წვრილი ნაწლავის კვლევა მინიატურული ვიდეოკამერით - ენდოკაფსულური მეთოდის უპირატესობები - მშობლები

წვრილი ნაწლავის კვლევა მინიატურული ვიდეოკამერით - ენდოკაფსულური მეთოდის უპირატესობები

2026-10-30 11:32:40+04:00

წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა ანუ ვიდეოკაფსულური ენდოსკოპია არის არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტი ყლაპავს ვიტამინის ტაბლეტის ზომის კაფსულას. კაფსულის შიგნით მოთავსებულია მინიატურული ვიდეოკამერა, სინათლის წყარო და ბატარეა. ის ბუნებრივი პერისტალტიკის ძალით მიემართება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და რამდენიმე საათის განმავლობაში იღებს ათასობით ფოტოსურათს, რომლებიც უსადენოდ გადაიცემა პაციენტის სხეულზე მიმაგრებულ სენსორებსა და პატარა ჩამწერ მოწყობილობაში.

პროცედურის შესახებ დეტალურად გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“, ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ენდოსკოპისტი ზანდა კუტივაძე გვესაუბრება.

რისი დადგენა ხდება კვლევის დროს, კონკრეტულად რა ინფორმაციას გვაძლევს ის?

წვრილი ნაწლავი დაახლოებით 5–6 მეტრი სიგრძისაა და ჩვეულებრივი გასტროსკოპიითა და კოლონოსკოპიით მისი უდიდესი ნაწილი ხელმისაწვდომი არ არის. კაფსულური კვლევა გვაძლევს ამ მონაკვეთის ლორწოვანი გარსის უშუალო, მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციის საშუალებას. კვლევით შესაძლებელია დავადგინოთ:

  • სისხლდენის წყარო (წყლულები, ეროზიები);
  • ანთებითი ცვლილებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრონის დაავადების დროს;
  • წვრილი ნაწლავის სიმსივნეები, პოლიპები, სუბმუკოზური წარმონაქმნები და დივერტიკულები;
  • ლორწოვანის ატროფიული ცვლილებები (მაგალითად, ცელიაკიის დროს);
  • სისხლძარღვოვანი დაზიანებები (ანგიოექტაზიები) და სხვა სტრუქტურული ცვლილებები.

შედეგად ექიმი იღებს ვიდეოჩანაწერს, რომელსაც დეტალურად აანალიზებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.

როგორ ტარდება პროცედურა? სჭირდება თუ არა სპეციალური მომზადება?

პროცედურა ამბულატორიულია, ანესთეზია არ სჭირდება და ტკივილს არ იწვევს. პაციენტი მოდის უზმოზე, მუცლის არეში ემაგრება ჩამწერი მოწყობილობა, შემდეგ კი წყლის თანხლებით ყლაპავს კაფსულას. ამის შემდეგ ის შეიძლება დაბრუნდეს სახლში და საკუთარ რეჟიმში გააგრძელოს დღე ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პროცედურისთვის მომზადება აუცილებელია, რადგან ხარისხიანი შედეგი ნაწლავის სისუფთავეზეა დამოკიდებული. წინა დღეს მთელი დღის განმავლობაში ინიშნება ნაწლავის გამწმენდი პრეპარატი, რომლის დოზასა და სქემას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. კვლევამდე 24 საათით ადრე პაციენტი აღარ იღებს ღია ფერის წვენებს და წყალს. რკინის პრეპარატების მიღება რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს, რადგან ისინი ნაწლავის შიგთავსს აშავებს და ვიზუალიზაციას აფერხებს.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა წინასწარ აცნობოს ექიმს მიმდინარე მედიკამენტების, წინა ოპერაციებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რამდენი ხანი გრძელდება კვლევა და ამ პერიოდის განმავლობაში რა წესები უნდა დაიცვას პაციენტმა?

კაფსულის ბატარეა საშუალოდ 10-12 საათს მუშაობს, ამიტომ ჩამწერი მოწყობილობა პაციენტს დაახლოებით ამ ხნით უკეთია. ამ დროის განმავლობაში ის თავისუფლად გადაადგილდება და შეუძლია შეასრულოს ჩვეულებრივი, მსუბუქი ყოველდღიური აქტივობები. კაფსულა კი ბუნებრივი გზით, როგორც წესი, 24–72 საათის განმავლობაში გამოიყოფა.

პაციენტმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

  • ჩამწერი მოწყობილობა კვლევის დასრულებამდე არ მოიხსნას და არ მოხდეს მათი დაზიანება;
  • წყლის და საკვების მიღება მხოლოდ ექიმის მიერ მითითებულ დროს (როგორც წესი, წყალი — კაფსულის გადაყლაპვიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ, მსუბუქი საკვები — დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ);
  • თავიდან უნდა იქნას აცილებული ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, მკვეთრი მოძრაობები და ისეთი ადგილები, სადაც ძლიერი ელექტრომაგნიტური ველებია;
  • კვლევის პერიოდსა და კაფსულის გამოყოფამდე აკრძალულია მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (MRI);
  • თუ კაფსულის გამოსვლა ვერ დაფიქსირდა, ან პაციენტს აღენიშნება მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი დაკავშირება;
  • ჩამწერი მოწყობილობის დაბრუნების შემდეგ ექიმი ჩანაწერს აანალიზებს და გასცემს დასკვნას.

რა შემთხვევაში ინიშნება წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა?

კვლევა ინიშნება მაშინ, როცა საეჭვოა წვრილი ნაწლავის დაავადება, ხოლო გასტროსკოპიითა და კოლონოსკოპიით მიზეზი ვერ დგინდება. ძირითადი ჩვენებებია:

  • დაუდგენელი წარმოშობის სისხლდენა (ფარული ან აშკარა), როდესაც ზედა და ქვედა ენდოსკოპიით წყარო არ ჩანს;
  • რკინადეფიციტური ანემია გაურკვეველი მიზეზით;
  • კრონის დაავადების საეჭვო შემთხვევები, ასევე დიაგნოზის დაზუსტება, დაავადების გავრცელების შეფასება და მკურნალობის ეფექტის მონიტორინგი;
  • წვრილი ნაწლავის სიმსივნეები და პოლიპოზური სინდრომები (მაგალითად, პეიტც–იეგერსის სინდრომი), მათ შორის დინამიკური მეთვალყურეობა;
  • ცელიაკია, განსაკუთრებით არატიპური ან მკურნალობაზე რეზისტენტული ფორმები და გართულებების გამორიცხვა;
  • გაურკვეველი ქრონიკული მუცლის ტკივილი, ხანგრძლივი დიარეა ან წონაში კლება, როცა სხვა კვლევები ინფორმაციულ პასუხს არ იძლევა;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული ენტეროპათიის შეფასება.

რა უპირატესობა აქვს ენდოკაფსულურ კვლევას წვრილი ნაწლავის შეფასების სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით?

ენდოკაფსულური კვლევის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი არაინვაზიურობა და პაციენტისთვის კომფორტულია. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას, სედაციას ან ენდოსკოპის შეყვანას. კვლევა ამბულატორიულად ტარდება, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, პროცედურის დასრულების შემდეგ მალევე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წვრილი ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერების შესაძლებლობაა. ორმაგბალონიანი ენტეროსკოპიისგან განსხვავებით, რომელიც უფრო ინვაზიური და ხანგრძლივი პროცედურაა და ხშირად ანესთეზიას საჭიროებს, კაფსულა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბუნებრივად გადაადგილდება და, როგორც წესი, წვრილი ნაწლავის დათვალიერების საშუალებას ერთ კვლევაში იძლევა.

ენდოკაფსულური კვლევა განსაკუთრებით ინფორმაციულია ლორწოვანის მცირე ზომის და ადრეული დაზიანებების გამოსავლენად. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ენტეროგრაფია ძირითადად ნაწლავის კედელსა და მის გარშემო მდებარე სტრუქტურებს აფასებს, კაფსულური ენდოსკოპია კი უშუალოდ ლორწოვანის ზედაპირის დეტალურ დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. ამ გზით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების აღმოჩენა, როგორიცაა მცირე ეროზიები, წყლულები და სისხლძარღვოვანი დაზიანებები. ამასთან, კვლევა არ იყენებს მაიონებელ გამოსხივებას.

ენდოკაფსულურ კვლევას მნიშვნელოვანი როლი აქვს გაურკვეველი წარმოშობის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მიზეზის დადგენაშიც. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში მისი დიაგნოსტიკური შედეგიანობა დაახლოებით 50–70%-ს აღწევს. მიღებული ინფორმაცია ექიმს ეხმარება სისხლდენის წყაროს გამოვლენასა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში.

მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე ვიდეოკაფსულური კვლევების მიმართულებით

„ნიუ ჰოსპიტალსში“ წვრილი ნაწლავის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა კომპლექსურად, მულტიდისციპლინური მიდგომით ხორციელდება. პაციენტს სჭირდება ერთ სივრცეში მიიღოს როგორც წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულური კვლევა, ისე ყველა დამატებითი გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა:

  • გასტროენტეროლოგიისა და ენდოსკოპიის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კვლევის ჩვენებას განსაზღვრავენ, პაციენტს ამზადებენ და ჩანაწერს აანალიზებენ;
  • დამატებითი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები: ლაბორატორია, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ჩვეულებრივი ენდოსკოპიური კვლევები;
  • კვლევის შედეგად აღმოჩენილი პათოლოგიის შემთხვევაში — მიმართულებების (გასტროენტეროლოგია, ქირურგია, ონკოლოგია, რადიოლოგია) კოორდინირებული მუშაობა და მკურნალობის გეგმის სწრაფად შედგენა;
  • ინდივიდუალური კონსულტაცია კვლევამდე და მის შემდეგ, პაციენტისთვის გასაგებად ახსნილი შედეგებით.

კვლევას აქვს თუ არა რამე ტიპის გვერდითი მოვლენები? ან თუ აქვს შეზღუდვები, რომლის დროსაც ჩატარება ვერ ხერხდება?

ენდოკაფსულური კვლევა ზოგადად უსაფრთხო პროცედურაა და გვერდითი მოვლენები იშვიათია. კვლევა, როგორც წესი, ტკივილს არ იწვევს. ზოგჯერ შესაძლოა გადაყლაპვისას მცირე დისკომფორტი ან ნაწლავის გამწმენდი ხსნარის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (გულისრევა, მუცლის შებერილობა) გამოვლინდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებაა კაფსულის რეტენცია, ანუ კაფსულის ნაწლავში გაჩერება, რაც ხშირად ნაწლავის სტენოზის დროს ვითარდება. საერთო პოპულაციაში ის დაახლოებით 1–2%-ში გვხვდება, ხოლო კრონის დაავადების ან ცნობილი სტენოზის დროს რისკი უფრო მაღალია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მედიკამენტური თერაპია, ენდოსკოპიური ამოღება ან, იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.

კვლევა არ ტარდება ან დიდი სიფრთხილით ტარდება შემდეგ შემთხვევებში: ნაწლავის ცნობილი ან საეჭვო გაუვალობა, მნიშვნელოვანი სტენოზი ან ფისტულა, გადაყლაპვის მძიმე დარღვევა (მიასთენია) ან საყლაპავის სტენოზი, ორსულობა (უსაფრთხოების საკმარისი მონაცემები არ არსებობს), მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ გამოხატული შეხორცებები, კუჭის მნიშვნელოვანი ატონია/გასტროპარეზი, პაციენტის მიერ ნაწლავის მომზადების ან მითითებების დაცვის შეუძლებლობა.

თუ რომელიმე ჩამოთვლილი ფაქტორი არსებობს, ექიმი ირჩევს ალტერნატიულ კვლევას. საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურია და პაციენტის სრულ გასინჯვასა და გამოკვლევებს ეფუძნება.

R