პირველი სტუდიის მორიგ გადაცემაში, ეკა ჩხეიძესთან სტუმრობისას მსახიობმა და პედაგოგმა მარინა საღარაძემ გულახდილად ისაუბრა ბევრ თემაზე. როგორი ზღაპრული იყო ბავშვობა ხელოვანების ოჯახში - მსახიობი მამის გურამ საღარაძისა და დედის, ცნობილი ბალერინის ირინა ქებაძის გარემოცვაში. ხოლო შემდეგ, როცა მშობლები დაშორდნენ, მის ცხოვრებაში ასევე ცნობილი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე შემოვიდა, რომელთანაც უამრავი ტკბილი მოგონება და ცხოვრების მრავალი წელი აკავშირებს.

... შვიდი წლის ვიყავი უკვე, როცა გადავედით ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში, მშობლები დაშორდნენ და იქ უკვე ბუბა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში... მე კი განვიცდიდი მათ განშორებას, მაგრამ ისეთი ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ამ მომენტმა ისე ჩაიარა, ვერაფერი ვიგრძენი. ბუბა გიჟდებოდა ბავშვებზე.
მეჭორავებოდა, მემეგობრებოდა, დავყავდი კონცერტებზე. სადმე წავიდოდნენ, ჩამოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები. მე გაპრანჭული დავდიოდი, ვერ გეტყვი, რა დონეზე გაპრანჭული, იმიტომ, რომ მაშინ ჯინსები და ეგეთი რაღაცები არ იყო. არაფერი არ იყო... პირველი ბარბი, მგონი, საქართველოში მე მქონდა. ჰოდა, ეგრევე ავეწყვეთ. არანაირი შემოსვლა-გამოსვლა, რაღაც გამოცდილება და არაფერი არ ყოფილა. ეგრევე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მთელი ცხოვრება ასე ერთად გავიარეთ...ის ბოლო ადამიანია ოჯახიდან, ვინც წავიდა. და ეს ცალკე თემაა კიდევ...


მამა დიდი პატივისცემით იყო ბუბას მიმართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას ჩემთვის სიკეთე უნდოდა... უნდა გითხრა, რომ ერთად კონცერტებშიც გამოდიოდნენ, ხშირად იღებდნენ მონაწილეობას, საერთო კონცერტებზე ეპატიჟებოდნენ. ბოლოს მახსოვს, უკვე 2005 თუ 2006 წელი იყო, ისრაელში იყვნენ ერთად წასულები... კარგი, ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენს ოჯახში ყველას ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ვინ ვის გაშორდება თუ არ გაშორდება, ყველა ცივილურად ვექცევით ერთმანეთს...
გურამი იყო დინჯი, წყნარი. ხალხში ასე იყო, თორემ სახლში ცოტა მოხულიგნო ელემენტიც იყო, მაგრამ უფრო ისეთი, რაღაცნაირი დარბაისლური იმიჯი ჰქონდა.


ბუბა არა, ანეკდოტი წინ მოდიოდა, ბუბა - უკან. სულ ყვებოდა რაღაც ძალიან სასაცილო ისტორიებს.

რბილები იყვნენ ორივე, აბსოლუტურად. ოღონდ მამაჩემი უფრო ისეთი იყო... სხვათა შორის, ამან მეც შემიშალა მერე ცხოვრებაში ძალიან ხელი, სულ მაჩერებდა: „გაჩერდი!“ თეატრში, ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთოს, საკუთარ თავზე რაღაც წარმოდგენა შექმნას, რაღაცნაირად წარადგინოს თავი. რუსთაველის თეატრში რომ მოვედი, საერთოდ ხმას არ მაღებინებდა: „უკან დადექი!“ 500 კაცი ვიყავით, ახალი მსახიობები იმ პერიოდში. ვინ ვის წინ მიდიოდა, კაცმა არ იცოდა. მე ვიდექი ასე, ვიდექი და ვიდექი....
ბუბა არა, ბუბა მარტო სიხარულთან და რაღაც სიცილთან, იუმორთან არის ასოცირებული. მე და ბუბა ზოდიაქოთი ერთნი ვართ და ძალიან ვგავართ ერთმანეთს შინაგანი დამოკიდებულებით, ხასიათით და ეგეთი რაღაცებით. ძალიან დაკავებული იყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ის, რაც ბუბაზე მაქვს ნანახი ჩემი თვალით, აი, პოპულარობაც არის და პოპულარობაც... მსგავსი მართლა არსად არ მინახავს სიცოცხლის ბოლომდე... ნანიმ იცის ხოლმე ბრეგვაძემ, მოყვება ხოლმე, იცის, იმიტომ, რომ ერთად დადიოდნენ. ისეთი რაღაცები ხდებოდა მის ირგვლივ, არ ვიცი...მთავარი ბუბასი ჩემთვის არის, რომ მან მაჩუქა მთელი სამყარო. მე სულ მაგას ვიძახი, რომ ამდენს ვერ ვნახავდი ჩემს ცხოვრებაში, ბუბა რომ არა.თუკი რამე საშუალება ჰქონდა, დავყავდი გასტროლებზე. გასტროლებზე, რა თქმა უნდა, დედის დამსახურებაც იყო. ხომ არ შეეძლო, თვითონ მიეღო რაღაცისგან სიამოვნება და ბავშვებისთვის არ გაეზიარებინა? ამიტომ ჩაწყობილები ვიყავით მე და ჩემი ძმა კოკა.

ავსტრალიაში წაგვიყვანეს, წარმოგიდგენია? 26 საათი ვიფრინე. კინაღამ გავიყინეთ. მთელი ერთი თვე იქ ვიცხოვრეთ, სიდნეიში. იქ მაყურებელი ვნახე, ნანიც იყო, სხვათა შორის. ერთი დიდი კონცერტი იყო. იქ რა ხდებოდა... მსოფლიო იყო ჩამოსული.კანადაშიც ვიყავით ერთად, ამერიკაშიც ერთად ვიყავით. ღმერთო, მთელი ხმელთაშუა ზღვა მოვლილი გვაქვს ერთად. აი, ასეთი რაღაცები მაჩუქა. ასეთი ხელგაშლილი ადამიანი იყო. მაყურებლის მხრიდანაც საოცრება ხდებოდა...
ძალიან ხშირად მაკავებდა თავის კონცერტებში. როცა კონცერტით გამოდიოდა, სადაც ჰქონდა საშუალება, რომ ლექსი გაჟღერებულიყო, აი, ეს იქნებოდა, დავუშვათ, ძველ თბილისში, რაღაც ბაიათების ამბავში — ყოველთვის მეუბნებოდა, ყოველთვის მივყავდი და ვკითხულობდი.
ისევე, როგორც მამამ, მაგალითად, მთელი ისრაელი მოვიარე მამასთან ერთად, არაჩვეულებრივი პოეზიის საღამოებით. მამა ძალიან მკაცრი იყო, მომთხოვნი იყო, მაგრამ თუ კარგს დაინახავდა, აუცილებლად გეტყოდა.
...ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა... 25 წლის შემდეგ ჩემს ქმარს, მამუკა არეშიძეს, დავშორდი. მასთან ერთად ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გამოვიარე — მძიმე პერიოდები, წლები და, რა ვიცი, კიდევ რა აღარ.
დღეს კარგი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ერთი შვილი გვყავს, გიორგი,უკვე დიდი კაცია...
მეგობრული, ცივილური ურთიერთობა გვაქვს, როგორც ჩვენს ოჯახს შეჰფერის. ისეთი გადაბმული ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცივილურია, რა თქმა უნდა.


ძალიან განვიცადე... ისეთი წარმოუდგენელი სიტუაცია შეიქმნა, რომ დიდი ხანი ვერ მივხვდი, რა მოხდა. დროზე რომ მივმხვდარიყავი... ძალიან ბანალური ისტორიაა, დიდი არაფერი საინტერესო იქ არ არის. მე მგონი, მამუკა რომ დაფიქრდება, მიხვდება, საკმაოდ შეცდა, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ გვიან არის... ბანალური ისტორიაა, ჩვეულებრივი ამბავი, რაც ხდება ხოლმე.
...გიორგი ძალიან თავისებური ბავშვი იყო. სულ წიგნით ხელში იყო, სულ რაღაცას სწავლობდა. ისეთი ტიპი იყო, რომ ყველა სასწავლებელი ისე დაამთავრა და ისე ისწავლა, ჩვენ არც კი ჩავრეულვართ და არც გვიკითხავს, რას აკეთებდა. იმდენად ძლიერი იყო.

... ბუბამ უდიდესი როლი ითამაშა გიორგის განათლებაში. რაც მართალია, მართალია. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ფინანსურად ვერ გავწვდებოდით. ჯერ საშუალო სკოლა დაამთავრებინა. წარმოიდგინე, ეს რომელი წლებია — 90-იანები, როცა ქუჩაში ბავშვსაც ვერ გაუშვებდი. გიორგი 15 წლის იყო. ახლა ძალიან ადვილია: დაჯექი, გადაფრინდი და ნებისმიერ ქვეყანაში ისწავლი. მაშინ კი სკოლას ვეძებდით, რომ გიორგი წასულიყო... ავსტრიაში ვიპოვეთ ინგლისურენოვანი სკოლა და15 წლის ასაკში გავუშვით. წავიდა და დაამთავრა. შემდეგ ამერიკაში გადავიდა, ერთი წელი იქ სწავლობდა და უკვე ამერიკული სკოლის დიპლომი ჰქონდა. მერე პირდაპირ ლონდონში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიიღეს. იქ დაამთავრა, შემდეგ მაგისტრატურაზე კანადაში ჩააბარა... ამდენი დიპლომითა და ყველაფრით დაბრუნდა, საქართველოში უნდა ვიცხოვროო, გამომიცხადა და კანადის პასპორტით უკან დაბრუნდა... ჩემი ძმაც კანადის მოქალაქეა, ჩემი შვილიც და ჩემი შვილიშვილიც... ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აუცილებლად ყველა საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ დარჩეს. მესმის, რომ ევროპა არაჩვეულებრივია, რა ჯობია ევროპას? მანაც მიიღო ევროპული განათლება, მაგრამ უყვარს თავისი ქვეყანა და აქ უნდა ცხოვრება...