ოქტომბრის თვე ნეიროგანსხვავებულობისა და ნეირომრავალფეროვნების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. რა არის დისლექსია, რა ფორმით ვლინდება იგი და რა გამოწვევები ახლავს თან, თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" სალომე გახიტაშვილი - თამარ გაგოშიძის ცენტრის ნეიროფსიქოლოგი საუბრობს:
- დისლექსია, ვიწრო გაგებით, კითხვის სირთულეებია. ხოლო, უფრო ფართო გაგებით - ვერბალური ინფორმაციის გადამუშავებისა და შენახვის სირთულეები. დისლექსიის მქონე ადამიანებს აკადემიურ სფეროში უფრო ხშირად აღენიშნებათ სირთულეები, კერძოდ - სწრაფად და მოქნილად კითხვის, აგრეთვე წაკითხული ტექსტის გააზრების პროცესში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისლექსია არ უკავშირდება ინტელექტუალურ დარღვევას, სენსორულ პრობლემებს (მაგალითად, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას), ნევროლოგიურ დარღვევებს ან წიგნიერებაზე ხელმისაწვდომობის არქონას. აქვე, მინდა, ისიც ვთქვ, რომ ეს მდგომარეობა საკმაოდ გავრცელებულია. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევებით, სულ მცირე, 780 მილიონ ადამიანზე, ანუ ყოველ მეექვსე მოსწავლეზეა საუბარი. ამიტომ ამ თემაზე ხშირი საუბარი ნამდვილად აქტუალურია.
- ერთიანი და ერთადერთი მიზეზი, რომელიც დისლექსიის პროფილს განაპირობებს, დადგენილი არ არის. დისლექსიის ეტიოლოგია მრავალფაქტორულია. სპეციალისტები გენეტიკურ საფუძველზე საუბრობენ და კვლევებიც ადასტურებს, რომ დისლექსიის მქონე პირის უახლოეს ოჯახის წევრებსაც აქვთ კითხვის სირთულეები. ასევე, ნეიროვიზუალური კვლევებით ირკვევა, რომ თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს თხემკეფა-საფეთქლის უბანში განსხვავებული სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული უბანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვის პროცესისა და ვერბალური ინფორმაციის გადამუშავებისთვის. როგორც წესი, ეს არის ნეირობიოლოგიური და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელიც თავიდანვე არსებობს და არ ქრება. უბრალოდ, თერაპიისა და მხარდაჭერის შედეგად კომპენსატორული მექანიზმები ყალიბდება, რის საფუძველზეც კითხვის პროცესი უფრო მოქნილი და ავტომატიზებული ხდება, ხოლო ტექსტის გააზრების სირთულეები ნაკლებად ვლინდება.