ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილას, ულურუს კლდის მახლობლად, ცხრა კვირის გოგონა გაუჩინარდა. დედა ამტკიცებდა, რომ ბავშვი კარვიდან დინგომ - ავსტრალიაში გავრცელებულმა გარეულმა ძაღლმა - გაიტაცა. შემთხვევა დიდი ხნის წინ,1980 წლის 17 აგვისტოს მოხდა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ 32 წლის შემდეგ გაირკვა.
თავდაპირველად დედის მონათხრობი ოფიციალურმა გამოძიებამაც დაადასტურა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ქალი მკვლელად გამოაცხადეს, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, საზოგადოებამ კი მის წინააღმდეგ სასტიკი კამპანია წამოიწყო.
ლინდი ჩემბერლენმა ციხეში სამ წელზე მეტი გაატარა. მის წინააღმდეგ გამოყენებული მნიშვნელოვანი სამხილები მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდა. საბოლოოდ, 2012 წელს, ბავშვის გაუჩინარებიდან თითქმის 32 წლის შემდეგ, ოფიციალურად დადგინდა, რომ პატარა აზარია ნამდვილად დინგოს თავდასხმას ემსხვერპლა.
ეს საქმე ავსტრალიის ისტორიაში სასამართლო შეცდომის, არასწორი ექსპერტიზისა და საზოგადოებრივი წინასწარგანწყობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითად დარჩა.
1980 წლის აგვისტოში ლინდი და მაიკლ ჩემბერლენები სამ შვილთან ერთად ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მოგზაურობდნენ. მათ ორი ვაჟი — ეიდანი და რეიგანი — და ცხრა კვირის ქალიშვილი, აზარია ჰყავდათ.
ოჯახი 16 აგვისტოს ულურუსთან დაბანაკდა. მომდევნო დღე ბუნების დათვალიერებაში გაატარეს, საღამოს კი სხვა დამსვენებლებთან ერთად შეიკრიბნენ.
ლინდიმ პატარა აზარია და მისი ძმა კარავში დააძინა, თავად კი რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფებს შეუერთდა.
დაახლოებით საღამოს რვა საათზე ბავშვის ტირილი გაისმა. როდესაც დედა კარავთან მივიდა, დაინახა დინგო, რომელიც კარვიდან გამოდიოდა.
ლინდი მაშინვე შევარდა შიგნით, მაგრამ ბავშვი იქ აღარ დახვდა.
სწორედ მაშინ გაისმა მისი სასოწარკვეთილი შეძახილი, რომელიც მოგვიანებით მთელმა ავსტრალიამ გაიგო:
„დინგომ ჩემი ბავშვი წაიყვანა!“
დამსვენებლებმა ბავშვის ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ, თუმცა გოგონა ვერსად იპოვეს.
ერთი კვირის შემდეგ, კლდეებს შორის, ბანაკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბავშვის სისხლიანი ტანსაცმელი აღმოაჩინეს. თავად აზარიას ცხედარი არასოდეს უპოვიათ.

თავდაპირველი სასამართლო-სამედიცინო გამოძიება 1981 წლის თებერვალში დასრულდა. გამომძიებელმა მოსამართლემ დენის ბარიტმა დაასკვნა, რომ აზარია გარეული დინგოს თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
თითქოს ოჯახისთვის ყველაზე მძიმე ეჭვი გაქარწყლდა, მაგრამ პოლიციისა და ზოგიერთი ექსპერტის ნაწილს ეს დასკვნა არ აკმაყოფილებდა.
საზოგადოებაში უკვე ვრცელდებოდა ჭორები, რომ დედა რაღაცას მალავდა.
ეჭვის მიზეზად ლინდის ქცევასაც ასახელებდნენ. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნდა, რომ იგი ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა და შვილის დაკარგვის შემდეგ ისე არ გლოვობდა, როგორც დედას „შეეფერებოდა“.
ეჭვები ოჯახის რელიგიურმა კუთვნილებამაც გაამძაფრა. ჩემბერლენების ოჯახი პროტესტანტული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მიმდინარეობას — მეშვიდე დღის ადვენტისტებს — მიეკუთვნებოდა. მაიკლი ამ ეკლესიის სასულიერო პირი იყო. ოჯახის რელიგიური კუთვნილება საზოგადოებაში უსაფუძვლო ეჭვებისა და ჭორების გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბავშვის შავმა კაბამაც, რომელიც წითელი დეტალებით იყო გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ტანსაცმელი იყო, გაჩნდა დაუსაბუთებელი მოსაზრებები, თითქოს შავი ფერი რაიმე ბნელ რიტუალზე მიუთითებდა.
დედის გარეგნობა, ემოციური რეაქციები და რელიგიური კუთვნილება თანდათან იქცა საზოგადოებრივი განსჯის საგნად, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოებები მკვლელობის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
საქმეში ახალი ექსპერტები ჩაერთნენ. ბავშვის ტანსაცმელი დამატებით შეისწავლეს, პოლიციამ ოჯახში ჩხრეკაც ჩაატარა.
1981 წელს პირველი გამოძიების დასკვნა გაუქმდა და ახალი განხილვა დაინიშნა.
1982 წლის თებერვალში უკვე სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს: ლინდი ჩემბერლენი საკუთარი ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებით უნდა გასამართლებულიყო, მისი მეუღლე მაიკლი კი — დანაშაულის შემდეგ დახმარების გაწევისთვის.
პროკურატურის ვერსიით, დედამ ბავშვი ოჯახის ავტომობილში მოკლა, შემდეგ ცხედარი დამალა, მოგვიანებით კი მეუღლესთან ერთად მოიშორა.
ამ ვერსიის დასადასტურებლად პროკურატურამ რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო დასკვნა გამოიყენა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ავტომობილში აღმოჩენილი ლაქები. ექსპერტიზის მიხედვით, მანქანის წინა ნაწილში არსებული კვალი ბავშვის სისხლს უკავშირდებოდა.
პროკურატურისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილის პანელის ქვეშ აღმოჩენილი ნივთიერება სინამდვილეში ქარხნულად გამოყენებული ხმაურის დამხშობი მასალა იყო და არა სისხლი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანაკში მყოფი სხვა დამსვენებლების ჩვენებები ჩემბერლენების მონათხრობს ამყარებდა. აბორიგენი კვალმძებნებიც ადასტურებდნენ გარემოებებს, რომლებიც დინგოს მონაწილეობაზე მიუთითებდა.
პარკის რეინჯერებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე ბავშვებზე დინგოების თავდასხმის შემთხვევები მანამდეც ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ბრალდების ვერსიამ გაიმარჯვა.

სასამართლო პროცესი 1982 წლის 13 სექტემბერს დაიწყო და 29 ოქტომბერს დასრულდა.
მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს მოვლენებს. სასამართლოს შენობასთან იყიდებოდა საქმესთან დაკავშირებული სუვენირები და მაისურებიც კი.
29 ოქტომბერს ლინდი ჩემბერლენი საკუთარი შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მის მეუღლეს 18-თვიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
იმ პერიოდში ლინდი ორსულად იყო.
1982 წლის ნოემბერში, უკვე პატიმრობაში ყოფნისას, მან ქალიშვილი კალია გააჩინა. ჩვილი დედას დაბადების შემდეგ დააშორეს.
ქალმა დაკარგა აზარია, თავისუფლება და ახალშობილ შვილთან ცხოვრების შესაძლებლობაც.
ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას ცდილობდა, თუმცა 1983 და 1984 წლებში შეტანილი საჩივრები უშედეგოდ დასრულდა.
საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აზარიას ტანსაცმელს უკავშირდებოდა.
ლინდი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ გაუჩინარების ღამეს ბავშვს პატარა ზედა ქურთუკი ეცვა.
მაგრამ როდესაც აზარიას დანარჩენი ტანსაცმელი იპოვეს, ქურთუკი მათ შორის არ აღმოჩნდა.
პროკურატურამ ეს გარემოება დედის წინააღმდეგ გამოიყენა. ბრალდების მხარე ვარაუდობდა, რომ ლინდი ქურთუკის შესახებ იტყუებოდა.
1986 წელს კი სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.
ბრიტანელი მოგზაური დევიდ ბრეტი ულურუს კლდიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. როდესაც მაშველები მის ცხედარს ეძებდნენ, კლდის ძირში პატარა, ლაქებიანი ქურთუკიც აღმოაჩინეს.
ეს აზარია ჩემბერლენის დაკარგული ქურთუკი აღმოჩნდა.
ნივთი, რომლის არსებობასაც დედა წლების განმავლობაში ამტკიცებდა და რომლის შესახებ მის ნათქვამსაც ბრალდება ტყუილად მიიჩნევდა, ნამდვილად არსებობდა.
აღმოჩენამ ლინდის მონათხრობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაადასტურა და საქმის ხელახალი გადახედვის საფუძველი გააძლიერა.
1986 წლის 7 თებერვალს ლინდი ციხიდან გაათავისუფლეს. მას პატიმრობაში სამ წელზე მეტი ჰქონდა გატარებული.

ლინდის გათავისუფლების შემდეგ საქმეზე სპეციალური სამეფო კომისია მუშაობდა, რომელსაც მოსამართლე ტრევორ მორლინგი ხელმძღვანელობდა.
გამოძიებამ სასამართლო პროცესისას გამოყენებული ექსპერტიზები და მტკიცებულებები ხელახლა შეაფასა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილში აღმოჩენილ სავარაუდო სისხლის კვალს, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მტკიცებულებად იყენებდა და რომელიც სისხლი არ აღმოჩნდა.
კომისიამ სერიოზული ეჭვები გამოთქვა გამამტყუნებელი განაჩენების სისწორეზე.
1988 წლის 15 სექტემბერს სასამართლომ ლინდისა და მაიკლის გამამტყუნებელი განაჩენები გააუქმა.
ქალი, რომელსაც საკუთარი ჩვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ოფიციალურად გათავისუფლდა ამ ბრალდებისგან.
1992 წელს ოჯახს კომპენსაციის სახით 1,3 მილიონი ავსტრალიური დოლარი გადაუხადეს.
თუმცა ერთი საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა: მიუხედავად იმისა, რომ მშობლები უდანაშაულოდ ცნეს, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად დადგენილი.
1995 წელს მესამე სასამართლო-სამედიცინო გამოძიებამ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი კვლავ დაუდგენლად დატოვა.
მხოლოდ 2012 წელს, მეოთხე გამოძიების შედეგად, მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება.
12 ივნისს გამომძიებელმა მოსამართლემ ელიზაბეთ მორისმა დაადგინა, რომ აზარია ჩემბერლენი დინგოს თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მან ხელახლა შეისწავლა კარავთან აღმოჩენილი ცხოველის ნაკვალევი, ბავშვის ტანსაცმელზე ნაპოვნი ბეწვი, ქვიშა და მცენარეების ნარჩენები, ასევე თვითმხილველთა ჩვენებები. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ შემდგომ წლებში ავსტრალიაში დინგოების მიერ ბავშვებზე თავდასხმების, მათ შორის სასიკვდილო შემთხვევების, ფაქტები დადასტურდა. მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შემდეგ მოსამართლემ დაასკვნა, რომ აზარია ჩემბერლენი მართლაც დინგომ გაიტაცა და მოკლა.
ბავშვის გარდაცვალების მოწმობაშიც ოფიციალურად ჩაიწერა შესაბამისი მიზეზი.
ასე დასრულდა სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც თითქმის 32 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
აზარია ჩემბერლენის ცხედარი არასოდეს უპოვიათ.
ლინდისა და მაიკლის ქორწინება ამ მძიმე მოვლენების შემდეგ ვერ შენარჩუნდა. ისინი 1991 წელს განქორწინდნენ.
მოგვიანებით ორივემ ახალი ოჯახი შექმნა.
მაიკლ ჩემბერლენი 2017 წლის იანვარში, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლინდი ჩემბერლენ-კრეიტონი წლების განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოებრივ განხილვებში და საკუთარი ოჯახის ისტორიის დოკუმენტირებაში. ავსტრალიის ეროვნულ მუზეუმში ინახება ჩემბერლენების საქმესთან დაკავშირებული ასობით ნივთი, მათ შორის ბავშვის ტანსაცმელი, სასამართლო პროცესის ნახატები და ოჯახის ავტომობილი.