შეიძლება თუ არა თრომბის თავიდან აცილება, რა ზრდის თრომბის რისკს და რა შეუძლია ნიორსა და ჯანჯაფილს - რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან - მშობლები

შეიძლება თუ არა თრომბის თავიდან აცილება, რა ანალიზებით დგინდება და რა შეუძლია ნიორსა და ჯანჯაფილს - რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

2026-10-27 11:48:17+04:00

თრომბის წარმოქმნა ჯანმრთელობის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა.როგორ ამოვიცნოთ თრომბოზის ნიშნები, როდის არის საჭირო გამოკვლევები, ვის აქვს თრომბის განვითარების მომატებული რისკი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად?

ამ საკითხებზე ექიმმა და ინფლუენსერმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

არის თუ არა ხელის დაბუჟება თრომბის ნიშანი?

გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, ხელის დაბუჟებას ადამიანები ხშირად შეცდომით უკავშირებენ თრომბს.

„ხელის დაბუჟება საერთოდ არ არის თრომბის ნიშანი. ხელის დაბუჟება უფრო შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ადამიანს დაზიანებული აქვს კისრის ნაწილი, ან მაჯის გვირაბის სინდრომი. დავიმახსოვროთ, რომ თუ ხელი გვიბუჟდება, ეს არაფერ შუაში არ არის თრომბთან“.

ექიმის თქმით, თრომბოზის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ის არის, რომ ზოგჯერ დაავადებას გამოხატული სიმპტომები საერთოდ არ ახლავს.

„ცუდი ამბავი ის მაქვს, რომ ხშირად თრომბს არანაირი ნიშანი არ აქვს. ანუ პაციენტების უმრავლესობას, როცა თრომბი აქვს, ჩვეულებრივი პაციენტები არიან მანამდე, სანამ ამას რაღაც გართულება არ მოჰყვება“.

თუმცა ღრმა ვენების თრომბოზს შესაძლოა კონკრეტული ნიშნები ჰქონდეს.

„ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში ფეხი შეშუპდება, ოღონდ ეს შეშუპება არის ცალმხრივი. უცებ ერთი ფეხი შეშუპდება ხოლმე, გამოკვეთილად თან. ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილი და ფერი იცვლება იმ ფეხისა — უფრო მუქდება, უფრო წითდება, უფრო მოლურჯდება ხოლმე. ეს არის ნიშანი, რომ იქ შეიძლება იყოს ღრმა ვენების თრომბოზი“.

რა განსხვავებაა ვენურ და არტერიულ თრომბებს შორის?

ექიმი განმარტავს, რომ თრომბები შეიძლება განვითარდეს როგორც ვენებში, ისე არტერიებში და მათი გამოვლინებებიც განსხვავებულია.

„სხეულში თრომბები არსებობს ორნაირი ხასიათისა: ვენური თრომბები, როცა ღრმა ვენებში ვითარდება, და ასევე თრომბები არტერიული. თუ თრომბი არის არტერიული, მაშინ მას სულ სხვაგვარად ვეძახით. თუ გულის სისხლძარღვებში წარმოიქმნება, მიოკარდიუმის ინფარქტია. მას ახასიათებს ტკივილი გულის არეში, რომელიც დიდხანს გრძელდება და აქ აუცილებლად დროული დახმარებაა საჭირო. თუ ინსულტია, შეიძლება იყოს მეტყველების წართმევა, ხელის მოძრაობის წართმევა. ეს სხვადასხვა ნიშნებია“.

რომელი ანალიზით შეიძლება თრომბის აღმოჩენა?

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანები ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თრომბით გამოწვეული მძიმე შემთხვევის შესახებ იგებენ, საკუთარი ჯანმრთელობის შესამოწმებლად კლინიკას მიმართავენ. თუმცა ყოველთვის სწორ გამოკვლევას არ ირჩევენ.

„ხშირად არასწორად აბარებენ ხოლმე ანალიზებს. თუ მაინცდამაინც ჩაბარებაა, ჯობია, სწორად ჩააბაროთ. კოაგულოგრამას აბარებენ ძირითადად. კოაგულოგრამით ვერ დგინდება, სხეულში არის თუ არა თრომბი. ეგ გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღაცას უკვე ვმკურნალობთ და ვამოწმებთ მედიკამენტის ეფექტურობას“.

ექიმის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევაა D-დიმერის განსაზღვრა.

„თუ D-დიმერი, მაგალითად, არის ნორმაში, შანსი იმისა, რომ აქ იყოს თრომბი, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ანუ თუ მე D-დიმერი ჩავაბარე და ის მომივიდა ნორმაში, მაღალი ალბათობით, ჩემს სხეულში არანაირი თრომბი არ არის. მაგრამ თუ ის მოვიდა მაღალი, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, შეიძლება იყოს თრომბი. თუმცა D-დიმერი ასევე იზრდება, როცა არის ანთება, რაღაც ინფექცია, ასაკობრივად მაღალი პაციენტია ან ფეხმძიმობაა“.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ D-დიმერის მომატებული მაჩვენებელი თრომბოზის უტყუარი დადასტურება არ არის.

„თუ D-დიმერი ნორმაშია, თრომბი სხეულში არ გვაქვს, მაგრამ თუ ის მაღალია, ეს არ ნიშნავს, რომ უტყუარად თრომბია“.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება სისხლძარღვების, განსაკუთრებით ვენების, ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არის თუ არა ღრმა ვენების თრომბოზი.

ვის აქვს თრომბის განვითარების მომატებული რისკი?

გიორგი ღოღობერიძე რამდენიმე მნიშვნელოვან რისკფაქტორს ასახელებს.

„პირველი, სამწუხაროდ, ეს არის ასაკი. 60 წელს ზევით ასაკი ნიშნავს, რომ ცოტა უფრო მეტი რისკია თრომბის განვითარებისა, ვიდრე ახალგაზრდობაში შეიძლება ყოფილიყო“.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს მოხმარება.

„როცა ჩვენ ვეწევით, ეს მავნე ჩვევა, სამწუხაროდ, აზიანებს სისხლძარღვებს. სისხლძარღვების დაზიანება ნიშნავს, რომ მეტი შანსია, განვითარდეს თრომბი“.

ექიმის თქმით, გარკვეული რისკი პასიურ მოწევასაც უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას რეგულარულად განიცდის.

რისკფაქტორებს შორისაა ხანგრძლივი უმოძრაობაც, მათ შორის თვითმფრინავით მგზავრობის დროს.

„თუ მოგზაურობა ოთხ საათზე მეტია, ყოველთვის რეკომენდებულია, რომ ყოველ ერთ-ორ საათში ვიმოძრაოთ, რომ თრომბის განვითარების რისკი შემცირდეს. როცა ჩვენ უმოძრაოდ ვსხედვართ რამდენიმე საათის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვენებში სისხლი აღარ მოძრაობს და დაგუბებული სისხლი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი თრომბის განვითარებისა“.

გიორგი ღოღობერიძე ორსულობის დროს მომატებულ რისკზეც საუბრობს.

„ფეხმძიმობის დროს რისკი თრომბის განვითარებისა 5-6-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში“.

მისივე თქმით, რისკი იზრდება ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროსაც.

„აი, ახლა ხომ მოდის სეზონი გრიპისა. დადასტურებული გრიპის შემთხვევაში პაციენტებს ექვსჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ თრომბის განვითარებისა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ“.

გარდა ამისა, ექიმი ასახელებს ქირურგიულ ჩარევებს, განსაკუთრებით მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ჩანაცვლების ოპერაციებს. თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი აქვთ ონკოლოგიურ პაციენტებსაც.

შეიძლება თუ არა კარდიომაგნილის მიღება თრომბის პროფილაქტიკისთვის?

ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების თვითნებურად მიღების საფრთხეზე.

„კარდიომაგნილი შედგება ასპირინისგან და მაგნიუმის ჰიდროქსიდისგან. ეს ასპირინი ხელს უშლის თრომბოციტებს, ერთმანეთს შეეწებონ. ის მუშაობს მაშინ, როცა ვინმეს აქვს არტერიული თრომბები დადასტურებული, ვთქვათ, მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა, ან სტენტი ჩაუყენეს გულის სისხლძარღვში. მაშინ, კი ბატონო, ის ნამდვილად მუშაობს და დაიცავს ხელახალი ინფარქტისგან“.

თუმცა ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში ამ პრეპარატის მოქმედება განსხვავებულია.

„თუ ვიღაცას ღრმა ვენების თრომბის მაღალი რისკი აქვს და იღებს კარდიომაგნილს, ეს არ დაიცავს, იმიტომ, რომ ღრმა ვენების თრომბის განვითარებას სხვა მექანიზმი აქვს და აქ ეს წამალი არ მუშაობს“.

ექიმის განმარტებით, პრეპარატის თვითნებური მიღება დამატებით საფრთხეს ქმნის.

„თვითნებურად მიღება სახიფათოა იმითაც, რომ იგივე კარდიომაგნილი ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს. ასე რომ, თუ ვიღაცა გვიყურებს და ასაკი დიდი აქვს, თვითნებურად კარდიომაგნილის მიღება არ შეიძლება. უფრო მეტი რისკია, რომ ჰქონდეს სისხლდენები, ვიდრე თრომბი“.

ამასთან, ექიმი აფრთხილებს იმ ადამიანებსაც, რომლებიც აღნიშნულ მედიკამენტს უკვე იღებენ.

„თუ უკვე სვამთ კარდიომაგნილს, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ შეწყვიტოთ, იმიტომ, რომ თვითნებურად შეწყვეტა ასევე ზრდის თრომბის განვითარების რისკს“.

როგორ ავიცილოთ თავიდან თრომბის განვითარება?

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიება ფიზიკური აქტივობაა.

„თუ მე მაქვს მაღალი რისკი თრომბის განვითარებისა, ყველაზე კარგი რაღაც, ყველაზე ეფექტური, რაც შეიძლება მე სახლში გავაკეთო, ეს არის მოძრაობა“.

ექიმი განმარტავს, რატომ არის მოძრაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვენური სისხლის მიმოქცევისთვის.

„ადამიანს, შეიძლება ვთქვათ, რომ ორი გული აქვს. ერთი გულია, ეს არის სწორედ რომ გულმკერდის ღრუში, რაც ამოძრავებს ჩვენს არტერიულ სისხლს, და მეორე გული, ბრჭყალებში გული, ეს არის ჩვენი წვივის კუნთები. ეს კუნთები ამოძრავებენ ვენებში არსებულ სისხლს. ამიტომ, როცა ჩვენ ვმოძრაობთ, ვენებში არსებული სისხლი იწყებს მოძრაობას და თრომბის განვითარების რისკი ძალიან მცირდება“.

მისივე თქმით, მოძრაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდეგ, ხანგრძლივი წოლისას, ორსულობის პერიოდში და ხანდაზმულ ასაკში.

წელიწადის რომელ დროს იზრდება თრომბის განვითარების რისკი?

ექიმის განმარტებით, თრომბოზის რისკი შეიძლება გაიზარდოს როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, თუმცა ამის მიზეზები განსხვავებულია.

„ზამთარში უფრო ხშირია ვენური თრომბები. ანუ ღრმა ვენებში რომ წარმოიქმნება ხოლმე თრომბი და მერე მოწყდება და იჭედება ფილტვის არტერიაში. ემბოლია განვითარდა, რომ ეძახიან. ეს თრომბი ხშირია ზამთარში. რატომ? იმიტომ, რომ არ მოძრაობთ. ზამთარში, როცა ცივა და ამინდებიც შესაბამისად შეიძლება კარგი არ იყოს, უმრავლესობა ნაკლებად აქტიურობს. ნაკლები აქტივობა, ნაკლები მოძრაობა ნიშნავს, რომ ვენებში სისხლი გუბდება და თრომბის განვითარების რისკი იზრდება“.

ზაფხულში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სითხის ნაკლებობაა.

„ზაფხულში ასევე რისკი მაღალია, იმიტომ, რომ ზაფხულში, როცა ადამიანი ძალიან გამოშრება, ეს ასევე ხელს უწყობს თრომბის განვითარებას“.

გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ სიცივემ შესაძლოა არტერიული თრომბოზის რისკიც გაზარდოს.

„ზამთარში ასევე იმატებს არტერიული თრომბების რისკიც, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის, იმიტომ, რომ სიცივეში სისხლძარღვები ვიწროვდება და ცოტა უფრო მეტი შანსია, რომ თრომბი განვითარდეს“.

რატომ ხდება ინფარქტი და ინსულტი უფრო ხშირად დილის საათებში?

ექიმი საუბრობს იმაზეც, რომ გულ-სისხლძარღვთა მწვავე გართულებები დილის საათებში უფრო ხშირად ვითარდება.

„დილის საათებში უფრო ხშირია ხოლმე თრომბი, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში“.

მისი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

„რეალურად ძილი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ განთიადის საათებია მთელი პრობლემა, იმიტომ, რომ დილის საათებში ადამიანში ძალიან მაღალია სტრესული ჰორმონის, კორტიზოლის შემცველობა, რაც ასევე ხელს უწყობს უკვე წინასწარ განწყობილ პაციენტში, რომ თრომბი განვითარდეს“.

სხეულის რომელ ნაწილებში ვითარდება თრომბი ყველაზე ხშირად?

გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, ვენური თრომბების ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია ქვედა კიდურებია.

„ყველაზე ხშირი ლოკაცია, რაც ჩვენ უკვე დღეს ვთქვით, ეს არის ქვედა კიდურები, ანუ ფეხები. ფეხებში ვითარდება თრომბების უმრავლესობა — ვენური თრომბები“.

ექიმი ასევე ასახელებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, სადაც თრომბის წარმოქმნამ შესაძლოა ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს.

მისივე განმარტებით, თრომბი და თრომბოზი ერთი და იგივე არ არის: თრომბი სისხლის შედედების შედეგად წარმოქმნილი მასაა, ხოლო თრომბოზი — სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის პროცესი.

რამდენად მნიშვნელოვანია წყლის მიღება?

გადაცემაში ექიმმა სითხის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა ადამიანისთვის ერთნაირი რეკომენდაცია არ არსებობს.

„თუ ვინმეს უკვე აქვს გულის უკმარისობა, სითხის მიღება ნიშნავს იმას, რომ გული უკვე ავტომატურად გადაიტვირთება დამატებითი მოცულობით და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ეს ნიშნავს მდგომარეობის გართულებას“.

ამიტომ გულის უკმარისობის მქონე ადამიანებმა სითხის რაოდენობა ექიმთან უნდა შეათანხმონ.

ნიორი და ჯანჯაფილი ნამდვილად ათხელებს სისხლს?

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ზოგიერთ საკვებ პროდუქტს სისხლის შედედების პროცესზე გარკვეული გავლენა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი გამოყენებით თრომბოზის თავიდან აცილება შესაძლებელია.

„ნამდვილად არის რაღაც პროდუქტები, რომლებიც ოდნავ იწვევენ სისხლის შეთხელებას. უფრო უკეთესისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ჯანჯაფილი. ჯანჯაფილს და ნიორს აქვს ცოტა უფრო მეტად გამოკვეთილი ანტიკოაგულაციური, ანუ განმათხელებელი ეფექტები, ვიდრე სხვა პროდუქტებს“.

თუმცა ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს:

„თუ თრომბის რისკი მაღალი გვაქვს, ახლა ავდგეთ და ყოველდღე ჯანჯაფილი მივირთვათ ან ნიორი ვჭამოთ, იმიტომ, რომ თრომბი არ დაგვემართოს — სამწუხაროდ, ეს პროდუქტები ჩვენ ვერ დაგვიცავს მაგისგან“.

მისივე თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე იღებენ სისხლის შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს.

„თუ მე უკვე ვსვამ კარდიომაგნილს ან რომელიმე სხვა გამათხელებელს, მაშინ ასეთი პროდუქტების მიღება ხშირი ჩვენს ყოველდღიურობაში არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ თუ გამათხელებელს პლუს დამატებით ვიღებ ისეთ პროდუქტებს, რაც ისედაც ათხელებს სისხლს, ვთქვათ, იგივე ჯანჯაფილი, ნიორი და მსგავსი, მაშინ მედიკამენტის გვერდითი ეფექტების რისკი გაიზრდება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კლინიკაში ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა: ვენები დახეთქილი იყო, თრომბი განვითარებული ყოფილა. ექიმმა ვერ გაიგო
რა იწვევს თრომბს, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა რისკფაქტორებს - სპეციალისტი გავრცელებულ საფრთხეზე