო შეხება. ეს შეიძლება იყოს კარის სახელური ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც არასათანადო ჰიგიენის პირობებში დაბინძურდა.
მაგალითად, ადამიანი გამოვიდა ტუალეტიდან, ხელები სათანადოდ არ დაიბანა და შემდეგ მეგობრის მაგიდასთან მივიდა. ხელი მოკიდა პურს ან სხვა საკვებს. ამის შემდეგ იმავე პროდუქტს შეიძლება სხვა ადამიანი შეეხოს, რომელსაც სრულიად სუფთა ხელები აქვს. თუ ინფექციის გამომწვევი პირის ღრუში მოხვდა, შესაძლოა ადამიანი დაინფიცირდეს“.
„როდესაც ადამიანი დაბინძურებულ საკვებს იღებს, ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს საპასუხო რეაქცია. ერთ-ერთი ასეთი რეაქცია ღებინებაა.
თუ ინფექციის გამომწვევი ნაწლავში მოხვდა, შეიძლება დაიწყოს მუცლის ტკივილი და ფაღარათი.
ზოგიერთი ბაქტერია გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც ნაწლავის უჯრედებს აზიანებს და ხელს უწყობს სითხის გამოყოფას. შედეგად ვითარდება დიარეა“.
„ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა დიზენტერია, რომელსაც შიგელას ბაქტერია იწვევს. მას ადრეც ჭუჭყიანი ხელების დაავადებას უწოდებდნენ და ეს რეალობას შეესაბამება.
იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებს მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს დიზენტერია უმწიფარი ყურძნის ან სხვა დაუმწიფებელი პროდუქტის ჭამის შედეგად ვითარდებოდა. სინამდვილეში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ინფექციის გადაცემის გზა — დაბინძურებული ხელები, საკვები და წყალი.
ამ ჯგუფში შედის სალმონელოზიც. ასევე არსებობს პარაზიტული ინფექციები, მაგალითად, ამებიაზი, რომლის პრევენციისთვისაც ხელების დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
„ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი B და C ჰეპატიტები, რომლებიც სისხლით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება.
A ჰეპატიტის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა. ის ფეკალურ-ორალური გზით გადადის. ინფექციის გამომწვევი ორგანიზმიდან ფეკალურ მასასთან ერთად გამოიყოფა და თუ დაბინძურებული ხელებით, საკვებით ან წყლით სხვა ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, შეიძლება ინფიცირება გამოიწვიოს.
ამიტომ A ჰეპატიტიც იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომელთა პრევენციისთვის პირადი ჰიგიენის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
„ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თუ ნაწლავური ინფექციით პატარა ბავშვი დაინფიცირდა, გასათვალისწინებელია, რომ მისი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, ინფექციაზე ორგანიზმის რეაქცია შეიძლება განსხვავებული იყოს და დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.
ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემის ფუნქციონირება იცვლება და ორგანიზმს შესაძლოა ინფექციასთან გამკლავება გაუჭირდეს.
ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როგორც ოჯახის წევრებმა, ისე სამედიცინო პერსონალმა“.
„ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში, სადაც პატარა ბავშვებს უვლიან.
მაგალითად, როდესაც ბავშვს საფენს უცვლიან, მომვლელის ხელები შეიძლება დაბინძურდეს. მან შესაძლოა არც იცოდეს, აქვს თუ არა ბავშვს ნაწლავური ინფექცია.
თუ ამის შემდეგ ხელებს არ დაიბანს და სხვა ბავშვს შეეხება ან საკვებს მიაწვდის, ინფექციის გადაცემის რისკი წარმოიქმნება.
ამიტომ საფენის გამოცვლის შემდეგ ხელების საფუძვლიანი დაბანა აუცილებელია“.
„ეს მხოლოდ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს არ ეხებათ. იგივე წესი აუცილებლად უნდა დაიცვან მშობლებმაც.
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ პატარა ბავშვის საფენის გამოცვლა განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, თუ ბავშვს ნაწლავური ინფექცია აქვს, ის შესაძლოა ინფექციის წყარო იყოს.
ამიტომ დედამ, მამამ და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ბავშვს საფენს უცვლის, აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები. ეს ინფექციის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა“.