რას ნიშნავს "ხმელთაშუა დიეტა", რომელი პროდუქტები გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და რაზე უნდა ვთქვათ უარი - მარი მალაზონია განმარტავს - მშობლები

რომელი პროდუქტები გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და რაზე უნდა ვთქვათ უარი - მარი მალაზონია განმარტავს

2026-10-28 10:36:31+04:00

ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების შერჩევას არ გულისხმობს. ის ცხოვრების წესსაც აერთიანებს. ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა შევიტანოთ ყოველდღიურ რაციონში, რომელ პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რა როლი აქვს კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ადამიანურ ურთიერთობებს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენარჩუნებაში:

- რატომ ავირჩიოთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი - ამ თემას ძალიან ხშირად ვუბრუნდები და შესაძლოა, ზედმეტადაც კი ვახსენებ, თუმცა ეს არ არის უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო კვების მოდელი. ეს არის მტკიცებითი მედიცინის მიერ დადასტურებული და მრავალრიცხოვანი კვლევებით გამყარებული სახელმძღვანელო კვებითი მოდელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად ყველა დაავადებასთან მიმართებაში სწორედ ასეა შეთანხმებული. ​

სანამ კონკრეტულ პასუხს გაგცემთ, მინდა გავიხსენოთ, რაზე ვსაუბრობთ ხოლმე ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში. ჩვენ აუცილებლად ვამბობთ, რა სჭირდება ადამიანს ჯანმრთელობისთვის და განვიხილავთ კვების იმ მოდელებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა დაავადების სამართავად გამოიყენება.

მაგალითად, ვსაუბრობთ წონასწორობასა და თეფშის მოდელებზე, რომლებიც დღიური რაციონის წარმოსადგენად ყველაზე აქტუალურია. სწორედ ამ პრინციპით აღვწერთ დაბალანსებულ, გონივრულ და რაციონალურ კვებას: როდესაც დღიური რაციონის ნახევარი ბოსტნეული და ხილია, ხოლო მეორე ნახევარი - ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ-ბურღულეულთან ერთად. ამასთან, ხაზგასმით გამოვყოფთ ადექვატური რაოდენობით წყლის მიღების აუცილებლობასა და ცხიმების სწორ არჩევანს ცხოვრების წესის ფაქტორებთან ერთად.

​ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში კიდევ უფრო ზუსტად ვცდილობთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამიჯვნას. ახალი კვლევების თანახმად, დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის და ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო არჩევანი იქნებოდა დღიურ რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ყოფილიყო არაუმეტეს ერთი მესამედისა, ხოლო მცენარეული წარმოშობის პროდუქტები - არანაკლებ ორი მესამედისა. სწორედ ასე გამოიყურება ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ოპტიმალური რაციონი, რომელსაც ახალ ამერიკულ თეფშს უწოდებენ. ​

დღეს, ისე როგორც არასდროს, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ყველა ქრონიკული დაავადების მართვა კვებაში ერთმანეთს დაუახლოვდა, რადგან მათ საფუძვლად საერთო ფაქტორი - ანთება უდევს. შესაბამისად, ანთების საწინააღმდეგოდ მიმართული კვების მოდელები პრაქტიკულად მრავალი დაავადების წინააღმდეგ ერთდროულად გამოიყენება. თუ ამ პროდუქტების ჩამონათვალს გავყვებით, ადვილი შესამჩნევია ყველა მსგავს მოდელში არსებული საერთო მახასიათებელი. კერძოდ, რა არ არის მისაღები და რა ითვლება მაღალი რისკის პროდუქტად - მიუხედავად იმისა, საქმე ეხება ონკოლოგიურ პაციენტებს თუ არაონკოლოგიურს, რეკომენდაცია უნივერსალურია: გადამუშავებული, ე.წ. პროცესირებული წითელი ხორცი დიახაც რომ ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტად განიხილება. ​

სანაცვლოდ რა ალტერნატივაა შეთავაზებული? ეს ჩამონათვალი თქვენთვის კარგად ნაცნობია, რადგან გადაცემებში ხშირად ვსაუბრობთ ამაზე. წლების განმავლობაში ნუტრიციოლოგიის განმეორებით მკითხველმაც აიტაცა, რომ აუცილებელია წყალი და წყალმომცველი პროდუქტები, კვების რაციონში ცილის არსებობა, ცხოველური და მცენარეული ცილების სწორი ურთიერთშეცვლა, ასევე სწორად შერჩეული ცხიმები და ომეგა-3-ის ჩართვა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ბოსტნეულისა და ხილის მნიშვნელოვანი წილი ყოველდღიურ კვებაში, მარცვლეული და ბურღულეული, რომლებსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტები აქვთ. ​

როდესაც ვაჯამებთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელს, ვხედავთ, რომ ის სრულად ემთხვევა მტკიცებითი მედიცინის მიერ აღიარებულ რეკომენდაციებს. ყოველდღიური რაციონი მოიცავს უხეშად დაქუცმაცებულ, არარაფინირებულ მარცვლეულს, ბურღულეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, სანელებლებს, თხილეულსა და ზეითუნის ზეთს. კვირაში სულ ცოტა ორჯერ რეკომენდებულია თევზი და ზღვის პროდუქტები. ზომიერად გამოიყენება კვერცხი, რძის პროდუქტებიდან - ძირითადად ყველი და იოგურტი, ხოლო ხორციდან - ქათამი.

იშვიათად, თვეში ორჯერ ან მაქსიმუმ სამჯერ გამოიყენება წითელი ხორცი და არაჯანსაღი კომბინაციით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი. ​ამ არჩევანის სისწორეში ეჭვი აღარ გვეპარება, რადგან ერთი მხრივ, ეს არის უნივერსალური სამედიცინო რეკომენდაციები, ხოლო მეორე მხრივ - საუკუნეების მანძილზე გამოცდილი და ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე დაფუძნებული ისტორიული მოდელი.

ამ პრინციპების გაზიარება ჩვენი კულტურისა და ისტორიული მეხსიერების ფარგლებშიც სავსებით შესაძლებელია და არ იქნება ურიგო, თუ მათ საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გამოვიყენებთ. ​ხმელთაშუა ზღვისპირეთის კვების მოდელი არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული პროდუქტებითა და კვებითი კავშირებით - ის უპირველესად ცხოვრების წესს ეფუძნება. კვებასთან ერთად აუცილებელია ზომიერი, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, ძილისა და კვების რეჟიმის სწორი განაწილება.

ამ მოდელში დაცულია ზომიერება, საიდანაც გამორიცხულია მავნე ტრანსცხიმები, ზედმეტი შაქარი, ფუჭი კალორიები და ნეგატიური პროდუქტები. რაც შეეხება ალკოჰოლს, საუბარი არ არის მავნე მაგარ სასმელებზე, არამედ ტრაპეზის შემადგენელ ნაწილზე - ზომიერად მიღებულ მშრალ ღვინოზე, რაც სოციალური კომუნიკაციისა და ურთიერთობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ​მიუხედავად იმისა, რომ მოდელი მოიცავს მცენარეულ ბოჭკოებს, პრობიოტიკებს, პოსტბიოტიკებს, ზღვის ნაწარმსა და უამრავ ანტიოქსიდანტს, მთავარი მაინც ადამიანური ურთიერთობაა. სწორედ ეს სიყვარულია ჯანმრთელობის, კარგი განწყობის, დღეგრძელობისა და ცხოვრების ხარისხის მთავარი საიდუმლო, რადგან სიყვარულის გარეშე არცერთი მათგანი არ არსებობს.

რა უნდა იცოდეთ 18-საათიან დიეტაზე, რატომ არ ღირს უზმოზე ყავის დალევა და შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის სმა? - ნუტრიციოლოგის პასუხები
კვება და დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - რომელი პროდუქტები ვნებს სისხლის თითოეული ჯგუფის მქონე ადამიანებს და რა საკვებია მათთვის მისაღები