"ისინი აზიანებენ არა მხოლოდ შინაგან ორგანოებს, მათ შორის ღვიძლსა და თირკმელებს, არამედ გენომსაც კი ცვლიან" - ქართულ სანელებლებში აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს - მშობლები

"ისინი აზიანებენ არა მხოლოდ შინაგან ორგანოებს, მათ შორის ღვიძლსა და თირკმელებს, არამედ გენომსაც კი ცვლიან" - ქართულ სანელებლებში აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს

2026-10-29 11:17:26+04:00

ქართულ სანელებლებში აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს. სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ეკა გიგაური, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რას მივაქციოთ ყურადღება სანელებლების შეძენისას და რამდენად დიდი საფრთხის შემცველია სინთეზური აზოსაღებავი, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები იყენებენ:

- საუბარია სუდან 1-ზე, სუდან 2-ზე, სუდან 3-სა და სუდან 4-ზე. ეს სინთეზური საღებავებია, რომელთა გამოყენებაც სურსათში დაუშვებელია. საქართველოში მოქმედებს საკვებდანამატების შესახებ 585-ე დადგენილება, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომელი საღებავებისა და საკვებდანამატების გამოყენებაა ნებადართული. მათ შორის, რა თქმა უნდა, სუდანის ჯგუფის საღებავები არ არის.

ამ ნივთიერებების შესახებ კვლევები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩატარდა და დადგინდა, რომ სუდანის ჯგუფის საღებავებს ადამიანის ორგანიზმზე მავნე, მათ შორის კანცეროგენული მოქმედება აქვს. ეს სინთეზური აზოსაღებავებია. არსებობს სხვა სინთეზური საღებავებიც, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია, თუმცა სუდანის ჯგუფის საღებავების შემთხვევაში კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მრავალი საფრთხის შექმნა შეუძლიათ. ისინი აზიანებენ არა მხოლოდ შინაგან ორგანოებს, მათ შორის ღვიძლსა და თირკმელებს, არამედ გენომსაც კი ცვლიან. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ზემოქმედება ორსულებისა და ბავშვებისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ნივთიერების ხშირი გამოყენება, ბუნებრივია, მავნე შედეგების რისკს ზრდის.

- საინტერესოა, კონკრეტულად რომელ სანელებლებში აღმოჩნდა ეს საღებავი?

- ყველა იმ სანელებელთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომელსაც მკვეთრი, გამორჩეული და არაბუნებრივი წითელი ფერი აქვს. კარგად ვიცით მეგრული ხასიათი. მაგალითად, დაღერღილი წიწაკა, რომელსაც კერძებში ვიყენებთ, ბუნებრივად გარკვეული შეფერილობისაა, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოყენების შემთხვევაში კი მას შესაძლოა, მკვეთრი, არაბუნებრივი წითელი ფერი ჰქონდეს. მხოლოდ გარეგნული ნიშნებით მისი გარჩევა რთულია, განსაკუთრებით ლაბორატორიული კვლევის გარეშე.

- გემოვნური თვისებებითაც, ალბათ, რთულია მისი ამოცნობა.

- ვერაფერს ვხვდებით. ერთადერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ეს საღებავები ზეთში იხსნება. სახლის პირობებში ჩატარებული ტესტი ზუსტ შედეგს ვერ მოგვცემს, თუმცა, რადგან საღებავი ზეთში ხსნადია, შესაძლოა ზეთში სრულად გაიხსნას და ის მთლიანად შეფეროს. წყალში კი შესაძლოა ზედაპირზე დარჩეს. რა თქმა უნდა, ეს ზუსტი მეთოდი არ არის და მხოლოდ ამ ნიშნით ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტულ პროდუქტში აუცილებლად სუდანის ჯგუფის საღებავია აღმოჩენილი.

არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა შესაძლოა, ასეთი საღებავი იმისთვის გამოიყენოს, რომ გაახალისოს უკვე ვადაგასული ან ბუნებრივად გაფერმკრთალებული სანელებლები და მათ უფრო მიმზიდველი შეფერილობა, სასაქონლო იერსახე მისცეს. ეს ერთდროულად ფალსიფიცირებაცაა.

ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ეტიკეტზე ამ ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ვერ ვიპოვით, რადგან მისი გამოყენება აკრძალულია. სანელებლების მწარმოებლებმა იციან, რომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოყენება დაუშვებელია, ამიტომ მათ ეტიკეტზე არ მიუთითებენ. ეს განსხვავდება იმ დაშვებული სინთეზური საღებავებისგან, რომლებსაც შესაბამისი აღნიშვნა აქვთ.

- როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ, ხშირად ეტიკეტით ვხელმძღვანელობთ და გვგონია, რომ თუ მასზე ჩვენთვის მისაღები ინფორმაციაა დატანილი, პროდუქტი უსაფრთხოა. ანუ ამ შემთხვევაშიც ბოლომდე დაზღვეულები არ ვართ?

- ამ შემთხვევაში დაზღვეულები ნამდვილად არ ვართ, რადგან ეს ისეთი ტიპის ფალსიფიკაციაა, რომლის შესახებაც ეტიკეტზე არაფერია მითითებული და მომხმარებელს ინფორმაციას არავინ აწვდის.

- ანუ ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არაბუნებრივი, მკვეთრი წითელი ფერია?

- არაბუნებრივად მკვეთრმა წითელმა ფერმა შესაძლოა, ეჭვი გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი შეფუთულია, მიკვლევადია და მწარმოებელიც ღიად არის მითითებული, ყველას ვურჩევდი, სანელებელი ვიზუალურად დაათვალიეროს და ეჭვის შემთხვევაში არ გამოიყენოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 44 სხვადასხვა სანელებელი გამოიკვლია და ხუთში ეს სახიფათო ნივთიერება - სუდანის ჯგუფის საღებავი - აღმოაჩინა. ოფიციალურად გამოქვეყნებულია შესაბამისი პროდუქციის პარტიებისა და მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია. მათ შორის ერთი თურქული წარმოებისაა, დანარჩენი კი - ქართული. ეს პარტიები ამოღებულია რეალიზაციიდან. თუ ასეთი პროდუქტი უკვე შეძენილი გვაქვს, არ გამოვიყენოთ.

თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ერთჯერადი გამოყენება აუცილებლად მძიმე შედეგს არ იწვევს, ხოლო ყოველდღიური და მრავალჯერადი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

- მათ, ვინც ეს სანელებლები უკვე შეიძინა და რაციონში ხშირად იყენებდა, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჯანმრთელობას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა მძიმე შედეგები განვითარდეს?

- დიახ, ხანგრძლივ პერიოდში... მაშინაც კი, როდესაც ბაზარში შეძენილი პროდუქტი ოჯახურად დამზადებული ან სამეგრელოდან ჩამოტანილი გვგონია, ყოველთვის ვერ ვიქნებით დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში. შეფუთულ და ეტიკეტირებულ პროდუქტს უფრო ვენდობით. სამეგრელოდან ჩამოტანილი პროდუქტის შეძენაც კარგია, თუ ვიცით, ვის მოაქვს და საიდან არის ის.

თუ პროდუქტს ეტიკეტი აქვს და მწარმოებლის მიკვლევადობა შესაძლებელია, უფრო მშვიდად ვიქნებით. ეს საღებავები შესაძლოა, ტყემალშიც, სოუსებსა და ტომატ-პასტაშიც აღმოჩნდეს. თუ აჯიკის მომზადებას გადავწყვეტთ და წითელ დაფქვილ წიწაკას გამოვიყენებთ, აუცილებლად სანდო მწარმოებლის პროდუქტი უნდა შევარჩიოთ, რომლის ხარისხიც შემოწმებულია.

ჩემ მიერ ნახსენები ტესტი ზუსტი არ არის, თუმცა საერთო სურათის დანახვაში მეტ-ნაკლებად დაგვეხმარება. თუ საღებავი ზეთში ხსნადია, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა, ზეთმა შეფერილობა შეიცვალოს.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს და პროდუქტებს იკვლევს. კვლევები ტარდება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საზღვარზეც, შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებების მიერ.

- არსებობს თუ არა განსაკუთრებული რისკი ორსულებისთვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის?

- ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებით დიდი რისკი ორსულებს ემუქრებათ, რადგან ამ ნივთიერებებმა შესაძლოა, ნაყოფის განვითარების დარღვევები გამოიწვიოს. სუდანის ჯგუფის სინთეზური საღებავები მუდმივი გამოყენებისას ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომ ხდება მსოფლიოში არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების პროდუქციის მუდმივი შემოწმება.

ეს საღებავები ძირითადად პლასტმასისა და ტექსტილის შესაღებად გამოიყენება, ამიტომ მათი სურსათში გამოყენება აბსოლუტურად დაუშვებელია.

მინდა, მივმართო ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც შესაძლოა ბოლომდე არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ამ ნივთიერებების საშიშროება, და ვთხოვო, ჩვენს გენოფონდს დამატებითი საფრთხე არ შეუქმნან.

ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში იყო ცნობილი, რომ ასეთი ტიპის საღებავები ზრდის კიბოს განვითარების რისკს და აზიანებს შინაგან ორგანოებს, მათ შორის ღვიძლსა და თირკმელებს.

- რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც ამ სანელებლებს ყოველდღიურად იყენებს? რა უნდა გაითვალისწინონ პროდუქტის შერჩევისას?

- პირველ რიგში, პროდუქტი კონტროლირებად გარემოში უნდა შევიძინოთ, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო ხარისხს რეგულარულად ამოწმებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 44 შემოწმებულიდან, 5 უკვე მაღალი რიცხვია. შემოწმების შედეგად გამოვლენილი მონაცემები საჯაროა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ერთი შეხედვით უსაფრთხოდ შეიძლება, გამოიყურებოდეს, შეიძინონ მხოლოდ ისეთი სანელებელი, რომელიც კონტროლირებადია და რომელიც ოფიციალურად იყიდება.