ორი შვილის დედა, თვითნასწავლი კულინარი და ბლოგერი, 26 წლის ხატია მინდიაშვილი, სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანს აერთიანებს. მის ბლოგზე, "კულინარია ხატიასთან ერთად", გამომწერები მარტივ, გემრიელ და ყველასთვის ხელმისაწვდომ რეცეპტებს პოულობენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად არც უფიქრია, რომ მისი მომზადებული კერძებისა და რეცეპტების გაზიარებას ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ყველაფერი, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ჯგუფებში გამოქვეყნებული ფოტოებითა და რეცეპტებით დაიწყო, დღეს კი კულინარია მისთვის არა მხოლოდ საყვარელი საქმე, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და განვითარების გზაცაა.
ხატიას ცხოვრებაში ოჯახსა და შვილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. კულინარიულ საქმიანობას ის დედობის ყოველდღიურობას უთავსებს და გულწრფელად საუბრობს იმ სირთულეებზეც, რომლებსაც პატარა ბავშვების აღზრდისას აწყდება. ინტერვიუში გვიყვება, როგორ დაიწყო მისი კულინარიული ბლოგის ისტორია, რა ეხმარება რეცეპტების დახვეწაში, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი კერძების მომზადების პროცესის გამარტივება და როგორ ცდილობს, დედობის პარალელურად, საკუთარი სურვილებისა და ინტერესებისთვისაც გამონახოს დრო:
- სანამ კულინარიულ გვერდს შევქმნიდი, "ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი. მანამდე კი ჩემი ცხოვრება სპორტს უკავშირდებოდა. შემდეგ ოჯახი და შვილები გამოჩნდნენ და ჩემი ყოველდღიურობაც შეიცვალა. კულინარია ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა იქცა იმ საქმედ, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი სხვა კუთხით მეპოვა. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ვიდეოები ამდენ ადამიანს დააინტერესებდა. როცა პატარა შვილები გყავს, სახლიდან გასვლა და სამსახურის დაწყება მარტივი არ არის. მეც ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. მინდოდა, მქონოდა ჩემი საქმე, რაღაც შემექმნა საკუთარი შრომით და ფინანსურადაც დამოუკიდებლად შემძლებოდა საკუთარი თავის წინ წაწევა. მინდოდა, ოჯახისთვის ზრუნვის პარალელურად, საკუთარი შესაძლებლობებიც გამომეყენებინა და დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ სახლიდანაც შეიძლებოდა რაღაცის დაწყება. ასე აღმოვჩნდი სოციალურ ქსელებში ჩემი რეცეპტებით. ზუსტად არ მახსოვს, როდის გადავწყვიტე პირველი ვიდეოს გამოქვეყნება, მაგრამ დღეს მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემთვის ეს მხოლოდ კერძების მომზადება და ვიდეოების გადაღება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, განვვითარდე, ჩემი შრომით რაღაც შევქმნა და სხვა ადამიანებსაც გავუზიარო ის, რაც ვიცი და მიყვარს.
როცა დავინახე, რომ ადამიანებს მოსწონდათ ჩემი გაზიარებული რეცეპტები, ინტერესდებოდნენ და დადებითად აფასებდნენ ჩემს ნამუშევარს, ვიფიქრე, რატომაც არა გადავწყვიტე, საკუთარი გვერდიც შემექმნა და მეცადა. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არ ვიცოდი, რა შედეგს მივიღებდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა. დღეს კი, როცა ვუყურებ, რა გზა გავიარე ამ ერთი წლის განმავლობაში და რამდენი ადამიანი მყავს გარშემო, მიხარია, რომ მაშინ საკუთარ თავს ეს შანსი მივეცი. ზოგჯერ ერთი პატარა ნაბიჯი შეიძლება, დიდი საქმის დასაწყისი აღმოჩნდეს. ჩემთვის სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი და შედეგსაც თავად ხედავთ.
- დიახ, თვითნასწავლი ვარ. ყველაფერი, რასაც ჩემს გვერდზე ხედავთ, ჩემი გამოცდილებით, ცდითა და სწავლითაა შექმნილი. კულინარიაში არასდროს ვზღუდავ თავს მხოლოდ ერთი წყაროთი. ზოგ რეცეპტს ინტერნეტში ვპოულობ, ზოგს წიგნებიდან ვსწავლობ, ზოგსაც ძველ, გამოცდილებით სავსე რვეულებში ვაგნებ. არის ისეთი რეცეპტებიც, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვს და დღეს თავიდან ვაცოცხლებ. ჩემთვის კულინარია მუდმივი სწავლის პროცესია. ხშირად რაღაცას ვკითხულობ, ვცდი, ვცვლი, ვხვეწ და საბოლოოდ იმ შედეგამდე მივდივარ, რომლის გაზიარებაც ჩემს გამომწერებთან მინდა. ყველა რეცეპტი ერთ დღეში სრულყოფილად არ ყალიბდება. ამას თავისი ცდები, გამოცდილება და მონდომება სჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, როცა ადამიანები მწერენ, რომ ჩემი რეცეპტით მოამზადეს კერძი და ზუსტად ისეთი გამოუვიდათ, როგორიც ელოდნენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სიხარული და იმის დასტურია, რომ ჩემს შრომას აზრი აქვს.
- სიმართლე რომ გითხრათ, მე მართლა მიყვარს ყველაფრის გამარტივება. თუ რეცეპტი ძალიან რთულია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, შეიძლება, საერთოდაც არ მოვამზადო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი იყოს გემრიელი, მაგრამ ამავდროულად მისი მომზადება ზედმეტად რთული არ იყოს. თავიდანვე ასეთი მიდგომა მქონდა. მინდოდა, ისეთი რეცეპტები გამეზიარებინა, რომელთა მომზადებასაც ნებისმიერი შეძლებდა, გამოცდილების მიუხედავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიასახლისი ხარ, შვილები გყავს და უამრავი საქმე გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია დროის სწორად განაწილება. ამიტომ ვცდილობ, რეცეპტები მაქსიმალურად მარტივად ავხსნა და ადამიანებს დავანახო, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად ყოველთვის არ არის საჭირო მთელი დღე სამზარეულოში ტრიალი. მთავარია, სწორი რეცეპტი გქონდეს და მომზადების პროცესი სიამოვნებას განიჭებდეს.
-დიახ, ნამდვილად დიდი ოჯახი მყავს. სადაც ახლა ვცხოვრობ, იქაც დიდი ოჯახია და დაოჯახებამდეც საკმაოდ დიდ ოჯახში გავიზარდე. ამიტომ ოჯახური გარემო, ბევრი ადამიანი და ერთმანეთზე ზრუნვა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ალბათ, ამანაც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ოჯახი და შვილები ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი არიან.
- 2019 წელს დავოჯახდი და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მანამდე ძალიან სპორტული ცხოვრება მქონდა, სულ ვვარჯიშობდი და აქტიური ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. დაოჯახების შემდეგ კი გაჩნდა ოჯახი, შვილები, ახალი პასუხისმგებლობები და ჩემი პრიორიტეტებიც მთლიანად შეიცვალა. მთელი ყურადღება ოჯახსა და ბავშვებზე გადავიტანე და, სიმართლე რომ ვთქვა, ამ ყველაფერში საკუთარი თავი ცოტა გვერდით გადავდე. დედობა ძალიან ბევრ რამეს გასწავლის, მაგრამ ისიც ხდება, რომ ყველასა და ყველაფერზე ზრუნვაში საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩება. სამწუხაროდ, ჩემი თავი დღემდე ცოტა მოლოდინის რეჟიმში მყავს (იცინის). მოკლედ, ახლა საკუთარი თავისთვისაც უნდა მოვიცალო და ცოტა ყურადღება დავუთმო, თორემ ამ ტემპით მგონი ჩემი თავი პენსიაზე გავიდა, ჩემ გარეშე (იცინის).
- დიახ, ორი შვილი მყავს და სიმართლე რომ გითხრათ, მესამესა და მეოთხესაც დიდი სიამოვნებით გავაჩენდი (იცინის). უბრალოდ, ამ ეტაპზე მგონი ჩემი რესურსები ამოვწურე და ცოტა შესვენებაზე უნდა გავიდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ახლა ჩემს ორ პატარას უნდა მივხედო. რაც შეეხება იმას, როგორი დედა ვარ, ამ კითხვაზე ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა. ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის ისე, როგორც მინდა. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვიღლები, ზოგჯერ ვბრაზდები, ვჩხუბობ კიდეც, მაგრამ მერე ვეხუტები, ვეფერები და ვცდილობ, ჩემი შვილებისთვის საუკეთესო გავაკეთო. არ მიყვარს იმის თქმა, რომ იდეალური დედა ვარ, რადგან ასეთი არავინაა. ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ, მათთან ერთად მეც ვიზრდები და ვცდილობ, შეცდომებზე ვისწავლო. საბოლოოდ კი, როგორი დედა ვარ, ალბათ ყველაზე კარგად თავად ჩემმა შვილებმა იციან და ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ.
- ოჯახში ჩემი მომზადებული კერძები ყველას მოსწონს, ბავშვების გარდა (იცინის). ცალკე კატეგორიაა, არაფერს ჭამენ და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელი ჩემი კულინარიული ნიჭი ტყუილად იხარჯება. უფროსებს თუ ჰკითხავთ, ყველაფერი გემრიელია, მაგრამ ბავშვებს თავისი გემოვნება აქვთ და მათთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვარ. მოკლედ, სხვებისთვის გემრიელობებს ვამზადებ, ჩემი შვილებისთვის კი ყოველდღე ახალი სტრატეგიის მოფიქრება მიწევს.
- ჩემი ბავშვები ისეთი უჭმელები არიან, ზოგჯერ მართლა აღარ ვიცი, რა მოვიფიქრო. შეიძლება ისე გავიდეს დღე, ერთხელაც არ ჭამონ ნორმალურად. ერთი მეორეზე უარესია, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ნაკლებს შეჭამს (იცინის). ხან რას ვუმზადებ, ხან რას, ვცდილობ, რამე ისეთი მოვიფიქრო, რაც მოეწონებათ, მაგრამ ამ ეტაპზე დიდი წარმატებით ვერ დავიკვეხნი. ალბათ, ყველა დედისთვის ნაცნობია ეს განცდა, როცა მთელი სიყვარულით უმზადებ შვილს კერძს, ის კი ერთხელ შეხედავს და ისეთი სახით გიბრუნებს, თითქოს, ცხოვრებაში ამაზე საშინელი არაფერი უნახავს (იცინის). ასე რომ, ჩემს გვერდზე ბევრ გემრიელ რეცეპტს ნახავთ, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს, ჩემს შვილებს რას აჭმევო, აი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მოსაძებნი მაქვს.
- სიმართლე გითხრათ, ასეთი გამოხმაურება ნამდვილად არ წარმომედგინა. ძალიან მიხარია, რომ ჩემს რეცეპტებს ამდენი ადამიანი ენდობა, ამზადებს და თავის შედეგებსაც მიზიარებს. ყოველდღიურად ვიღებ უამრავ თბილ შეტყობინებას, კომენტარსა და მადლობას, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკის მეტი რა არის (იცინის). სოციალურ ქსელებში ყველას თავისი აზრი აქვს - ზოგს მოსწონს ის, რასაც აკეთებ, ზოგს არა, ზოგჯერ ისეთ კომენტარებსაც შეხვდები, ვერც კი წარმოიდგენ. თავიდან, ალბათ, უფრო განვიცდიდი, მაგრამ დღეს ვცდილობ, ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად არ შევხედო. ყველას ვერ მოეწონები და არც არის აუცილებელი.
- დიახ, სამომავლოდ ნამდვილად მინდა, ჩემს ბლოგში რაღაცები შევცვალო და ცოტა განსხვავებული მიმართულებებიც დავამატო. მხოლოდ კულინარიით არ მინდა შემოვიფარგლო, რადგან ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამის გაზიარება შემიძლია ჩემს გამომწერებთან. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერს დავაანონსებ, რადგან თავადაც პროცესში ვარ და ვაკვირდები, რა მიმართულებით მინდა განვითარება. მთავარია, ეს ყველაფერი ბუნებრივი იყოს და ისევ ისეთი გულწრფელი ურთიერთობა შევინარჩუნო ჩემს გამომწერებთან, როგორიც დღეს მაქვს. მინდა, ჩემი გვერდი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს და ადამიანებს არა მხოლოდ რეცეპტები, არამედ სხვა საინტერესო ამბებიც გავუზიარო. ვნახოთ, წინ რა სიახლეები გველოდება.
- პირველ რიგში, ყველა ახალგაზრდა დედას ვეტყოდი, რომ ეცადონ, თავი ხელში აიყვანონ და საკუთარი თავიც არ დაივიწყონ. ვიცი, ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ბავშვები გყავს, უამრავი პასუხისმგებლობა გაკისრია და ზოგჯერ საკუთარი თავისთვის ხუთი წუთიც კი აღარ გრჩება. არის დღეები, როცა იღლები, გგონია, რომ ვეღარაფერს ასწრებ და უბრალოდ დასვენება გჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს დღეები ძალიან სწრაფად გაივლის. ბავშვები იზრდებიან და მერე შეიძლება ის პერიოდიც კი მოგენატროს, რომელიც დღეს ასე რთული გეჩვენება. ამ ყველაფერთან ერთად, მინდა, დედებმა საკუთარი თავიც არ დაკარგონ. აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ, თუნდაც დღეში მხოლოდ ნახევარი საათი დაუთმოთ. ნუ დაელოდებით იდეალურ დროს, როცა ყველაფერი დალაგებული იქნება და ყველა საქმე დასრულებული გექნებათ, რადგან შეიძლება, ასეთი დრო ვერც იპოვოთ. დაიწყეთ იმ მცირედით, რაც დღეს შეგიძლიათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ხშირად გადამიდია საკუთარი თავი გვერდით. მთელი ყურადღება ოჯახსა და შვილებზე გადავიტანე და ახლა ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, დედობის პარალელურად, საკუთარი სურვილებისა და ინტერესებისთვისაც გამოვნახოთ დრო. დედობა არ ნიშნავს, რომ საკუთარი ოცნებები უნდა დაივიწყო. შეგიძლია, იყო კარგი დედა, ზრუნავდე ოჯახზე და ამავდროულად აკეთებდე იმასაც, რაც შენ გაბედნიერებს. მთავარია, საკუთარ თავს არ უთხრა უარი. იყავით ძლიერები, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, რომ თქვენც იმსახურებთ ზრუნვასა და ბედნიერებას.
გიზიარებთ ხატია მინდიაშვილის ნამცხვრის ერთ-ერთ რეცეპტს, რომელსაც სოციალურ ქსელში, თითქმის, 1 მილიონი ნახვა აქვს: