ჰელიკობაქტერია პილორი ბავშვებში - როდის არის საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა? - მშობლები

ჰელიკობაქტერია პილორი ბავშვებში - როდის არის საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა?

2026-10-22 11:00:00+04:00

Helicobacter pylori, იგივე ჰელიკობაქტერია პილორი, ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიაა, რომელსაც კუჭში ხანგრძლივად დარჩენა შეუძლია. მისი აღმოჩენა ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს მუცლის ტკივილი ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები აქვს. თუმცა ნიშნავს თუ არა დადებითი ტესტი, რომ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა და ჩივილები ამ პრობლემით არის გამოწვეული? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გოთუას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი მარიამ ღუღუნიშვილი საუბრობს.

მარიამ, რა არის Helicobacter pylori და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი აღმოჩენა?

Helicobacter pylori, იგივე H. pylori, არის ბაქტერია, რომელსაც კუჭში ცხოვრება და ხანგრძლივად დარჩენა შეუძლია. მან შესაძლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება გამოიწვიოს.

ბევრ ადამიანს ეს ბაქტერია აქვს, მაგრამ ჩივილები არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება გამოიწვიოს. ხანგრძლივი ინფექცია მომავალში კუჭის ზოგიერთი სერიოზული დაავადების განვითარების რისკთანაც არის დაკავშირებული, თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებში ასეთი გართულებები იშვიათია.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვისთვის H. pylori-ის აღმოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ჩივილი ამ ბაქტერიით არის გამოწვეული ან დაუყოვნებლივ ანტიბიოტიკებით მკურნალობაა საჭირო.

როგორ შეიძლება ბავშვი ჰელიკობაქტერიით დაინფიცირდეს?

ინფექცია, როგორც წესი, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ბაქტერიის გავრცელების შესაძლო გზებია დაბინძურებული ხელები, წყალი ან საკვები, ნერწყვთან ან პირის ღრუს სეკრეტთან კონტაქტი, ასევე ღებინების მასებთან კონტაქტი.

ბავშვებში ხშირია მუცლის ტკივილი. შეიძლება თუ არა რომ ჰელიკობაქტერია პილორი იყოს მისი მიზეზი?

ბავშვებში მუცლის ტკივილს უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა ყაბზობა, ფუნქციური მუცლის ტკივილი, რეფლუქსი, ცელიაკია, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები და ზოგიერთი ნახშირწყლის, მაგალითად, ლაქტოზისა და ფრუქტოზის აუტანლობა.

  1. pylori-ის ინფექციის დროს ზოგიერთ ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ან სისავსის შეგრძნება კუჭის არეში, გულძმარვა და ჭამის შემდეგ სწრაფად დანაყრება. თუმცა ეს ნიშნები მხოლოდ ჰელიკობაქტერიისთვის დამახასიათებელი არ არის და მათი არსებობა თავისთავად არ ადასტურებს ინფექციას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ განმეორებითი მუცლის ტკივილი ყოველთვის არ ნიშნავს კუჭის ინფექციას. თუ ბავშვს ხშირად სტკივა მუცელი, საჭიროა ექიმმა შეაფასოს ჩივილების მიზეზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გამოკვლევები დაგეგმოს.

როდის არის საჭირო ბავშვის გამოკვლევა ჰელიკობაქტერია პილორიზე?

ყველა ბავშვს, რომელსაც მუცლის ტკივილი აქვს, H. pylori-ზე გამოკვლევა არ სჭირდება. ტესტირების აუცილებლობას ექიმი ბავშვის ჩივილების, გასინჯვისა და სამედიცინო ისტორიის საფუძველზე განსაზღვრავს. გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე შემთხვევაში.

  • პირველი არის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. თუ ბავშვს წყლული ან შესაბამისი ლორწოვანი დაზიანება დაუდასტურდა, ექიმმა უნდა შეაფასოს pylori-ის არსებობა. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია.
  • მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა კუჭის კიბოს შემთხვევა ოჯახის პირველი რიგის ნათესავებში. თუ ეს დაავადება ბავშვის მშობელს, და-ძმას ან სხვა პირველი რიგის ნათესავს აქვს ან ჰქონდა, ექიმმა შესაძლოა ბავშვის ჰელიკობაქტერია პილორიზე გამოკვლევა განიხილოს.
  • მესამე შემთხვევაა რკინადეფიციტური ანემია, რომელიც სათანადო მკურნალობას არ ემორჩილება. თუ რკინის დეფიციტის პრობლემა მკურნალობის მიუხედავად არ გვარდება, ექიმი დამატებით მიზეზებს იკვლევს. გარკვეულ შემთხვევებში, სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა pylori-ის გამოკვლევაც გახდეს საჭირო.

როგორ ხდება ინფექციის არსებობის დადგენა?

არსებობს კვლევის რამდენიმე მეთოდი, თუმცა ისინი სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ.

განავლის ანტიგენის ტესტი განავალში ბაქტერიის არსებობასთან დაკავშირებულ ნივთიერებებს ავლენს. სწორად შერჩეული ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც აქტიური ინფექციის გამოსავლენად, ისე მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად.

შარდოვანას სუნთქვითი ტესტის დროს ბავშვის ამოსუნთქულ ჰაერში ბაქტერიის არსებობასთან დაკავშირებული ცვლილებები ფასდება. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით გამოსადეგია მკურნალობის შემდეგ ინფექციის აღმოფხვრის შესამოწმებლად.

კუჭის ენდოსკოპიური გამოკვლევა ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია. მისი საშუალებით ექიმი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს აფასებს და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიისთვის ქსოვილის მცირე ნიმუშებს იღებს. ბიოფსია ბაქტერიის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიბიოტიკების მიმართ მისი მგრძნობელობის შეფასებაშიც გვეხმარება.

დიაგნოსტირების გზებზე საუბრისას თქვენ არ დაასახელეთ სისხლის ანტისხეულების ტესტი. რატომ არ არის საკმარისი სისხლის ანალიზი ჰელიკობაქტერიის გამოსავლენად?

სისხლში H. pylori-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვს ამჟამად აქტიური ინფექცია აქვს. ანტისხეულები შესაძლოა ინფექციის მკურნალობისა და აღმოფხვრის შემდეგაც დარჩეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის შემამცირებელმა პრეპარატებმა, ანტიბიოტიკებმა და ბისმუტის შემცველმა საშუალებებმა, შესაძლოა ტესტის პასუხზე გავლენა მოახდინოს და ცრუ უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

ექიმმა უნდა გირჩიოთ, როგორ მოემზადოს ბავშვი გამოკვლევისთვის და საჭიროა თუ არა რომელიმე მედიკამენტის დროებით შეწყვეტა. წამლის თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია.

რა ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვს ჰელიკობაქტერია პილორი დაუდასტურდება? ანტიბიოტიკით მკურნალობა აუცილებელია?

ანტიბიოტიკი ყოველთვის საჭირო არ არის, რადგან ყველა დადებითი პასუხი ერთნაირ გადაწყვეტილებას არ მოითხოვს. ბავშვებში მხოლოდ მუცლის ტკივილის გამო H. pylori-ზე რუტინული გამოკვლევა და შემდეგ ყველა დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

ბავშვთა ასაკში მთავარი მიზანია დადგინდეს, რა იწვევს ჩივილებს და ნამდვილად საჭიროა თუ არა ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

თუ ბავშვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს და H. pylori-იც დაუდასტურდა, მკურნალობა აუცილებელია. სხვა შემთხვევებში გადაწყვეტილება ბავშვის კლინიკური მდგომარეობისა და მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღება.

როგორ მკურნალობენ ჰელიკობაქტერიის ინფექციას ბავშვებში, თუ ეს საჭიროა?

თუ მკურნალობა საჭიროა, ჩვეულებრივ რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენება. სქემა შეიძლება მოიცავდეს კუჭის მჟავიანობის შემამცირებელ პრეპარატსა და ორ ან, საჭიროების შემთხვევაში, სამ ანტიბიოტიკს.

მკურნალობის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბაქტერიის ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ანტიბიოტიკი შესაძლოა ბაქტერიაზე აღარ მოქმედებდეს და მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს. სასურველია, მკურნალობის სქემა ბაქტერიის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შედეგების საფუძველზე უნდა შეირჩეს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კლარიტრომიცინს. თუ უცნობია, არის თუ არა ბაქტერია ამ ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობიარე, მისი რუტინული გამოყენება ბავშვებში თანამედროვე რეკომენდაციებით გამართლებული არ არის.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი: ბავშვს არ უნდა მისცენ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე, არ უნდა გამოიყენონ ოჯახის სხვა წევრისთვის დანიშნული მკურნალობა და ზუსტად უნდა დაიცვან ექიმის მიერ განსაზღვრული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა. გახსოვდეთ, არასწორად შერჩეულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა მკურნალობა უშედეგო გახადოს და ბაქტერიების წამლების მიმართ გამძლეობის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ექიმის რეკომენდაციის შესრულება და საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება.

ჩივილების ალაგების შემთხვევაში, რატომ არის აუცილებელი საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება?

თუ ბავშვს მკურნალობის შემდეგ მუცლის ტკივილი შეუმცირდა ან გულისრევა გაუქრა, ეს მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებაა, თუმცა თავისთავად არ ადასტურებს, რომ ბაქტერია სრულად აღმოიფხვრა. მეორე მხრივ, თუ მკურნალობის შემდეგ ჩივილები კვლავ გრძელდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მკურნალობა წარუმატებელი იყო.

ამიტომ ინფექციის აღმოფხვრა სპეციალური ტესტით უნდა დადასტურდეს. ESPGHAN-ისა და NASPGHAN-ის განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, საკონტროლო გამოკვლევა მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით 6–8 კვირის შემდეგ ტარდება. ამისთვის გამოიყენება შარდოვანას სუნთქვითი ტესტი ან მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული განავლის ანტიგენის ტესტი.

რა მოხდება თუ ბავშვებში ჰელიკობაქტერია პილორის არ ვუმკურნალებთ?

ბავშვების უმეტესობას მძიმე გართულებები არ უვითარდება. თუმცა H. pylori-ის ინფექცია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან, ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან და სისხლდენასთან, თუ წყლული სისხლძარღვს დააზიანებს.

ასევე, ხანგრძლივი ინფექცია კუჭის ზოგიერთი იშვიათი დაავადების, მათ შორის MALT-ლიმფომისა და კუჭის ადენოკარცინომის, განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებები ბავშვებში ძალიან იშვიათია.

რას ეტყოდით მშობლებს, ვის შვილსაც ჰელიკობაქტერია პილორი აღმოაჩნდა?

მშობლისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯია ექიმთან კონსულტაცია, საჭირო გამოკვლევების სწორად შერჩევა და მკურნალობის რეკომენდაციების დაცვა.

მთავარი პრინციპი მარტივია: ბავშვს სჭირდება არა უბრალოდ დადებითი ტესტის მკურნალობა, არამედ სწორი დიაგნოზი და მის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო დახმარება.

R