წელს, "თბილისის წიგნის დღეებზე" "პალიტრა L-მა" მკითხველს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა - წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული სწორედ გამომცემლობის 21 წლის იუბილეს დაემთხვა, ამიტომ წიგნებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ. ასევე გელოდებათ სიახლეები როგორც "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, ასევე "პალიტრა L-ის" ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
"თბილისის წიგნის დღეები" "ექსპო ჯორჯიაში" 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გიმასპინძლებთ. წელს, გამომცემლობამ მკითხველთა ფართო წრეებისთვის მოამზადა კატალოგი, რომელიც მოიცავს მსოფლიო ბესტსელერებსა და მხატვრულ პროზას, დოკუმენტურ პროზასა და ეროვნულ თემატიკაზე შექმნილ წიგნებს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას, ბიზნესლიტერატურას თვითგანვითარებისა და ბიზნესისთვის და სხვა.
სწორედ სპეციალური საფესტივალო და საიუბილეო პირობის ფარგლებში გთავაზობთ ფასდაკლებულ წიგნებს, რომლებსაც 70 -ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:

ანა გავალდას "მე ის მიყვარდა" არის ემოციებითა და ცხოვრებისეული ისტორიებით სავსე რომანი, რომელიც რეალისტურად გვიამბობს ადამიანური ურთიერთობების სიმყიფისა და რთული ბუნების შესახებ. სიუჟეტის მთავარი მოქმედი გმირი არის ქლოე, რომელიც ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, ხოლო მისი მთავარი ნუგეში მოულოდნელად ხდება მამამთილი, ადამიანი, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და შეცდომების საფუძველზე უზიარებს მას გულწრფელ რჩევებს.
ფრანგი მწერლის გამორჩეული, მსუბუქი და გულახდილი წერის სტილი მკითხველს დააფიქრებს იმაზე, რომ ყველაზე კრიზისული ვითარებიდანაც არსებობს გამოსავალი და ცხოვრება გრძელდება.
აგენტი სტიჩი - ხიფათი სავაჭრო ცენტრში
სტივ ბელინგის "აგენტი სტიჩი - ხიფათი სავაჭრო ცენტრში" არის დინამიკური და იუმორით სავსე საბავშვო დეტექტივი, რომელიც 8-დან 12 წლის ასაკამდე მკითხველისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ზრდასრულებიც ხალისით წაიკითხავენ. პარიზისა და ნიუ-იორკის გადარჩენის შემდეგ, გალაქტიკური საგამოძიებო ბიუროს გამორჩეული აგენტი სტიჩი ამჯერად სეულში მიემგზავრება, სადაც ლოკოპლანეტელებისა და კბილანოიდების საიდუმლო გეგმები უნდა გამოააშკარავოს. ორმაგი აგენტების, იდუმალი მოწინააღმდეგეებისა და მოულოდნელი დაბრკოლებების პირისპირ, სტიჩსა და მის მეგობრებს არა მხოლოდ დეტექტიური ოსტატობა და გუნდურობა, არამედ ცეკვის ილეთების ცოდნაც კი დასჭირდებათ!
ეს წიგნი პატარა მკითხველს დროს სახალისოდ და საინტერესო გაატარებინებს.
ტოშიკაძუ კავაგუჩი - სანამ ყავა გაცივდება
მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში "სანამ ყავა გაცივდება". რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყება, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.
შტეფან ცვაიგი - უცნობი ქალის წერილი
"უცნობი ქალის წერილი" მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია - ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია.
ელისაბედ რუდნიკის "მოანა 2" არის სათავგადასავლო და შთამაგონებელი საბავშვო წიგნი, რომელიც პატარა მკითხველებს საყვარელ გმირთან ერთად ახალ, საინტერესო მოგზაურობაში ეპატიჟება. უშიშარი მოანა პატივს სცემს თავის ხალხს, წინაპრებსა და კუნძულის ტრადიციებს და თამამად მიდის კუნძულის საპოვნელად, რათა თავისი ხალხი გააერთიანოს. იმის მიუხედავად, რომ ეს მისია წარსულში მის დიდ წინაპრებს, გზამკვლევებს უნდა შეესრულებინათ, თუმცა ვერ შეძლეს, მოანას გამოუვიდა!
ეს წიგნი იდეალურია პატარა მკითხველისთვის, რადგან სავსეა თავგადასავლებით, გვხვდება მამაცი არქეტიპები და ზღაპრული ამბები.
"პენელოპიადა" უძველესი მითის ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს იმ ეპოქაში, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცებს ეკუთვნოდათ. მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ისტორია სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგება. წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურის სახითაა წარმოდგენილი - ჰადესიდან ის გვიამბობს თავის ბავშვობასა და ქორწინებაზე. ლეგენდარული ოდისევსის სახე ამჯერად არა ჰომეროსის, არამედ პენელოპეს - ქალის თვალითაა დანახული. მკითხველი ეცნობა იმ მძიმე ოცწლიან მოლოდინს, რაც პენელოპემ მეუღლის დაბრუნებას დაუთმო, და იმ სირთულეებს, რაც ამ პერიოდში გამოიარა. ეს წიგნი ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და მოვლენების სრულიად ახალი ხედვით წარდგენას ცდილობს - საბოლოოდ კი, მკითხველის გადასაწყვეტია, ამ ხედვამ შეცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება მითის მიმართ.
არ გამოტოვოთ "პალიტრა L"-ის შეთავაზებები თბილისის წიგნის დღეებზე ან გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში და მოიწყეთ ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული!
R