სემეკის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც წყლისა და გაზის ტარიფების მოხმარების მიხედვით დადგენას ითვალისწინებს, სოციალური გარანტიების გაძლიერებასა და ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას ემსახურება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.
„მოცემული კანონპროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოციალური გარანტიების გაძლიერება და ენერგორესურსების რაციონალური და ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა.
კანონპროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას.
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.
ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში დაადგინოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.
მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვას და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას“, - აღნიშნავენ სემეკში.
ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.
“დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.
აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.
ელექტროენერგიაზე საქართველოში უკვე მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფები — გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ კილოვატსაათს მოიხმარ თვეში.